Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ცდილობს, ბოლო მოუღოს ჩრდილოეთი კვიპროსის ეკონომიკურ იზოლაციას


ოთხშაბათს ევროპის კომისიამ ფართო საზოგადოებას გააცნო ღონისძიებათა პაკეტი, რომლის საბოლოო მიზანია, წერტილი დაუსვას კვიპროსის თურქული ნაწილის ეკონომიკურ იზოლაციას.

საუბარია ჩრდილოეთ კვიპროსთან სავაჭრო ურთიერთობის აღდგენაზე და ევროპის კავშირის გრანტზე, რომელიც 2004-2006 წლებში ჩრდილოეთი კვიპროსისთვის 259 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. ცხადია, რომ ევროკავშირის ამ ნაბიჯებს მომხრეებიც საკმარისად ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც.

ახალი გეგმის შესახებ ფართო საზოგადოებას აცნობა ევროკომისარმა კავშირის გაფართოების საკითხებში გიუნტერ ფერჰოიგენმა. მანვე ივარაუდა, რომ კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის გეგმას ევროკავშირის წევრი ქვეყნები მოიწონებენ. ამავე დროს, ფერჰოიგენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის კავშირი ერთგული რჩება საბოლოო მიზნისა, გააერთიანოს კვიპროსის ბერძნული და თურქული ნაწილები.

[გიუნტერ ფერჰოიგენის ხმა] "ღონისძიებათა მიზანია, ბოლო მოვუღოთ კვიპროსელი თურქების იზოლაციას, რის მისაღწევადაც სხვადასხვა მექანიზმს ვიყენებთ. მთელი ამ ჩანაფიქრის პოლიტიკური ამოცანაა, წვლილი შეიტანოს კვიპროსის კონფლიქტის მოგვარების საქმეში და, საბოლოოდ, კუნძულის გაერთიანებამდე მიგვიყვანოს. ევროპის კავშირს კვლავინდებურად სურს, კავშირის წევრად ერთიანი კვიპროსი იხილოს. ეს კავშირის პოლიტიკაა და ის არც მომავალში შეიცვლება."

გიუნტერ ფერჰოიგენის თქმით, რაკი კვიპროსის თურქმა მოსახლეობამ 24 აპრილს მოწყობილ რეფერნდუმში ლამის ერთხმად დაუჭირა მხარი კუნძულის გაერთიანებას, უსამართლო იქნებოდა მისთვის ზურგის შექცევა.

შესაძლოა, გახსოვდეთ კიდეც, რომ იმავე რეფერენდუმში კვიპროსელმა ბერძნებმა გაეროს მიერ შემუშავებული გეგმა კატეგორიულად უარყვეს. შეგახსენებთ იმასაც, რომ სწორედ კუნძულის ბერძნული ნაწილია ის ტერიტორია, რომლის მთავრობაც საერთაშორისო აღიარებით სარგებლობს და რომელიც მიმდინარე წლის 1 მაისიდან ევროპის კავშირში გაწევრიანდა. რაც შეეხება ე.წ. "ჩრდილოეთი კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას", მას ერთადერთი ქვეყანა სცნობს. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ეს ქვეყანა თურქეთია.

ევროკომისარმა ფერჰოიგენმა აღნიშნა, რომ კვიპროსელი თურქების იზოლაციიდან გამოყვანა, ერთი მხრივ, წინ აღუდგება კუნძულზე თურქული ნაციონალიზმის გაღვივებას, ხოლო მეორე მხრივ, ზურგს გაუმაგრებს ჩრდილოეთი კვიპროსის პროევროპულ დემოკრატიულ ძალებს. თუმცა, კომისარმა იქვე დასძინა, რომ კვიპროსელ თურქთა რესპუბლიკის ოფიციალურად ცნობა დაგეგმილი არ არის.

[გიუნტერ ფერჰოიგენის ხმა] "არავინ აპირებს, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით აღიაროს ჩრდილოეთი კვიპროსის თურქული რესპუბლიკა. სულაც არ ვართ დაინტერესებული, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში თურქული მინისახელმწიფოს შექმნის მოწმენი გავხდეთ. ეს მხოლოდ კიდევ უფრო გაართულებდა ვითარებას. ამას არავინ უჭერს მხარს და, მით უმეტეს, არც ევროკომისია."

ამასთანავე, გიუნტერ ფერჰოიგენმა განმარტა, რომ ევროპის კავშირს მაინც მოუწევს კვიპროსელ თურქთა რესპუბლიკის მთავრობასთან ურთიერთობა, რადგან მასთან კავშირის გარეშე რაიმე თანამშრომლობაზე ლაპარაკი ზედმეტი იქნებოდა.

დაბოლოს: არც ფერჰოიგენსა და არც მის კოლეგებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ კვიპროსელი ბერძნები (როგორც ევროპის კავშირში ხმის უფლების მქონენი) წინ არ აღუდგებიან კვიპროსელ თურქთა რესპუბლიკისთვის 259-მილიონევროიანი გრანტის გამოყოფას. არადა, ამ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია კავშირის ყველა წევრის თანხმობა.
XS
SM
MD
LG