Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სადამ ჰუსეინი სასამართლოს წინაშე


მასმედიის, ზოგადად, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში სადამ ჰუსეინი დგას. მთელი მსოფლიოს ტელეეკრანები შემოიარა ერაყის ყოფილი დიქტატორისთვის დღეს გადაღებულმა კადრებმა:

სადამ ჰუსეინი საჯაროდ პირველად გამოჩნდა რამდენიმე თვის მანძილზე, უფრო ზუსტად, შარშანდელი დეკემბრის შემდეგ. მაშინ ის ერაყში შეიპყრეს, დღეს კი სადამ ჰუსეინი სასამართლოს წინაშე წარდგა

შენობა, რომელშიც სადამ ჰუსეინი და არა მარტო ის - მისი რეჟიმის 11 უმაღლესი რანგის წარმომადგენელი- ხუთშაბათს წარდგნენ სასამართლოს წინაშე, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მდებარეობს. სადამ ჰუსეინი (აშკარად გამხდარი ბოლო თვეების მანძილზე და საკმაოდ მოკლედ შეკრეჭილი წვერ-ულვაშით) ნაცრისფერი კოსტუმით და თეთრი პერანგით იყო შემოსილი და სასამართლოს დარბაზში ორი ტანმაღალი ერაყელი მცველის თანხლებით შევიდა. მანამდე მას ბორკილები მოხსნეს.

ლაპარაკია საგანგებო ტრიბუნალზე, ერაყულ ტრიბუნალზე, რომელსაც ამ ქვეყნის მმართველებისათვის, მიმომხილველების შეფასებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - ერაყის დროებითმა მთავრობამ სულ რამდენიმე დღეა, ჩაიბარა ძალაუფლება. ოთხშაბათს კი მასვე ჩააბარეს (აშშ-მა ჩააბარა) სადამ ჰუსეინი და მისი რეჟიმის 11 უმაღლესი რანგის პირი, მათ შორის ტარიკ აზიზი და ალი ჰასან ალ-მაჯიდი, იგივე “ქიმიური ალი”. მათი, უწინარეს ყოვლისა სადამ ჰუსეინის გასამართლებით ერაყის ამჟამინდელ მთავრობას ეძლევა საშუალება, დაამტკიცოს თავისი ძალა და ლეგიტიმურობა ერაყელი მოქალაქეების თვალში.

და აი, ამ ტრიბუნალზე სადამ ჰუსეინს ხუთშაბათს 7 ბრალდება წაუყენეს: მათ შორის ათიათასობით ერაყელი მოქალაქის დახოცვის ორგანიზების ბრალდება, ქუვეითში შეჭრის ბრალდება, ბრალდებები, რომლებიც 80-იან და 90-იან წლებში ერაყელი ქურთებისა და ერაყელი შიიტების წინააღმდეგ მიმართულ ზომებს უკავშირდება. თუმცა “ზომები” ძალიან რბილი სიტყვაა - მათი შედეგი ჩრდილოეთ და სამხრეთ ერაყში მასობრივი საფლავები გახდა.

სადამ ჰუსეინმა უარი თქვა ბრალდებების შემცველი დოკუმენტის ხელმოწერაზე და სასამართლოს “თეატრი” უწოდა. თუმცა მეორე მხრივ, როგორც იქ, დარბაზში მყოფი ერთ-ერთი ჟურნალისტი, ტელეკომპანია CNN-ის კორესპონდენტი ქრისჩიენ ამანპური იუწყება, სადამ ჰუსეინს აგრესია არ გამოუვლენია: მშვიდად საუბრობდა, თავაზიანიც კი იყო, ამბობდა - “თუ შეიძლება”, “გეთაყვა”. CNN-ის კორეპსონდენტი ამბობს, 4ყოფილი დიქტატორი დღეს თავისივე აჩრდილიაო”, თუმცა ხუთშაბათს იყო მომენტები, როცა ბრალდებების წაკითხვას სადამ ჰუსეინის მწვავე რეაქცია მოჰყვა: [ქრისჩიენ ამანპურის ხმა]“სადამ ჰუსეინი ხან ფარხმალდაყრილი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ხან კი გაცხარდებოდა ხოლმე. ზოგჯერ ის თითს მოსამართლისაკენ გაიშვერდა და ჩახლეჩილი ხმით (მას ასეთი ხმა აქვს) იკითხავდა - ეს ვისი იურისდიქცია არისო? სადამ ჰუსეინი თან ამბობდა, რომ ჯერ კიდევ ერაყის პრეზიდენტია...”- იუწყება ქრისჩიენ ამანპური, CNN-ის კორესპონდენტი.

და, რახან პრეზიდენტზე ვლაპარაკობთ, სადამ ჰუსეინმა თქვა, რომ ის კი არა, ამერიკელი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უნდა გასამართლდეს...

ერაყელების რეაქცია ყოფილი პრეზიდენტის გასამართლებაზე, როგორც ალბათ, მოსალოდნელიც იყო, სხვადასხვაგვარია: ბევრი ამას სწორად და მიზანშეწონილად მიიჩნევს, ზოგი წინააღმდეგია. ბაღდადელი ჰამიდ ლაფტა, რომელსაც ოთხშაბათს გამოელაპარაკა საინფორმაციო სააგენტო რეიტერსის კორესპონდენტი, სადამ ჰუსეინის სიკვდილით დასჯასაც კი მოითხოვს - [ჰამიდ ლაფტას ხმა] “სადამ ჰუსეინს 5 მილიონამდე ადამიანი ჰყავს განადგურებული, უმრავლესობა სასამართლოს გარეშე. თქვენ რაღატომ თვლით მას ამდენი ყურადღების
ღირსად? სიკვდლით დასაჯეთ და ასე მოიშორეთ თავიდან.”

მეორე მხრივ, არიან ერაყელები, რომლებიც სადამ ჰუსეინის აშშ-ის მსხვერპლად მიიჩნევენ. მათ შორისაა ბაღდადელი ალი, რომელმაც ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, რომ მისი ოჯახისათვის არავის არაფერი დაუშავებია სადამ ჰუსეინის მმართველობის წლებში, და რომ ეროვნული შერიგების ხელშესაწყობად უპრიანია, სადამ ჰუსინს აპატიონ. [ალის ხმა]

ერთ საკითხში კი, ალბათ, ძალიან ბევრი გაიზიარებს ერთ აზრს ერაყსა თუ უცხოეთში - რომ გამართლებული არ იყო სადამ ჰუსეინისთვის ბრალდებების წაყენება ვექილის გარეშე. ამის გამო ექსპერტების კრიტიკამ უკვე გაიჟღერა იმავე CNN-ის გადაცემაში.
XS
SM
MD
LG