Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აგრესიის გასანეიტრალებლად ბენდუქიძეს აგრესიულ PR-ს ურჩევენ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ეკონომიკის განვითარების მინისტრის კახა ბენდუქიძის წინააღმდეგ აგორებული აქციები სავსებით ორგანიზებულ ხასითს იძენს.

ეკონომიკის მინისტრს აგრესიული საპრივატიზაციო პოლიტიკის გამო ლამის ”საქართველოს მოღალატედ” რაცხავენ და მის მიმართ შეურაცხმყოფელ გამოთქმებსა და ქმედებებსაც არ ერიდებიან. სამინისტროს წინ დაწყებული საპროტესტო აქციები რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის პრესკონფერენციით გრძელდება. რას ედავებიან კახა ბენდუქიძეს და რა უნდა დაუპირისპიროს მინისტრმა ანტისაპრივატიზაციო კამპანიას?

კახა ბენდუქიძის თამამ საპრივატიზაციო პოლიტიკას მისი გაცხადებისთანავე აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა საზოგადოებაში. ამ პოლიტიკის მიმართ მოკრძალებული შენიშვნები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აგრესიულ პროტესტში გამოიხატა, რომელიც კარგა ხანია გასცდა უწყინარი აქციების ფორმატს.
ეკონომიკის მინისტრის პროგრამას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიდანაც, რომელთაც ეჭვი ეპარებათ რეფორმატორთა კეთილსინდისიერებაში და ფიქრობენ, რომ ”შესაძლოა, საქმე გვქონდეს ღრმად შენიღბულ დივერსიასთან“. არასამთავრობოები საზოგადოებას რეფორმის წინააღმდეგ დაწყებულ მოძრაობაში გაერთიანებისკენ მოუწოდებენ. პრივატიზაციის პროგრამის მიმართ კრიტიკულად განწყობილმა არასამთავრობოებმა სახალხო დამცველის ოფისში პრესკონფერენციაც გამართეს.

ბენდუქიძის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის აგრესიულობამ და ორგანიზებულობამ ეჭვი დაბადა, რომ ამ აქციების უკან კონკრეტული ძალები დგანან, რომლებიც არც ფინანსებს და არც ადამიანურ რესურსს არ იშურებენ სახელმწიფო ქონების განკერძოების ჩასაშლელად. პრემიერ-მინისტრისა და ეკონომიკის მინისტრის ამ ეჭვებს ექსპერტებიც იზიარებენ. ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე 3 ტიპის ძალაზე აკეთებს აქცენტს:

[სანდრო თვალჭრელიძის ხმა] ”სამი ტიპის ძალა შეიძლება იყოს. პირველი, ეს არის შეურიგებელი ოპოზიცია, რომელიც ყველაფერზე ყვირის, მეორე არის რეიტინგდაკარგული ან რეიტინგშემცირებული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ეძებენ დასაყრდენს ”ლუმპენ პროლეტარიატში” და მესამე, მართალი იყო ზურაბ ჟვანია, ვეთანხმები მას, რომ ეს არიან ის ჩინოვნიკები, რომლებიც მართავდნენ სახელმწიფო ქონებას და მილიონობით დოლარს ქრთამის სახით იდებდნენ ჯიბეში. ყველაზე მეტად სახიფათო კი ამ სამი ძალის შერწყმა და გაერთიანება იქნება.”

რას უპირისპირებს მთავრობა და, კერძოდ, ეკონომიკის მინისტრი ამ ორგანიზებულ აგრესიას? ბენდუქიძე, რომელიც ცნობილია თავისი საკმაოდ ხისტი განცხადებებით, პირიქით, საზოგადოების პროტესტს აღვივებს, ხოლო მთავრობა დასაბუთებული და კარგად შეფუთული ”შეტყობინებების” საზოგადოებამდე მიტანას ვერ ან არ ახერხებს. შესაბამისად, ”საყოველთაო პრივატიზაციაზე” სოციალური პოპულიზმის და ფსევდოპატრიოტიზმის ტალღის აგორება საკმაოდ მარტივია.

სანდრო თვალჭრელიძე ფიქრობს, რომ ბენდუქიძემ სწორი საზოგადოებრივი კამპანია უნდა წარმართოს და ამისათვის თანხები არ უნდა დაიშუროს:

[სანდრო თვალჭრელიძის ხმა] ”ყველაფერი თავდაყირა არის დაყენებული: ის, რაც კარგია საქართველოსთვის, ცუდს იძახიან და რაც ცუდია, ის კარგად ინათლება. ეს არის ძალიან დიდი რეზერვი, რომელსაც ჩვენი მთავრობა რატომღაც ვერ იყენებს. არც ერთი კარგი პიარსპეციალისტი ჩვენს მთავრობაში არ არის.”

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ საკმაოდ აგრესიული პიარკამპანიით ხელისუფლებაში მოსულ მთავრობას რეფორმების გატარებისათვის სწორედ ამ რესურსის გამოუყენებლობას უწუნებენ. არადა, კარგად წარმართული საზოგადოებრივი კამპანიის გარეშე მტკივნეული, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელი რეფორმების გატარება დღევანდელ რეალობაში უკიდურესად გაჭირდება.
XS
SM
MD
LG