Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაეს სასამართლოში მევლუდ (შოთა) ჭიჭიაშვილის საქმის განხილვა დაიწყო


თითქმის ერთწლიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, 28 ივლისს უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ, მოსამართლე იური ტაბუცაძის ხემძღვანელობით, საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად შერაცხული მევლუდ, იმავე შოთა ჭიჭიაშვილის საქმის განხილვა დაიწყო.

ჭიჭიაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსკოვში 2003 წლის 24 ივნისს დააპატიმრეს. ოფიციალური ინფორმაციით, მას ბრალი ადამიანის გატაცებაში, მკვლელობასა და ბანდიტიზმში ედება. პროკურატურის მტკიცებით, ჭიჭიაშვილის სახელს უკავშირდება 2000 წელს, გამოსასყიდის მიღების მიზნით, ესპანელი ბიზნესმენების - ფრანცისკო როდრიგესისა და ანტონიო ტრიმილიოს, ასევე ინგლისელი ბანკირის პიტერ შოუსა და წითელი ჯვრის თანამშრომლის გატაცების შემთხვევები.

პროკურატურის მონაცემებით, 1975 წელს დაბადებულ შოთა ჭიჭიაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 224-ე, 236-ე, 209-ე, 104-ე, 179-ე და 143-ე მუხლების ნიშნით ჩადენილ დანაშაულებათა გამო ედება. რუსეთიდან ჭიჭიაშვილის ექსტრადირება დაკავებიდან ნახევარი წლის თავზე, მიმდინარე წლის 24 იანვარს, მოხდა. მის ჩამოსაყვანად მოსკოვში საგანგებოდ საქართველოს უშიშროების მაშინდელი მინისტრი ვალერი ხაბურძანია გაემგზავრა. სწორედ მაშინ, რუს კოლეგებთან შეხვედრისას, უწოდა ხაბურძანიამ ჭიჭიაშვილს “საქართველოს ნომერ პირველი ტერორისტი”. მოყოლებული ამ დღიდან, ქართული პრესა ჭიჭიაშვილს სხვაგვარად არც მოიხსენიებს. სასამართლო პროცესის დაწყების წინ განსასჯელის ადვოკატმა მაკა ჩეჩელაშვილმა ჩემთან საუბარში სწორედ ეს გარემოება გააპროტესტა:

[მაკა ჩეჩელაშვილის ხმა] “იცით რა არის? თუ გადავხედავთ მის ბიოგრაფიას, საერთოდ სამართალშიც კი არ არის მიცემული, ხასიათდება ძალიან დადებითად და ერთ-ერთი ყელაზე მეტად პატიოსნად მცხოვრები ბიჭი იყო და ახლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ “პირველი კრიმინალია”, თუმცა დოკუმენტი, დამადასტურებელი, რომ მან ჩაიდინა რამე დანაშაული, ბუნებაში არ არსებობს და, რაც შეეხება წარდგენილ ბრალდებას, დაველოდოთ სასამართლოს - დაუმტკიცდება, არ დაუმტკიცდება ეს ბრალი… შეიძლება არც დაუმტკიცდეს და გამართლდეს კიდევაც.”



“კვირის პალიტრის” ჟურნალისტი დავით დევიძე განსასჯელს იშვიათი ნიჭის კრიმინალურ ავტორიტეტს უწოდებს. მისი თქმით, შოთა ჭიჭიაშვილი რამდენიმე წლის წინ სამართალდამცავ სტრუქტურებში, კერძოდ კი, შინაგან ჯარში მსახურობდა:

[დავით დევიძის ხმა] “თავისი ინტელექტით არის ძალიან ძლიერი პიროვნება. თვითონ უშიშროების თანამშრომლები აღიარებენ, რომ თავის საქმეში გენიოსი, გენერალი არისო. რამდენადაც მე ვიცი, რომ ჩამოიყვანეს, უნდოდათ მისგან მიეღოთ ჩვენება, რათა თარგამაძესა და კენჭაძეზე გასულიყვნენ, მაგრამ, რამდენადაც მე ვიცი, დუმილის უფლებას იყენებს და დღემდე დუმს, იმიტომ რომ რაიმე მნიშვნელოვანი ჯერ არ უთქვამს.” (სტილი დაცულია)

იმ ფაქტს, რომ ჭიჭიაშვილი დუმილის უფლებით სარგებლობს, მისი ადვოკატი მაკა ჩეჩელაშვილიც ადასტურებს. ამ უფლებაზე უარი განსასჯელს არც 28 ივლისს უთქვამს: პროცესი ისე გაიხსნა და ისე გადაიდო, რომ უზენაესი სასამართლოს შენობაში მიყვანილ ჭიჭიაშვილს დუმილი არ დაურღვევია. პროცესი კი 15 სექტემბრისათვის შემდეგი მარტივი მიზეზის გამო გადაიდო: პროკურატურის წარმომადგენელმა საოლქო სასამართლოდან გადმოგზავნილი მასალების შესასწავლად დამატებითი დრო ითხოვა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG