Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაილ ხოდორკოვსკი მისთვის წაყენებულ ბრალდებებს “აბსურდულად” მიიჩნევს


დღეს ისევ მოგვიწევს საუბარი რუსეთის ნავთობკომპანია “იუკოსთან” დაკავშირებულ მოვლენებზე. როგორც იცით, მოსკოვში მიმდინარეობს ამ კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, მიხაილ ხოდორკოსვკის სასამართლო პროცესი.

მისთვის წაყენებულ ბრალდებებს შორის თაღლითობა და გადასახადების გადაუხდელობაა. ჩვენს გადაცემებში უკვე ითქვა, რატომ იწვევენ “იუკოსი” და ხოდორკოვსკის პროცესი ასეთ ინტერესს რუსეთშიც და უცხოეთშიც: “იუკოსი” რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა, რომელზეც ნავთობის საექსპორტო მოცულობის მეხუთედი მოდის, ათასობით ადამიანია მასში დასაქმებული ან მისი აქციების მფლობელი. რაც შეეხება თვით მიხაილ ხოდორკოვსკის - ის, სხვა თუ არაფერი, რუსეთში უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებაც (საფინანსო პროფილის ჟურნალ “ფორბსის” შეფასებით) 14 მილიარდ დოლარს აღწევს.

ხუთშაბათს მიხაილ ხოდორკოვსკიმ, რომელსაც თითქმის ცხრა თვეა უწევს წინასწარ პატიმრობაში ყოფნა, თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა, შემდეგ კი “აბსურდული” უწოდა მისთვის სასამართლოში წაყენებულ ყველა ბრალდებას. მათ შორის არის ბრალდება, რომ ხოდორკოვსკიმ თაღლითობით მოიპოვა აქციები 90-იან წლებში, სახელმწიფო კომპანიების პრივატიზებისას.

ბრალდებები უარყო პლატონ ლებედევმაც - ისიც, ხოდორკოვსკივით, “იუკოსის” აქციების მნიშვნელოვანი ნაწილის მფლობელია; მასაც, ხოდორკოვსკივით, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. [პადვას ხმა] “ორივემ განაცხადა, რომ არ ეთანხმებიან ბრალდებებს, .. რომ ეს ბრალდებები არათანამიმდევრულად, წინააღმდეგობრივად, და რეალობასთან შეუასაბამოდ მიაჩნიათ. ორივემ განაცხადა, რომ პროცესის მსვლელობაში შეეცდებიან საკუთარი უდნაშაულობის დამტკიცებას”, - ეს ჟურნალისტებთან საუბარში თქვა ხოდორკოვსკისა და ლებედევის ვექილმა გენრიხ პადვამ.

ხოდორკოვსი და ლებედევი აცხადებენ ასევე, რომ მათი სასამართლო პოლიტიკურ ანგარიშსწორებას წააგავს და სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფოს მცდელობა, “განტევების ვაცი” გამონახოს 90-იანი წლების პრივატიზაციის საკითხში თავის გასამართლებლად. “ესაა უხეირო მცდელობა, მე გადმომაბრალონ შეცდომები, დავშებული პრივატიზაციის შესახებ კანონმდებლობაშიო”, თქვა ხოდორკოვსკიმ. მანვე სასამართლოს შეახსენა, რომ სახელმწიფო ხაზინაში შეტანილი გადასახადების მოცულობით “იუკოსი” მხოლოდ გაზის მონოპოლისტ კომპანია “გაზპრომს” ჩამოვუარდებოდა და რომ ყოველწლიურად, გადასახადების სფეროში, 500-მდე შემოწმებას გადიოდა.

ამასობაში, იუწყებიან საინფორმაციო სააგენტოები, კომპანია “იუკოსმა” დაიწყო იმ თანხის დაფარვა, რომელსაც მისგან მთვარობა მოითხოვს გასული წლების გადასახადებისათვის თავის არიდების ბრალდებით. ლაპარაკია 8 მილიარდამდე დოლარზე და მისი გასტუმრების დაწყება, “იუკოსის” ხელმძღვანელობის განმარტებით, არის კეთილი ნების ჟესტი, მაშინ როცა მთავრობა განიხილავს “იუკოსის” წინადადებას, ერთბაშად კი არა, 3 წელიწადში გადაიხადოს დავალიანება და ამით თავიდან აიცილოს გაკოტრება.

დაბოლოს, კიდევ ერთი საყურადღებო ინფორმაცია: “იუკოსის” ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ვიქტორ გერაშჩენკომ პარასკევს გამოთქვა მოსაზრება, რომ კომპანიაში სერიოზული კონფლიქტი სუფევს აქციების მფლობელებისა და მენეჯერების სხვადასხვა ჯგუფებს შორის. ამას გერაშჩენკო ამბობს. მანამდე, ოთხშაბათს, გერაშჩენკოს “იუკოსის” ხელმძღვანელის პოსტიდან გადაყენება მოითხოვა მიხაილ ხოდორკოვსკიმ.
XS
SM
MD
LG