Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის საკითხზე ახალი რეზოლუციის მიღებას მსოფლიოს ლიდერები მაღალ შეფასებას აძლევენ


სამშაბათს გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც ერაყში ხელისუფლების დროებითი მთავრობისთვის გადაცემას ითვალისწინებს.

ამასთანავე, დოკუმენტი უფლებამოსილებას ანიჭებს საერთაშორისო კოალიციის სამხედრო ძალებს, ერაყში დარჩნენ და ადგილობრივ ლიდერებთან შეთანხმებით უსაფრთხოების განმტკიცებაზე იზრუნონ.

დოკუმენტის მიღებას მხარი დაუჭირა უშიშროების საბჭოს 15-ვე წევრმა, რასაც ექსპერტები იმით ხსნიან, რომ რეზოლუციის ტექსტის ავტორებმა - შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა - ყურად იღეს საბჭოს სხვა წევრების შენიშვნები თუ მოსაზრებები და ზოგიერთ საკითხში დათმობაზე წავიდნენ.

მაგალითად, ტექსტში შეტანილ იქნა მუხლი, რომელიც განსაზღვრავს ერაყში მრავალეროვანი სამხედრო ძალების მოქმედების ვადას. კოალიციის ძალები ქვეყანას 2006 წლის იანვრისთვის დატოვებენ, ანუ მას შემდეგ, რაც ერაყში საქმიანობას შეუდგება მუდმივმოქმედი მთავრობა.

რეზოლუციაში ასევე დამატებით შეიტანეს ფრაზა იმის შესახებ, რომ ერაყს უფლება აქვს, კოალიციის ძალებისთვის მანდატის უფრო ადრე ჩამორთმევაც მოითხოვოს. არის კიდევ ერთი დამატება, რომლის შეტანას რეზოლუციის ტექსტში უშიშროების საბჭოს რამდენიმე წევრი ითხოვდა. ამ დამატების თანახმად, ერაყის შეიარაღებული ძალები უშუალოდ ერაყელ მეთაურებს დაექვემდებარება.

გაეროში საფრანგეთის ელჩმა ჟან-მარკ დე ლა საბლიერმა მაღალი შეფასება მისცა მოლაპარაკების პროცესს და აღნიშნა, რომ რეზოლუციის მიღება უთუოდ წაადგება ერაყელ ხალხს.

[ჟან-მარკ დე ლა საბლიერის ხმა] "ეს უაღრესად მნიშვნელოვანი იყო; აუცილებელია, რომ პოლიტიკური პროცესების წარმმართველი ერაყელი ხალხი იყოს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო მმართველობის გადაცემის საკითხის მოგვარებაც, რადგან ერაყელი ხალხი მთავრობას თავის მთავრობად უნდა აღიქვამდეს. ერაყელებმა უნდა დაინახონ, რომ ოკუპაცია დამთავრდა."

გაეროში საფრანგეთის ელჩთან შედარებით, ნაკლებად ენთუზიასტური იყო უშიშროების საბჭოს ერთადერთი არაბი წევრის - ალჟირის წარმომადგენლის, აბდალა ბაალის შეფასება, რომლის თანახმად, რეზოლუცია სრულყოფილი არ არის. თუმცა, გაეროში ალჟირის ელჩი აღიარებს, რომ არსებულ ვითარებაში ამ დოკუმენტის მიღება საუკეთესო გამოსავალი იყო:

[აბდალა ბაალის ხმა] "ეს კარგად გაწონასწორებული ტექსტია, რომელიც, სხვა სიკეთესთან ერთად, ერთმანეთს უხამებს ორ უკიდურესობას: ერაყის სუვერენობის კონცეფციას (სუვერენობისა, რომელიც მთლიანად და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე უნდა აღდგეს) და ერაყის მიწაზე ეფექტიანი და ქმედითუნარიანი მრავალეროვანი ძალის შენარჩუნების აუცილებლობას."

ერაყის ახალი მთავრობა იმედოვნებს, რომ გაეროს მხარდაჭერა მას ავტორიტეტს გაუზრდის არა მარტო თავად ერაყელებს შორის, არამედ მთლიანად, რეგიონში. ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოშიარ ზებარის თქმით, ახალი რეზოლუცია ახალ კაბინეტს უთუოდ დაეხმარება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში.

ერაყელთათვის "ტრიუმფულ წარმატებად" შეაფასა რეზოლუციის ერთხმად მიღება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა.

[ჯორჯ ბუშის ხმა] "გაეროს უშიშროების საბჭოში გამართული კენჭისყრა ერაყელი ხალხის დიდი გამარჯვება იყო. საერთაშორისო თანამეგობრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ მხარში ვუდგავართ ერაყელ ხალხს. გაეროს უშიშროების საბჭო მხარს უჭერს დროებით მთავრობას, მხარს უჭერს თავისუფალ არჩევნებს, მხარს უჭერს მრავალეროვან ძალებს."

ჯორჯ ბუშის გარდა, უშიშროების საბჭოში რეზოლუციის ერთხმად მიღებას მიესალმნენ, აგრეთვე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი და მსოფლიოს სხვა ლიდერები.
XS
SM
MD
LG