Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხდება თუ არა მოსკოვში წარმოებული 2 დღიანი მოლაპარაკება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მშვიდობის გარანტი


მოსკოვში წარმოებული მოლაპარაკების შემდეგ საქართველოს მხარე მიიჩნევს, რომ ცხინვალის რეგიონში ომის საფრთხე დაძლეულია. ამის შესახებ განცხადება

პარასკევს პრეზიდენტმა სააკაშვილმაც გააკეთა და სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამაც. მოსკოვში შერეულ საკონტროლო სხდომაზე საქართველოს მხარეს სწორედ გოგა წარმოადგენდა. მანვე მოაწერა ხელი პროტოკოლს, რომელიც, სხვადასხვა განცხადებებით, კონფლიქტის ზონაში, შესაძლოა, მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი გახდეს.
რამდენად იქნება ასე, ამის ზუსტად თქმა ძნელია, თუმცა მოსკოვში შემდგარ მოლაპარაკებას პირველი შედეგები უკვე ახლავს. პირველ შედეგებზე პირველი კომენტარი მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა და თქვა, რომ საქართველოში, კერძოდ კი, ცხინვალის რეგიონში რუსეთიდან შემოსული ბოევიკები აღარ იმყოფებიან.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ისინი გაყვანილნი არიან საქართველოს ტერიტორიიდან, საბრძოლო მზადყოფნა სეპარატისტებს აღარა აქვთ. სამშვიდობო ძალებისგან მათ მიიღეს ინსტრუქცია, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყებას ისინი ვერ შეძლებენ. ერთი სიტყვით, ამ ეტაპზე ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა. “

კონფლიქტის ზონაში რამდენად არის შენარჩუნებული მშვიდობა, ამაზე ოსებს საკუთარი წარმოდგენა აქვთ:

[თვითგამოცახდებული რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ხმა] “სამხედროები, რომლებიც არიან კონფლიქტის ზონაში და არ ექვემდებარებიან სამშვიდობო ძალებს, კონფლიქტის ზონაში უკანონოდ იმყოფებიან და ძაბავენ სიტუაციას. ისინი უნდა გავიდნენ იქიდან. “

ეს გახლდათ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. ცხინვალში პარასკევს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს თბილისისთვის ერთგვარი ულტიმატუმი წაეყენებინათ - მოეთხოვათ შაბათამდე საქართველოს შინაგანი ჯარისა და პოლიციის ქვედანაყოფების გაყვანა კონფლიქტის ზონიდან. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ოსური მხარე შესაბამისი ზომების მიღებით იმუქრება; საქართველოს პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ქართული პოლიცია დიდი და პატარა ლიახვის ხეობის სოფლებს არ დატოვებს. მისივე სიტყვებით, მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შედეგი სწორედ ისაა, რომ ყველამ აღიარა ამ სოფლების დაცვის აუცილებლობა.

მოსკოვში მოლაპარაკება რთული იყო. რუსეთის მხარემ არ გაიზიარა საქართველოს მოთხოვნა როკის გვირაბის ერთობლივად გაკონტროლებისა და იქ საქართველოს შეიარაღებული ძალების ან საბაჟოს ბლოკპოსტების გახსნის თაობაზე, თუმცა, ხელმოწერილი ოქმით, საქართველოს უნდა მიეცეს საშუალება გააკონტროლოს აქამდე ხელშეუხებელი ჯავის რაიონი. უფრო მეტს მოსკოვში ხელმოწერილი ოქმის შესახებ არაფერს ამბობენ. განმარტებები ზოგადია - ისეთი, როგორიც ჩვენთან საუბრისას გააკეთა სახელმწიფო კანცელარიის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მთავარმა სპეციალისტმა ირაკლი ანთაძემ:

[ირაკლი ანთაძის ხმა] “ეს არის შუალედური დოკუმენტი იმ თვალსაზრისით, რომ მის საფუძველზე უნდა განახლდეს კონსულტაციები, რათა თავიდან იქნეს არიდებული ყველა უსიამოვნო ექსცესი. “

საქართველოს მხარე აპირებს გააგრძელოს მოლაპარაკება როკის გვირაბის ერთობლივად გაკონტროლების მოთხოვნით. ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისია ვითარების ნორმალიზაციისთვის ცხინვალში მუშაობის მუდმივ რეჟიმზე გადადის. პრეზიდენტ სააკაშვილის ინფორმაციით კი, კონფლიქტის ზონა უკვე დატოვეს იქ რუსეთიდან შესულმა ბოევიკებმა - ასეთია მოსკოვში შემდგარი მოლაპარაკების შედეგი. თუკი ის წარმატებულად შეიძლება იქნეს მიჩნეული, გოგა ხაინდრავა ამ წარმატების მოტივად საქმეში დასავლეთის აქტიურ ჩარევას ასახელებს.

რაც შეეხება იმას, ექნება თუ არა რაიმე მნიშვნელობა მოსკოვში ხელმოწერილ ოქმს, ამას, ალბათ, ისევ დრო გვიჩვენებს.
XS
SM
MD
LG