Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო პროცესი 14 ივლისს განახლდება


2002 წლის თებერვლიდან ნიდერლანდის დედაქალაქში, ჰააგაში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რომელმაც ორშაბათს ისევ მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება.

პროცესი გადაიდო ბრალდებულის - იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და იმავე დღეს მოსამართლე პატრიკ რობინზონმა გამოაცხადა, რომ დროა, სასამართლო პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდეს: [რობინზონის ხმა] “დროა, რადიკალურად გადაისინჯოს სასამართლო პროცესი (...) და გათავლისწინებულ იქნეს ის გარემოება, რომ ბრალდებულს გული აწუხებს”.

ეს განცხადება ორშაბათს გაკეთდა. სამშაბათს კი ტრიბუნალმა გასცა განკარგულება, მილოშევიჩს ჩაუტარდეს ახალი სამედიცინო გამოკვლევა იმის დასადგენად, აქვს თუ არა მას უნარი, განაგძროს თავის დაცვა (აქ შეგახსენებთ, რომ სლობოდან მილოშევიჩი უარს ამბობს ვექილზე და, როგორც განათლებით იურისტი, თავად ასრულებს დამცველის როლს).

ჰააგიდანვე იუწყებიან, რომ სასამართლოს მორიგი სხდომა 14 ივლისისთვის დაინიშნა და გაიცა კიდევ ერთი საგულისხმო განკარგულება: მოიძებნოს ვექილი, რომელიც მილოშევიჩის დამცველად დაინიშნება, თუ სამედიცინო შემოწმება აჩვენებს, რომ მილოშევიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტისმეტად მძიმეა დამცველის როლის გასაგრძელებლად.

აქ შეგახსენებთ, რომ სლობოდან მილოშევიჩს ჰააგაში გაეროს სამხედრო ტრიბუნალი ასამართლებს გენოციდის, კაცობრიობის წინაშე დანაშაულებისა და სამხედრო დანაშაულების ბრალდებების საფუძველზე. ყველა ეს ბრალდება, გასული საუკუნის 90იანი წლებში, ყოფილ იუგოსლავიაში (ბოსნიაში, ხორვატიასა და კოსოვოში) მომხდარ ომებს უკავშირდება.

იმაში, რომ ორშაბათს სასამართლოს სხდომა გადაიდო, უჩვეულო არაფერია: ის აქამდეც ბევრჯერ გადაუდიათ მილოშევიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მიზეზი იყო ხან გრიპი, ხან გადაღლა, ხან მაღალი წნევა და ხან გულით ავადმყოფობა. ამჯერად მილოშევიჩი, რომელიც 62 წლისაა, წნევას და გულს უჩივის და სასამართლოს აკისრებს პასუხისმგებლობას ჯანმრთელობის გაუარესების გამო.

[მილოშევიჩის ხმა] “ასეთი გაუარესება იმის შედეგია, რომ არ მომეცით საკმარისი დრო მოსამზადებლად. ეს სავსებით ცხადია. ამიტომ, ჩემი აზრით, მოვალე ხართ, მომცეთ საკმარისი დრო”. სწორედ ამ საყვედურს მოჰყვა მილოშევიჩისათვის არასასურველი რეაქცია - პროკურორების მხრივ. მათ მოითხოვეს მილოშევიჩისათვის, როგორც საკუთარი თავის ადვოკატისთვის, სამუშაო ტვირთის შესამსუბუქებლად სხვა ადვოკატის დანიშვნა. ასევე პროკურორებმა საჭიროდ მიიჩნიეს მილოშევიჩის საკანთან პირდაპირი ვიდეო-კავშირის დამყარება, რათა მან, თუ შეუძლოდ არის, საკნიდან ადევნოს თვალი სასამართლოს მუშაობას.

მილოშევიჩმა ორივე წინადადება უარყო, ჩვენ კი შევეცადეთ, გაგვერკვია, რა არის მოსალოდნელი, თუ სასამართლომ პროკურორების მოთხოვნები გაითვალისწინა. საამისოდ ჩვენი კორესპონდენტი ტელეფონით დაუკავშირდა სამართლის ექსპერტს ჰაიკელინა ფერეინ სტუარტს და მასთან საუბრიდან შეიტყო, რომ მილოშევიჩისთვის ვექილის იძულებით დანიშვნა (თუ საქმე აქამდე მივიდა), ძალიან ძნელი იქნება: [ფერეინ სტუარტის ხმა]“(...) ვინაიდან მილოშევიჩს ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ ვექილზე უარს იტყვის, მასთან არ ითანამშრომლებს. ამ ანგლო-საქსურ სამართლებრივ სისტემაში კი ვექილს კლიენტის მითითებები სჭირდება, მათ გარეშე ვერაფერს გახდება, ვერ დაიცავს ბრალდებულს”.

რაც შეეხება მილოშევიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუ ის გაუარესდა, ფერეინ სტუარტის შეფასებით, გაეროს ტრიბუნალს, შესაძლოა პროცესის შეწყვეტა და მილოშევიჩის გათავისუფლება მოუხდეს. ერთი უბრალო მიზეზით: როგორც ფერეინ სტუარტი განმარტავს, თუ გინდა, მსოფლიოს დაუმტკიცო, რომ ჰააგაში სამართლიანი პროცესი მიმდინარეობს, შესაძლოა, მოგიწიოს ბრალდებულის გათავისუფლება, თუ ის გასასამართლებლად საკმარისად ჯანმრთელი არ არის.
XS
SM
MD
LG