Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი კანონი ერაყში უშიშროების ზომების გასამკაცრებლად


ერაყის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა იად ალაუიმ დღეს ხელი მოაწერა კანონს ეროვნული უსაფრთხოების შესახებ, რითაც ახალი კანონი ძალაში შევიდა.

კანონი მკაცრ ზომებს ითვალისწინებს. ის მთავრობას ნებას აძლევს, შემოიღოს კომენდანტის საათი, აკრძალოს პოლიტიკური ორგანიზაციები, გააკონტროლოს ფოსტა და სატელეფონო საუბრები, აღმართოს საკონტროლო-გამშვები პუნქტები, ჩხრეკა ჩაატაროს სასამართლოს ორდერის გარეშე, აკრძალოს დემონსტრაციები. მაგრამ, განმარტავენ ერაყელი ოფიციალური პირები, ყოველივე ეს - დროებით და ერაყის მხოლოდ ზოგ რეგიონში. მათ არ დაუზუსტებიათ, რომელ რეგიონებში.

უშიშროების ახალი ზომებით დასახული მიზანი კი ნათელია - დამარცხება მეამბოხეებისა, რომლებმაც, ფაქტობრივად, დღე არ გავა, თავდასხმები რომ არ მოაწყონ. თუნდაც ოთხშაბათს მხოლოდ ბაღდადში რამდენიმე იერიში აღირიცხა და ეს მაშინ, როცა ჩვენი სპეციალური კორესპონდენტის, ვალენტინას მიტეს ცნობით, ბაღდადის ქუჩებში მეტი ერაყელი პოლიციელი ჩანს და ბოლო დღეებში იქ, წინა კვირებთან შედარებით, სიმშვიდე სუფევდა.

მაგრამ დავუბრუნდეთ უშიშროების ახალ ზომებს. მათზე მოსახლეობის რეაქცია, როგორც ჩანს, უმეტესწილად დადებითია. ბაღდადში საინფორმაციო სააგენტო “რეტიერსის” კორესპონდენტი ორ გამვლელს გამოელაპარაკა: [ერაყელი მოქალაქეების ხმები]
“საგანგებო კანონი საჭიროა ქვეყანაში უშიშროებისათვის- უშიშროება აქ ყველას სჭირდება. საგანგებო კანონი ხელს შეუწყობს საკვანძო ობიექტებზე თავდასხმებისა და ტერაქტების შემცირებას”, აღნიშნა ერთმა გამვლელმა, მეორემ კი დაამატა, რომ ემხრობა საგანგებო კანონის შემოღებას იმ პირობით, რომ ეს არ შეზღუდავს ქუჩაში ადამიანების გადაადგილებას. “ახალმა მთავრობამ მკვეთრი ზომები უნდა მიიღოს უშიშროების მხრივ არსებული კრიზისის მოსაგვარებლადო”, ამბობს ეს მოქალაქე.

იმისათვის, რომ ახალი ზომებით ბოროტად არავინ ისარგებლოს, კანონი პრემიერ-მინისტრის გასაკონტროლებელ მექანიზმსაც მოიცავს. საგანგებო მდგომარეობის გამასაცხადებლად საჭიროა ერაყის პრეზიდენტის, მისი ორი მოადგილისა და 32-წევრიან მთავრობაში უმრავლესობის თანხმობა. გარდა ამისა, ერაყის უზენაეს სასამართლოს აქვს ვეტოს უფლება პრემიერ-მინისტრის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში.

ბოლოს უნდა ითქვას, რომ ახალი კანონი ჯერ კიდევ გასული კვირის მიწურულს უნდა შესულიყო ძალაში, მაგრამ რამდენჯერმე გადაიდო. მიზეზი, როგორც “რეიტერსმა” ბაღდადში შეიტყო, ის იყო, რომ ერაყის მთავრობაში დრო სჭირდებოდათ სადავო საკითხების მოსაგვარებლად და ამერიკელებთან საკონსულტაციოდ.
XS
SM
MD
LG