Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ახალგაზრდული პროგრამა”.


ეთერშია რადიო “თავისუფლების” “ახალგაზრდული პროგრამა”. მასში ვისაუბრებთ ბავშვთა სახლებში

აღზრდილი ახალგაზრდების პრობლემებზე, იმაზე, ბავშვთა სახლებიდან წამოსვლის შემდეგ როგორ უწევთ მათ დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყება. ამას გარდა, გაგაცნობთ როგორ არსებობს და რას სთავაზობს საზოგადოებას მოხეტიალე თეატრი “მოძრაობის თეატრი,” რომლის დასშიც, ასე ვთქვათ, ყველაზე ხანდაზმული მსახიობი 23 წლისაა.
დავიწყოთ ბავშვთა სახლებში აღზრდილთა პრობლემებით, იმით, თუ სად ცხოვრობენ, მუშაობენ და იღებენ განათლებას ისინი მას შემდეგ, რაც ასაკის გამო კანონი აიძულებთ დატოვონ ის გარემო, სადაც გაიზარდნენ, წავიდნენ ობოლთა და მზურვენლობას მოკლებულთა სახლებიდან. ამ თემაზე ანა ჭიჭინაძე მოგითხრობთ. ანამ და შორენა საბაშვილმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, სიუჟეტი ჩვენი პროგრამისთვის დავით პაიჭაძის ხელმძღვანელობით მოამზადეს.

იხ.ხმოვანი ვარიანტი.




სიუჟეტი იმის შესახებ, სად ცხოვრობენ, მუშაობენ და იღებენ განათლებას ბავშვთა სახლებში აღზრდილი და იქიდან წამოსული ახალგაზრდები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკლუტეტის სტუდენტებმა ანა ჭიჭინაძემ და შორენა საბაშვილმა მოამზადეს.

ეთერშია რადიო “თავისუფლების” ყოველკვირეული “ახალგაზრდული პროგრამა”. საუბარს “მოძრაობის თეატრის” ირგვლივ გავაგრძელებთ. ეს არის საქართველოში საკმაოდ წარმატებული მოხეტიალე თეატრი, რომლის დასშიც ყველაზე ხანდაზმული მსახიობი 23 წლისაა. “მოძრაობის თეატრი” ამ ზაფხულს დიდ ტურნეს იწყებს. მან სპექტაკლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უნდა წარმოადგინოს.

[ხმა “მოძრაობის თეატრის” რეპეტიციიდან]

მუსიკას “მოძრაობის თეატრისთვის” თეატრის კომპოზიტორი წერს. კომპოზიტორი, ხმის ოპერატორი , მენეჯერი, რეჟისორი კახა ბაკურაძე და 10 ახალგაზრდა მსახიობი ქმნიან იმას, რასაც ეს თეატრი წარმოადგენს. “მოძრაობის თეატრი” ახდენს იმ ყველაფრის სინთეზს, რაც თეატრშია: ცეკვის, - როგორც თანამედროვე ცეკვის, ისე ფოლკლორულის, - ბალეტის, აკრობატიკის, პანტომიმის და ასე შემდეგ. დრამატულ თეატრში თუ წამყვანი მნიშვნელობა ტექსტუალურ მხარეს ენიჭება, “მოძრაობის თეატრში” მთავარი მოძრაობაა. საქართველოში მოქმედი ასეთი თეატრი მოცემულ ეტაპზე რეპეტიციებს თბილისში, ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ნახევრად დანგრეულ შენობაში, გადის და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სპექტაკლების გასატანად ემზადება. სარეპეტიციო პირობები თითქმის არ არსებობს. მუშაობა ნახევრად დანგრეულ მტვრიან დარბაზში მიდის, - ყოველდღიურად 5- 6- 7 საათიანი რეპეტიციები, - მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ცუდი პირობები ახალგაზრდა მსახიობებისა და მათი რეჟისორის ენთუზიაზმს არ ამცირებს. მთავარია ის, რომ “მოძრაობის თეატრი” საქართველოს სხვადასხვა მხარეში თბილისიდან გასვლითი მოგზაურობისთვის ემზადება. თეატრის რეჟისორის კახა ბაკურაძის თქმით, დაგეგმილი იყო მთლიანი ტურნე, თბილისიდან გასვლა და მთელი საქართველოს შემოვლა, მაგრამ უსახსრობის გამო არ გამოვიდა:


[კახა ბაკურაძის ხმა] “რომ გვქონდეს მგზავრობისთვის საკმარისი თანხა, ერთ გზაზე შემოვივლიდით საქართველოს, მთელ წელს ვიმოგზაურებდით, ყველა ქალაქსა და ყველა სოფელში შევივლიდით. სამწუხაროდ, ამის თანხა არ არსებობს. გამოჩნდება რამე და ერთ ქალაქში ჩავალთ, ვითამაშებთ, დავბრუნდებით და მერე, როცა რამეს ვიშოვით, სხვაგან წავალთ.”

ასე და ამგვარად “მოძრაობის თეატრი” ამ ზაფხულს წარმოდგენებს კასპში, ყვარელში, ვანში, ქობულეთში, გონიოსა და ჩხოროწყუში გამართავს. დასწრება თეატრის სპექტაკლებზე, როგორც ყოველთვის, თავისუფალი იქნება. სპექტაკლების ნახვისთვის თანხის გადახა ნაბაყოფლობითია. ვისაც შეუძლია, გადაიხდის, ვისაც არ შეუძლია - არა; ვისაც უნდა, შესწირავს თეატრს რამეს, თუნდაც გადაგდებულ დახეულ ფეხსაცმელებს, ვისაც არ უნდა - არა.


[კახა ბაკურაძის ხმა] “მოხეტიალე თეატრის პრინციპი როგორი არის, იცით? თეატრი ღებულობს შემოწირულობას, ანუ ჩვენ ვასწავლით ხალხს დონორობას კულტურის სფეროში. შეგიძლია მოიტანო ერთი მსხალი, შეგიძლია შემოგვწირო ფული, ანდაც -არა. შეგიძლია მოგვიტანო დახეული ფეხსაცმელი, რომელსაც რაღაცაში გამოვიყენებთ, ან ლამაზი ფოთოლი, რომელსაც მინის ქვეშ შევინახავთ. მოაქვთ ასეთი რაღაცეები და უამრავი რამე გროვდება. “

ეს პრინციპი შეიძლება ვინმეს უჩვეულოდ მოეჩვენოს, ისევე როგორც კიდევ ერთი პრინციპი - თეატრს არ ჰქონდეს საკუთარი სარეპეტიციო დარბაზი. საქმე ის არის, რომ ამ ყველაფრის გარეშე “მოძრაობის თეატრი” მოხეტიალე თეატრი არ იქნება. მისმა დასმა შარშან თუ მუსკომედიის თეატრში გამოიზამთრა და წლევანდელი საზაფხულო გასვლებისთვის ყოფილი ფაბრიკის შენობაში ემზადება, სექტემბრიდან “სამეფო უბნის თეატრს” შეეკედლება და ახალ სპექტაკლზე მუშაობასაც იქ დაიწყებს. ასე გრძელდება მუდმივად. არ არის მატერიალური დახმარება, თეატრს ფინანსურად ძალიან უჭირს, მაგრამ არის ენთუზიაზმი და, რაც მთავარია, იმ მიმართულების დიდი სიყვარული, რასაც უხსოვარი დროინდელი ტრადიციების პანტომიმა წარმოადგენს.



[კახა ბაკურაძის ხმა] “ პანტომიმის ტრადიცია ძალიან ძველია, ბერიკები ეგენი არიან. გაცილებით ადრეულ პერიოდს გავიხსენებ: როცა ადამიანი გამოქვაბულში ცხოვრობდა, ნადირობიდან დაბრუნდა და ცოლს მოუყვა, როგორ მოკლა მამონტი. არ ლაპარაკობდნენ და მოუყვა. აი, აქედან დაიწყო პანტომიმა. “ (სტილი დაცულია)

წლების წინ კახა ბაკურაძემ და მისმა მეგობრებმა პანტომიმის თეატრი გერმანიაშიც ჩამოაყალიბეს. ის დღესაც წარმატებით განაგრძობს არსებობას. კახამ უცხოეთში ვერ გაძლო, სახლი მოენატრა და 2000 წელს სამშობლოში დაბრუნდა. “მოძრაობის თეატრი” აქ 2001 წელს შექმნა და მას შემდეგ 3 სპექტაკლი დადგა: “რიჩარდ მესამე”, “მიმიკრია” და “ჩუმად, რეპეტიცია”. მეოთხე ახალი სპექტაკლის პრემიერა “სამეფო უბნის თეატრში” გაიმართება , მანამდე კი “მოძრაობის თეატრის” ძველ სპექტაკლებს საქართველოს სხვადასხვა რაიონში ნახავენ. ახალგაზრდა მსახიობების დასი ამისთვის საგულდაგულოდ ემზადება. როგორც კახა ბაკურაძე ამბობს, საქართველოს რაიონებში მის თეატრს საოცრად ფართო წარმოსახვის, ძალიან საინტერესო და გულთბილი მაყურებელი ელის.
XS
SM
MD
LG