Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ოფიციალური თბილისი ედუარდ კოკოითის ომის პროვოცირებაში ადანაშაულებს


დაპირისპირება ომის ზღვარზე - ასე შეიძლება ვუწოდოთ ვითარებას, რომელიც 8 ივლისს ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში შეიქმნა. გამთენიისას სოფელ ვანათის საშუალო

სკოლის შენობიდან ოსმა ბოევიკებმა ტყვედ აიყვანეს და ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს საქართველოს შინაგანი ჯარის 50 ჯარისკაცი. ამას გარდა, ოსებმა ფრონის ხეობის ქართული სოფლები დაიკავეს. დიდი და პატარა ლიახვის ხეობათა დამაკავშირებელი შემოვლითი გზა მათ ჯერ კიდევ 7 ივლისს გადათხარეს და შეტაკებებიც 8 ივლისს სწორედ ამ გზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არიან პირველი დაჭრილები. კონფლიქტის ზონის ქართული სოფლებიდან ქალები და ბავშვები გამოვიდნენ. საქართველოს მხარე ყველანაირად ცდილობს არ აჰყვეს პროვოკაციას და არ დათანხმდეს ომს, თუმცა გადაჭრით არავის შეუძლია იმის თქმა, რომ ომი აღარ განმეორდება.

[ერთ-ერთი ჯარისკაცის ხმა] “ყველანი ვიყავით პოსტებზე. შემოვიდნენ, მოლაპარაკება გვინდაო. გავედით და მაშინ მოხდა აყვანა. რომ გვესროლა, ალყაში ვიყავით. “ (სტილი დაცულია)

ეს ჯარისკაცი ოსი ბოევიკების ტყვეობას შემთხვევით გადაურჩა. ვანათის საშუალო სკოლის სპორტული დარბაზიდან კი ტყვედ 50 -მდე ქართველი ჯარისკაცი წაიყვანეს. თავდამსხმელებისთვის მათ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და, როგორც მოგვიანებით საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განმარტა, ეს იმიტომ მოხდა, რომ გაცემული იყო ბრძანება იარაღის გამოუყენებლობის შესახებ. დატყვევებული ჯარისკაცების გათავისუფლებისთის სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ცხინვალში მათი მშობლების ჩასვლა მოითხოვა. ცხინვალის მისადგომებთან, მართლაც, მივიდნენ ქართველი ჯარისკაცების მშობლემი, მაგრამ ოსურ მხარესთან შეხვედრა გადაიფიქრეს - თქვეს, რომ თავს არ დაიმცირებენ და შვილების გათავისუფლების საქმეს სახელმწიფოს მიანდობენ. სახელმწიფო კი ყველა ღონეს ხმარობს იმისათვის, რომ ომი თავიდან აიცილოს.

[ვანო მერაბიშვილის ხმა] “ჩვენი ინფორმაციით, კოკოითი გამზადებულია ომისთვის - აქვს მომარაგებული მედიკამენტები, შეიარაღება. თუმცა მაინც არა აქვს საკმარისი ძალა. ამიტომ გვეგონა, რომ ასეთ სერიოზულ პროვოკაციას ის ვერ დაგეგმავდა. მაგრამ ჩვენ შევძელით და თავიდან ავიცილეთ სერიოზული ომი საქართველოში. “

ეს განცხადება საქართველოს უშიშროების მინისტრმა 8 ივლისს დილით გააკეთა, მას შემდეგ კონფლიქტის ზონაში ოსური მხარის მიერ გადათხრილ შემოვლით გზასთან რამდენჯერმე იყო სროლები. დაიჭრა 3 ქართველი ჯარისკაცი. მათ სამედიცინო დახმარება სოფელ ქურთას საავადმყოფოში უშუალოდ საქართველოს ჯანმრთელობის მინისტრის მეთვალყურეობის ქვეშ ჩაუტარეს. შემოვლით გზაზე რამდენიმე წუთის მანძილზე ყუმბარმტყორცნების გაბმული ხმა ისმოდა საღამოს 6 საათზეც. საქართველოს ხელისუფლება მაინც ცდილობს ხელიდან არ გაუშვას მოლაპარაკების გზით დაძაბულობის განმუხტვის შანსი. 8 ივლისს, საღამოს, ცხინვალში რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობასთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა. არ არის გამორიცხული მოსალაპარაკებლად ის 9 ივლისს მოსკოვში გაემგზავროს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს რუსეთის ელჩმა გააკეთა, თუმცა საგულისხმოა ისიც, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად გამოდის წინადადებით 9 ივლისს ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის გამართვის თაობაზე. რუსეთი უწინდებურად ორმაგ თამაშს ეწევა: მხარეთა შორის მომრიგებლის როლსაც თამაშობს და მხარეთა დაპირისპირებასაც ცდილობს. რუსეთის მხრიდან როკის გვირაბთან საბრძოლო ტექნიკით დატვირთული მანქანები დგას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ავრცელებს განცხადებას, რომლითაც ქართულ და ოსურ მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუხმობს, ამავდროულად კი, დაძაბულობის ესკალაციაში საქართველოს მხარეს ადანაშაულებს და მოუწოდებს მას რუსებს სასწრაფოდ დაუბრუნოს 7 ივლისს ჩამორთმეული საბრძოლო საშუალებები.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას პასუხობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და რუსეთის დიპლომატიურ უწყებას საქართველოსადმი მეტი კორექტულობის გამოვლენას სთხოვს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ცხინვალის რეგიონში შექმნილი დაძაბულობის განმუხტვისთვის რუსეთთან მოლაპარაკებაში ჩართვას შეჰპირდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი. გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი ჟვანიასა და პაუელს შორის პაუელის ინიციატივით შედგა და ამ საუბრისას მან განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად ჩაერთვება რეგიონში დაძაბულობის განმუხტვის პროცესში.

კოლინ პაუელთან საუბრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზედიზედ ორჯერ ესაუბრა რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს იგორ ივანოვს. არის დაპირება, რომ მოსკოვი ცხინვალის რეგიონში მოქმედ სამშვიდობო ძალებს რეალური სამშვიდობო მისიის შესრულებას აიძულებს. თუმცა, ვნახოთ.
XS
SM
MD
LG