Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოითხოვს თუ არა ქართული მხარე კონფლიქტის ზონიდან რუსული სამშვიდობო ბატალიონის გაყვანას


ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე რუსული სამშვიდობო ბატალიონი იმყოფება 1992 წლიდან - რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინსა და

საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ოფიციალური მოსკოვი რუსი სამხედროების ცხინვალის რეგიონში თორმეტწლიან მოღვაწეობას ყველაზე წარმატებულ სამშვიდობო ოპერაციად მიიჩნევს, თუმცა იმას, რაც ბოლო დროს ყოფილი ავტონომიის ტერიტორიაზე ხდება, მშვიდობა პირობითად თუ ეთქმის. შესაბამისად, ქართული მხარე რუსი სამშვიდობოების მოქმედებასაც კრიტიკულად აფასებს. მეტიც, ოფიციალური თბილისის მხრიდან სულ უფრო და უფრო ხშირად გაისმის კონფლიქტის ზონიდან რუსული სამშვიდობო ბატალიონის გაყვანის მოთხოვნა. რა გახდა ამის მიზეზი?
საქართველოს ხელისუფლება, როგორც წესი, უკმაყოფილებას ყოველთვის ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსული სამშვიდობო ძალების მიმართ გამოხატავდა. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს პარლამენტმა კონფლიქტის ზონიდან რუსი ცისფერჩაფხუტიანების გაყვანის გადაწყვეტილებაც კი მიიღო. დღეს ანალოგიური შინაარსის მოთხოვნა უკვე ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსული სამშვიდობო ბატალიონის მისამართით გაისმის. რადიკალურ განცხადებას შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აკეთებს, თუმცა, მისგან განსხვავებით, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია გაცილებით მოზომილია:
[ზურაბ ჟვანიას ხმა] “ეს არის უპრეცედენტო, კიდევ ვიმეორებ, უპრეცედენტო სიტუაცია, რომელსაც პასუხი უნდა გასცენ, თავისი მანდატიდან გამომდინარე, საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარე, სწორედ სამშვიდობო ძალებმა. თუ პასუხი არ იქნება სწრაფი, თუ პასუხი არ იქნება ადეკვატური, ბუნებრივია, სამშვიდობო მისია დაკარგავს ელემენტარულად ყოველგვარ აზრს.”
ზურაბ ჟვანია რუსული სამშვიდობო ბატალიონის ქმედობაუნარიანობის გამოცდაზე საუბრობს. გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში კი,უწინარესად, თვითაღიარებული რესპუბლიკის შეიარაღებული ფორმირებების მოქმედებათა აღკვეთა და ტყვედ აყვანილი ქართველი ჯარისკაცების დაუყოვნებლივ გათავისუფლება იგულისხმება. თუმცა რუსი მშივდობისმყოფელები დიდად არც ჟვანიას განცხადების შემდეგ გააქტიურებულან. ასე რომ, არ არის გამორიცხული, საქართველოს ხელისუფლებამ მართლაც მოითხოვოს კონფლიქტის ზონიდან რუსული სამშვიდობო ბატალიონის გასვლა.
[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] “თუ არ ასრულებენ ხელშეკრულების პრინციპებს, მაშინ შეიძლება ცალმხრივად დაირღვეს, მაგრამ უნდა დადასტურდეს, რომ არღვევენ. ფაქტია, რომ უნდა გამოვიჭიროთ რუსეთი, რომ ხელშეკრულებას არღვევენ.” (სტილი დაცულია)
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი დაგომისის ხელშეკრულებაზე საუბრობს - იმ ხელშეკრულებაზე, რომლის საფუძველზეც რუსული ბატალიონი მეთორმეტე წელიწადია ცხინვალში მშვიდობას იცავს. დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი კი ამ ხელშეკრულებაში ჩადებულ “ფარულ ნაღმებზე” მიუთითებს:
[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “უნდა მოხდეს იმ დაგომისის ხელშეკრულებაში ჩახედვა. მაგრამ ის ისე საზიზღრად არის შედგენილი, რომ ცოტა ეჭვი მეპარება, რომ იქიდან რამე ხეირს ვნახავთ, რადგან იქ, თუ არ ვცდები, ნათქვამია ორივე მხარის თანხმობაზე... რაც იყო ჩადებული ამ ხელშეკრულებაში ნაღმები, ახლა მოქმედებს.” (სტილი დაცულია)
იმ აზრს, რომ კონფლიქტის ზონიდან რუსი სამხედროების გაყვანის მექანიზმი საკმაოდ რთულია, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეც იზიარებს, თუმცა იგი სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან, გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას:
[სოსო ცინცაძის ხმა] “როგორ არ შეგვიძლია, მაგრამ ეს გრძელი გზაა, თანაც ეს გზა რუს უმაღლეს ხელისუფლებასთან კონფრონტაციის გზა არის და მე, მაგალითად, არ ვურჩევდი ჩვენს ხელისუფლებას დაიწყოს ეს ოპერაცია, თუმცა ისე, რასაკვირველია, შეგვიძლია, იმიტომ რომ ორივე მხარის თანხმობაა საჭირო... მაგრამ ხო ხედავთ, ჯერ რა ხდება - ეს ნაბზდოროვიც ვერ შევცვალეთ.” (სტილი დაცულია)
თუმცა არაა გამორიცხული, სულ მალე სამშვიდობო ძალების გაყვანის საკითხი დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნას. საქმე ის არის, რომ უახლოეს ხანში მიხეილ სააკაშვილსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი იგეგმება. დამკვირვებლებიც კონფლიქტის ზონაში ვითარების განმუხტვას სწორედ პრეზიდენტების საუბრის დასრულების შემდეგ ელიან.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG