Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესა ცხინვალის რეგიონში შექმნილი პრობლემის შესახებ


როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წერილშია ნათქვამი, ქართული მხარის მიერ რუსეთის სამხედრო ქონების ძალადობრივი გზით ხელში

ჩაგდება სამხრეთ ოსეთში ვითარების შემდგომი გამწვავებისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუარესებისკენ არის მიმართული. ოფიციალური მოსკოვის ამ პოზიციას იზიარებს რუსული პრესაც. მასობრივი ინფორმაციის რუსული საშუალებები უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში ცხინვალის ზონაში განვითარებულ მოვლენებს რუსეთ-საქართველოს შორის ომის წარმოების საფუძვლიან საბაბად განიხილავენ.

“იომებს თუ არა რუსეთი სამხრეთ ოსეთში?” - ასეთ კითხვას სვამს 8 ივლისის გაზეთი “კომსომოლსკაია პრავდა” და თავადვე ასკვნის, რომ რუსეთი რთული არჩევანის წინაშე დგას. გაზეთის კორესპონდენტის ვიქტორ ბარანეცის აზრით, უახლოეს მომავალში კონფლიქტის ზონაში მოვლენები თეორიულად სამი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს. ვარიანტი პირველი - რუსეთი განზე დგება, ვარიანტი მეორე - რუსეთი ომში ებმება და, ბოლოს, მესამე - რუსეთი ფარულად ეხმარება ოსეთს და ამით ერთდროულად ორ კურდღელს იჭერს. რუსი კორესპონდენტი აღიარებს, რომ ეს უკანასკნელი ვარიანტი 90-იან წლებში რუსეთმა ძალზე წარმატებულად გამოიყენა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, როცა სეპარატისტებისათვის გაწეული დახმარებით იგი, ფაქტობრივად, თბილისის წინააღმდეგ იბრძოდა. თუმცა დღევანდელი რეალობა რუსეთს, გარკვეულწილად, განსხვავებულ პირობებს სთავაზობს და “კომსომოლსკაია პრავდას” კორესპონდენტიც ცდილობს იმ პლუსებსა და მინუსებში გაერკვეს, რომელსაც ზემოთ ჩამოთვლილი სამი ვარიანტიდან თითოეული უქადის საქართველოს დიდ ჩრდილოელ მეზობელს. ჟურნალისტის მოსაზრებები მოკლედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: განზე გადგომის შემთხვევაში რუსეთი კარგავს ავტორიტეტს კავკასიაში, საქართველოს არმიის წარმატების პარალელურად გაიზრდება შეერთებული შტატების გავლენა რეგიონში და გაჩნდება აფხაზეთის ძალისმიერი დაბრუნების ილუზია.

სამხრეთ ოსეთში საქართველოს იურისდიქციის ძალისმიერი მეთოდებით აღდგენის შემთხვევაში, აფხაზეთის ჯერიც დადგება, - მიიჩნევს “რია ნოვოსტი”. “სიტუაცია სამხრეთ ოსეთში უმართავი ხდება” - ამ სათაურით გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში პოლიტოლოგი ვიაჩესლავ იგრუნოვი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი ჯარისკაცების წყალობითა და ქართული საზოგადოების კონსოლიდაციის პირობით, თბილისს სამხრეთ ოსეთში გამარჯვების შანსი აქვს. მისივე პროგნოზით, ძალისმიერი სცენარი, შესაძლოა, წარმატებული გამოდგეს აფხაზეთშიც, თუმცა ასეთ შემთხვევაში საქართველო დენთის კასრზე აღმოჩნდება, დესტაბილიზაცია კი მთელ კავკასიას მოედება.

ცხინვალის გარშემო რკალი ვიწროვდება, ანუ მოვლენების გართულება სამხრეთ ოსეთში რუსეთის უსაფრთხოებასაც ემუქრება, - ასე მიაჩნია “როსიისკაია გაზეტას” კორესპონდენტს ოლეგ ხლესტოვს. მისი აზრით, სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებების პროვოცირება კიდევ უფრო გაააქტიურებს ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედ ბანდიტურ დაჯგუფებებსა და ტერორისტებს. კორესპონდენტს აქვე მოჰყავს ქართულ-ოსურ კონფლიქტში რუსეთის ძალისმიერი ჩარევის აუცილებლობის ძირითადი არგუმენტი, რომელზეც რუსული მასმედიის თითქმის ყველა საშუალება მიუთითებს - კერძოდ, ჟურნალისტის თქმით, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის 90 პროცენტი რუსეთის მოქალაქეა. ანუ, კონსტიტუციის თანახმად, მოსკოვი მოვალეა მათი სიცოცხლე და უფლებები დაიცვას. ამ ფაქტისთვის მეტი დამაჯერებლობის მისაცემად, ოლეგ ხლესტოვი აღნიშნავს, რომ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით სამხედრო ოპერაციებს აქტიურად მიმართავს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი - შეერთებული შტატებიც.
ჟურნალისტის აზრით, საქართველო ალტერნატივის წინაშე დგას - კონფლიქტი მშვიდობიანად მოაგვაროს, ან კონფრონტაციის გზით წავიდეს და ვითარება კიდევ უფრო გაამწვავოს.

თუმცა “ვედომოსტის” კორესპონდენტის ალექსეი ნიკოლსკის აზრით, რუსული იარაღის კონფისკაციის ფაქტით, საქართველოსა და რუსეთს შორის უკვე დაფიქსირდა პირველი ღია კონფლიქტი. ამ მოსაზრების ადეკვატურად ჟღერს პუბლიკაციის სათაურიც - “ოსეთის გამო საქართველო და რუსეთი ომის ზღვარზე აღმოჩნდნენ” .

საქართველოს რუსეთთან ომი სურს? - ამ კითხვას უკვე ინტერნეტგამოცემა “პებეკას” კორესპონდენტი მიხაილ ჩერნოვი სვამს. მისი აზრით, ცხინვალის ზონაში დაწყებული მოვლენების გასაღები მოსკოვში, კერძოდ, პრეზიდენტების, პუტინისა და სააკაშვილის, უკანასკნელი მოლაპარაკების შედეგებში უნდა ვეძიოთ. ჟურნალისტი ასკვნის, რომ რუსეთის პრეზიდენტისგან საქართველოს პრეზიდენტმა სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან მიერთების გარანტია ვერ მიიღო და ამიტომ პრობლემის ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტას შეუდგა.
XS
SM
MD
LG