Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროცესო შეთანხმება “საქართველოს ბანკსა” და პროკურატურას შორის


სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

საუბარია ზუგდიდის საოლქო საგადასახადო სამსახურის მიერ ხელოვნური აქტივების გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარის დატაცებაზე. სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს “საქართველოს ბანკიც”. სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურის მიერ დაკავებულ 8 პირს შორის “საქართველოს ბანკის” ორი თანამშრომელიც აღმოჩნდა. თუმცა, ბანკსა და პროკურატურას შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, “საქართველოს ბანკის” ცენტრალური ფილიალის ხელმძღვანელი ივანე ნიკოლეიშვილი და გენერალური დირექტორი დავით ჯაფარიძე 19 ივლისს გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ თავისუფლებაში 6 მილიონი დოლარი გადაიხადეს.

“საქართველოს ბანკში” საპროცესო შეთანხმებისა და, ამის საფუძველზე, ფულადი ავანსის გადახდის ფაქტს არ ადასტურებენ. ბანკში ამ საკითხების შესახებ კომენტარზე უარს აცხადებენ, თანამშრომლების დაკავების ფაქტს კი გაუგებრობას მიაწერენ და შიშობენ, რომ მომხდარმა გაუგებრობამ “საქართველოს ბანკის” წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას არ შეუწყოს ხელი. პროკურატურაში გამართულ პრესკონფერენციაზე 20 ივლისს აღნიშნულ ვერსიას მიემხრო საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე კახა კობერიძეც. მისი თქმით, “საქართველოს ბანკისადმი” მიყენებული ბრალდებები გაუგებრობის საგანია და, შესაბამისად, თემაც ამოწურულია.თუმცა თემის ამოწურვის საფუძველი რომ გარიგებაა და არა უბრალო გაუგებრობა, ამაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორის როლანდ ახალაიას შემდეგი განმარტება ცხადყოფს:

[როლანდ ახალაიას ხმა] ”საპროცესო შეთანხმებაა, რომელიც არ ექვემდებარება განხილვას და ვერ გეტყვით. პროცესუალური შეთანხმებაა, თანამშრომლობა. ახლა მიღებულია კანონი, როცა თანამშრომლობაზე წამოვა პიროვნება, ჩვენ გვაქვს უფლება, რომ შევიდეთ საპროცესო შეთანხმებით სასამართლოში და სასჯელი შევუმსუბუქოთ. გავაკეთეთ უკვე ყველაფერი და ამ პიროვნებებთან მოხდა საპროცესო შეთანხმება ( საპროცესო შეთანხმება ფულად კომპენსაციასაც გულისხმობს, ალბათ, ხომ? ნ.მ.) კი, კი, ყველაფერს გულისხმობს. მეტი აღარ შემიძლია ახლა მე რომ გითხრათ, იმიტომ რომ ეს ბანკის საიდუმლოებას წარმოადგენს და მეტის განხილვა მე არ შემიძლია.”

ბანკის საიდუმლოების შესახებ ცნობილი გახდა “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” სათავო ოფისში. აღნიშნული ბანკი “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთი უცხოური პარტნიორია და გრძელვადიან საკრედიტო ხაზებს ფლობს. “საქართველოს ბანკის” მიერ პროკურატურასთან დადებული სოლიდური მატერიალური გარიგება მათთვის მიუღებელი და შემაშფოთებელი აღმოჩნდა, თუმცა საჯარო კომენტარს “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიც” თავს არიდებს.

[აქსელ რაიზერა]”ჩვენთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რაც ტელევიზიით განაცხადა პროკურორმა. კერძოდ, სამართალდამცავებს “საქართველოს ბანკთან” პრეტენზიები არა აქვთ.”
[შეკითხვა]”არსებობს ინფორმაცია, რომ თქვენი ბანკი საკმაოდ შეაშფოთა იმ ფაქტმა, რომ დაკავებულთა გასათავისუფლებლად 6 მილიონი დოლარის გადახდა გახდა საჭირო.”
[აქსელ რაიზერა] “ჩვენ ამაზე კომენტარის გაკეთება არ შეგვიძლია.”
[შეკითხვა]”ანუ არაფერი იცით ამის თაობაზე?”
[აქსელ რაიზერა]” ჩვენ კომენტარის გაკეთება არ შეგვიძლია.”

ჩვენი ლონდონელი რესპონდენტის აქსელ რაიზერას თქმით, “საქართველოს ბანკი” “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” საიმედო პარტნიორია. თუმცა პარტნიორის მონიტორინგის პროცესი შექმნილი ვითარების შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა.
XS
SM
MD
LG