Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 41 პატიმარი გაიქცა


15 ივნისს, გამთენიისას, გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 41 პატიმარი გაიქცა. პატიმრებმა ციხის კედელს კიბე მიადგეს და ამ გზით დატოვეს ციხის ტერიტორია,

მათ წინააღმდეგობა გაუწია მხოლოდ ერთმა გუშაგმა, რომელიც გაქცევის ორგანიზატორებმა ავტომატური იარაღით ადგილზე მოკლეს. გაქცეულთა შორის მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ექვსი, ეგრეთ წოდებული, რეციდივისტია.

გეგუთის საპატიმროდან გაქცეულმა მსჯავრდებულებმა, რომლებიც 2 ავტომატური იარაღით არიან შეიარაღებულები, დატყვევეს და თან წაიყვანეს ციხის 2 გუშაგი. ადგილზე დარჩენილი გუშაგებიდან სამართალდამცველებმა 3 უკვე დააკავეს, ხოლო დანარჩენების მიმართ საგამოძიებო ქმედებები ხორციელდება.

[ვანო მერაბიშვილის ხმა] "ეს არის თვითონ ადმინისტრაციის, ციხის ადმინისტრაციის, აშკარა გულგრილობა და ზერელე დამოკიდებულება საკუთარი საქმის მიმართ. პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება და რამდენიმე ადამიანი ციხის ადმინისტრაციიდან უკვე დაკავებულია და დღის განმავლობაში რამდენიმე დაკავდება კვლავაც."

ეს იყო უშიშროების მინისტრის ვანო მერაბიშვილის კომენტარი. სამართალდამცველების მიერ ციხის ბადრაგის თანამშრომელთა დაკავებას მათი ოჯახის წევრების უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი პროტესტის გამოხატვას შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისთვის გზის გადაკეტვით შეეცადნენ.

[აქციის მონაწილეთა ხმა]

გეგუთში ცხელ კვალზე ჩავიდა იუსტიციის მინისტრი გიორგი პაპუაშვილიც.

[გიორგი პაპუაშვილის ხმა] "უკვე დაკავებული არის 6 ძებნილი; ჩვენს ოპერატიულ სამსახურებსაც აქვთ ოპერატიული ინფორმაცია; ამასთანავე, ჩვენ კონტროლზე ავიყვანეთ, ჩვენ სხვა კოლონიებში, დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთშიც, რომ არ გადაედოს ეს მშფოთვარე სიტუაცია სხვა ციხე-კოლონიებს."(სტილი დაცულია)

გიორგი პაპუაშვილის მინისტრობის დროს პატიმართა გაქცევა თუ ამბოხის მცდელობა სულაც არ შემცირებულა. პენიტენციალურ სისტემაში ისევ ისეთი ვითარებაა, როგორიც ეს ეგრეთ წოდებულ "ვარდების რევოლუციამდე" იყო. ამის მიზეზებს კარგად იცნობს სახალხო დამცველის რწმუნებული ქეთევან კანდელაკი.

[ქეთევან კანდელაკის ხმა] "ჩემთვის ნათელია, რომ ახალ ხელისუფლებას ახლა ძალიან ბევრი პრობლემები აქვს, მაგრამ, ალბათ, ამ პრობლემისთვისაც უნდა მოიცალოს ხელისუფლებამ, რადგანაც, ძირითადად, სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები ამორტიზებულ შენობებში, ფაქტიურად, ტრიალ მინდორზე არიან. დაცვას როდესაც 60 და 70 ლარი აქვს ხელფასი და იმასაც ვერ აძლევ, ესაა ამ გაქცევის მიზეზი."(სტილი დაცულია)

სანამ გაქცევის მიზეზები უფრო კონკრეტულად გაირკვევა, მანამდე შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები გაქცეულ პატიმართა ძებნას განაგრძობენ.
არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გეგუთის ციხიდან გაქცეულები ქართველი სამართალდამცველებისაგან თავის დახსნას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლით გეგმავდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გაქცეულ პატიმრებს უკან დაბრუნებისთვის 2 დღე მისცა, პარალელურად კი, მათი ძებნის ფართომასშტაბიანი ოპერაცია გრძელდება.
XS
SM
MD
LG