Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვითარება თანდათან იძაბება


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების ჩატარება ოქტომბრისთვის იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ ვლადისლავ არძინბას

მმართველობა შესუსტებულია მისი ჯანმრთელობის გაურესების გამო, ოფიციალური სოხუმი მაინც ახერხებს იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც მას თბილისს სულ უფრო აშორებს. ოფიციალურ თბილისს თითქმის უყურადღებოდ აქვს დატოვებული აფხაზეთის საკითხი, რადგან ძირითადი ყურადღება ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის თემას ეთმობა. რა ვითარებაა აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინ და რას უნდა ველოდეთ პრეზიდენტის არჩევის შემდეგ?

თუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთის მშვიდობისმყოფელთა სამხედრო ტვირთი დააკავა, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალებმა ნებისმიერ პროვოკაციაზე მკაცრი პასუხის გაცემის ბრძანება მიიღეს.

6 ივლისს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა 3-4 ივლისს აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალებზე მომხდარი თავდასხმის კომენტირებისას განაცხადა, რომ ”რუსმა მშვიდობისმყოფელებმა მომენტალურად გახსნეს ცეცხლი და ამას გააკეთებენ მომავალშიც”.

ივანოვისვე მტკიცებით, სამშვიდობო ძალებს ცეცხლი ქართულმა მხარემ გაუხსნა და ეს გაეროს, მშვიდობისმყოფელთა და ქართველთა ერთობლივმა კომისიამაც დაადასტურა. მე ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენს ზუგდიდელ კორესპონდენტს ლაშა ბერულავას დავუკავშირდი.

[ლაშა ბერულავას ხმა] ”არის ძალიან შორიდან ნასროლი პოსტის მიმართულებით ისე, რომ, ფაქტიურად, მიზანში არსად არ არის მოხვედრილი და ვერც ვერავის დაზიანებას შეძლებდნენ. ქართული მხრიდან, ანუ ენგურის ნაპირიდან, იყო ეს სროლები, თუმცა ეს არ ამტკიცებს იმას, რომ ამ სროლაში ქართველები მონაწილეობდნენ.”(სტილი დაცულია)

ქართული მხარის წარმომადგენელთა მტკიცებით, სამშვიდობო ძალებისთვის ცეცხლის გახსნის იმიტაცია შეიძლება თავად აფხაზებს ან რუსებს მოეწყოთ, რადგან მათ ინტერესებში არ შედის გალის რაიონში გაეროს სამოქალაქო პოლიციის პატრულირების დაწყებას ხელი შეუშალონ და ასე შეინარჩუნონ პოზიციები.

აფხაზეთის დევნილი უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი ფიქრობს, რომ აფხაზეთის ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ სეპარატისტები პოზიციების შენარჩუნებიდან მათ გამყარებაზე გადავლენ. მისი თქმით, პრობლემის სიმწვავეს საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით იმიტომ ვერ გრძნობს, რომ მიმდინარეობს შიდა ბრძოლა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერებს შორის:

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] ”აფხაზეთში მცხოვრები აფხაზების 80 პროცენტი დღეს არის რუსეთის მოქალაქე, რაც აძლევს რუსეთს საბაბს, შემოიყვანოს ჯარები, არ გაიყვანოს ბაზები...”

თამაზ ნადარეიშვილის თქმით, რუსეთს აფხაზეთში დიდი ეკონომიკური ინტერესებიც აქვს. რუს ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებს თუ სამხედროებს აფხაზეთში უკვე შესყიდული აქვთ საკურორტო მნიშვნელობის უძრავი ქონება და ნადარეიშვილი ფიქრობს, რომ მოსკოვი ყველაფერს იღონებს ამ ინტერესების დასაცავად:

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] ”ამიტომ მე კვლავ ვრჩები ჩემს აზრზე, რომ მშვიდობიანად მოლაპარაკებით, დიალოგით ჩვენ აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ და ტყუილად ვკარგავთ დროს.“

თუ როგორ ტაქტიკას მოიფიქრებს ხელისუფლება აფხაზეთთან დაკავშირებით, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა ექსპერტები შიშობენ, რომ თითქმის უყურადღებოდ მიტოვებული პრობლემა შეიძლება ისე გართულდეს, რომ მომავალში მისი გადაჭრის ვერც ერთმა ტაქტიკამ ვეღარ გაამართლოს.
XS
SM
MD
LG