Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნები იწყება


ამერიკის შეერთებული შტატების მიერ "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის განხორციელების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების დახმარებას

დიდი ბრიტანეთის სამხედროები აგრძელებენ. 1 ივლისს საქართველოს ესტუმრა გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების ასეული, რომელიც ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სამხედრო წვრთნებში, სახელწოდებით ”ჯორჯიან ექსპრეს 2004”. მანამდე დიდი ბრიტანეთის სამხედრო ინსტრუქტორთა სხვა ჯგუფმა ქართველ ჯარისკაცებს სამშვიდობო ოპერაციების განხორციელებაც შეასწავლა.

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორებმა 240-მდე ქართველ სამხედრო მოსამსახურეს რამდენიმე კვირის მანძილზე იაღლუჯას სამხედრო პოლიგონზე, კრწანისის სასწავლო ცენტრში, სამშვიდობო მისიის განხორციელების თავისებურებანი შეასწავლეს. საჩხერის მეთექვსმეტე სამთომსროლელი ბატალიონის წევრები, ბათუმის ოცდამეხუთე ბრიგადის შემადგენლობის მცირე ნაწილი და კომანდოსები ბრიტანელმა სამხედროებმა 8 ეტაპად გაწვრთნეს. ეტაპები მოიცავდა ბაზებზე პატრულირების, ავტოტრანსპორტის შემოწმების, საკონტროლო გამშვები პუნქტის მოწყობის, ნაღმის აღმოჩენისა და სხვა სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”ჩვენს სამხედროებს სწორედ ეს ცოდნა აკლდათ. იმავე წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით ვინც მომზადდა, მათ გაიარეს წმინდა საბრძოლო მომზადება. მათ აკლდათ ასეთი სამშვიდობო ელფერის მომზადება და ბრიტანელმა სამხედროებმა მათ ეს მომზადება ჩაუტარეს. მე მგონი, ეს ჩვენებს უნდა გამოადგეთ, იმავე ერაყში ვინც იმყოფება და კიდევ ვინც უნდა გაიგზავნოს, მათ ასეთი ცოდნა გამოადგებათ.” (სტილი დაცულია)

ეს იყო სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი, რომლის ინფორმაციითაც, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ქართველი სამხედროების მივლინებას, ერაყის გარდა, ავღანეთშიც გეგმავს იქ, ნატოს ეგიდით, სამშვიდობო მისიის განსახორციელებლად.

ახლა რაც შეეხება დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთობლივ წვრთნებს. ”ჯორჯიან ექსპრეს 2004”-ის სამხედრო წვრთნები ვაზიანში, მეთერთმეტე ბრიგადის ბაზაზე, და კრწანისის სასწავლო ცენტრში 4 ივლისს დაიწყება და 17 ივლისამდე გასტანს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის ნიკა ლალიაშვილის განცხადებით, ერთობლივ წვრთნებში, ქართველებთან ერთად, 160-ზე მეტი ბრიტანელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას:

[ნიკა ლალიაშვილის ხმა] ”ჰგონიათ, რომ ეს არის ჯიტეპის მსგავსი წვრთნები. მაგრამ აქ თვისობრივი სხვაობაა. ჯიტეპში ინსტრუქტორები ჩამოვიდნენ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასწავლიდნენ და ამზადებდნენ ქართულ შეიარაღებულ ძალებს. აქ სულ სხვა სპეციფიკაა. აქ ჩამოდიან არა ინსტრუქტორები, არამედ ჩამოდიან თვითონ წვრთნის მონაწილენი, რომლებიც ჩვენთან ერთად გაივლიან წვრთნას. ეს ერთობლივი წვრთნაა.”

ნიკა ლალიაშვილს გაუჭირდა არაოფიციალური ინფორმაციის დადასტურება იმის თაობაზე, თითქოსდა დაგეგმილი იყოს ბრიტანელი სამხედროების საქართველოდან პირდაპირ ერაყში გამგზავრება. ბრიტანელებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მათთან ერთად გაწვრთნილი ქართველი სამხედროები უსათუოდ მოხვდებიან ერაყში. იქ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქართველ სამხედროთა კონტინგენტის 160-დან 550 კაცამდე გაზრდა აქვს გადაწყვეტილი.
XS
SM
MD
LG