Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოება აფხაზეთის განსაკუთრებულ სტატუსზე მსჯელობს


“ფედერაციული სახელმწიფოს მოდელი, კონფედერაციის ელემენტებით” - მოკლედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ იმ კონცეფციის შინაარსი, რომელიც დამოუკიდებელ ექსპერტთა

ჯგუფმა შეიმუშავა და რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების ერთ-ერთ ვარიანტად სეპარატისტული რეგიონისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. პროექტი რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობას გადაეცა გასაცნობად. პარალელურად დოკუმენტის ავკარგიანობის შესახებ მოსაზრებებს ქართული საზოგადოების წარმომადგენლებიც გამოთქვამენ.

კონცეფცია, რომლის ავტორები არიან: კონსტანტინე კუბლაშვილი, არჩილ გეგეშიძე, ივლიანე ხაინდრავა და პაატა ზაქარეიშვილი, მთლიანად იზიარებს ეგრეთ წოდებული “ბოდენის დოკუმენტის” ზოგად სულისკვეთებას და წარმოადგენს ცდას - შექმნას საფუძველი მხარეებს შორის ნაყოფიერი მოლაპარაკების წარმოებისა და ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების მისაღწევად. პროექტის ერთ-ერთი ავტორი იურისტი კონსტანტინე კუბლაშვილი დოკუმენტის ძირითად არსს ასე გადმოსცემს:

[კონსტანტინე კუბლაშვილის ხმა] “ეს არის ფედერაციული სახელმწიფოს მოდელი, რომელშიც იკვეთება გარკვეული კონფედერაციული ელემენტები. ეს არ არის ორსუბიექტიანი ფედერაცია, ეს არის საქართველოს ფედერალური სახელმწიფო, რომლის შემადგენლობაშიც სხვა ტერიტორიულ ერთეულებთან ერთად არსებობს აფხაზეთის სახელმწიფოებრივი ერთეული, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი უფლებამოსილებანი.”

ყველაფერი ის, რაზეც კუბლაშვილი საუბრობს, კონცეფციის მეხუთე თავშია მოცემული და სწორედ ამ თავის ცალკეული მუხლები იწვევს პროექტის ოპონენტთა ყველაზე დიდ გულისწყრომას:

[რაულ კუპრავას ხმა] “საიდან გაჩნდა ასეთი დიდი სურვილი აფხაზებს შეუქმნათ სახელმწიფო, რომელიც მათ არასოდეს ისტორიულად არ ჰქონიათ? აფხაზი ვერასოდეს ვერ მოიფიქრებდა ამას, რომ მისთვის ამ ტიპის სახელმწიფო შეექმნათ და თქვენ, ავტორები, ასეთი ნიჭიერი ხალხი, ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ სახელმწიფო შეუქმნათ აფხაზებს. რატომ, რისთვის?”

ეს იყო რაულ კუპრავა, რომელიც გაზეთ “24 საათის” რედაქციაში გამართულ შეხვედრაზე კონცეფციის ავტორებს საკუთარ მოსაზრებებს უზიარებდა. თუმცა დარბაზში კუპრავაზე გაცილებით რადიკალურად განწყობილი ადამიანებიც იყვნენ:

[ქალბატონის ხმა] “ამის ბაზისად მაგიდაზე დადება და მისი განხილვა, ეს არის უდიდესი დანაშაული ერის წინაშე. ფაქტობრივად, ჩადებულია დოკუმენტში, ათი ათასი შაჰ-აბასი რომ ვერ იზამდა, ისეთი რაღაცეები.”

[ნოდარ ნათაძის ხმა] “ფედერალიზმი საქართველოსთვის არის სიკვდილი. ფედერალიზაციის შემთხვევაში, ერთ თაობაში, მაქსიმუმ ორ თაობაში, გაიხლიჩება არა მარტო საქართველოს სახელმწიფო და ქვეყანა, არამედ ქართული ეროვნული ცნობიერება. თვითიდენტიფიკაცია მოხდება არა ასე: მე ქართველი, არამედ - მე კახელი, მე იმერი და ასე შემდეგ.”



ნოდარ ნათაძის გარდა, კონცეფციის ავტორებს ოპონირებას პარლამენტის წევრი ნიკა გვარამიაც უწევდა, თუმცა მთელ რიგ საკითხებში იგი საკმაოდ კონსტრუქციული იყო:

[ნიკა გვარამიას ხმა] “მოქალაქეობის მიმართ ეს კომპრომისი მართლა შეიძლება არსებობდეს, რომ აფხაზეთის მოქალაქე იყოს, მაგრამ ამას არ უნდა ჰქონდეს ორმაგი მოქალაქეობის დატვირთვა.სუფთა სიმბოლური ხასიათი უნდა ჰქონდეს, იმიტომ რომ, შეგახსენებთ, მე ძალიან მომეწონა კონცეფციის ავტორებისაგან ის, რომ ეს არის ასიმეტრიული ფედერალიზმისკენ მსვლელობა, რაც ამ ეტაპზე ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, სამწუხაროდ, ერთადერთი გამოსავალია.”

მე კონცეფციის მიმართ რიგითი დევნილების დამოკიდებულებითაც დავინტერესდი.

[ქალბატონის ხმა] “ვერაფერსაც ვერ შევთავაზებთ. აფხაზეთი არის უძველესი ქართული მიწა და იცხოვრებენ ისე, როგორც ყველა ქართველი იცხოვრებს. ზედმეტმა შეთავაზებამ დაგვაკარგვინა აფხაზეთი.”

[ქალბატონის ხმა] “ უნდა განთავისუფლდეს ტერიტორია. მე ასეთი წარმოდგენა მაქვს, მაგალითად. აფხაზების მონობის ქვეშ მე იქ არ დავბრუნდები.”

[მამაკაცის ხმა] “პროექტი არ მომწონს, რა თქმა უნდა. უფლებამოსილება ყველაფერს აძლევს და მე მონად უნდა ჩავუვარდე ხელში? არა, მე ამ განწყობით ვერ ვიცხოვრებ!”

ჩემი რესპონდენტების განწყობიდან კარგად ჩანს, თუ რა მასშტაბის სამუშაოს ჩატარება მოუწევთ კონცეფციის ავტორებს, ვიდრე მათ მიერ დაწერილი პროექტი ქართული საზოგადოებისთვის მისაღები გახდება. თუმცა, სავარაუდოდ, გაცილებით ძნელი მაინც აფხაზური საზოგადოების დაინტერესება და დაყოლიება იქნება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG