Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ყიდის საქართველოს მთავრობა მომგებიან სახელმწიფო კომპანიებს


ორ კვირაზე მეტია ეკონომიკის სამინისტროს წინ ”ზვიად განმათავისუფლებლის” პარტიის პერმანენტული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ეკონომიკის მინისტრის

კახა ბენდუქიძის წინააღმდეგ. მინისტრის საპრივატიზაციო პოლიტიკა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა გარდა, გაუგებარია ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვისაც. ბენდუქიძე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა ობიექტის - მათ შორის, მომგებიანი საწარმოების - გაყიდვასაც აპირებს. მომგებიან სახელმწიფო კომპანიათა სათავეში დგას თბილისის საავიაციო ქარხანა და ბათუმის საზღვაო პორტი. რატომ გადაწყვიტა საქართველოს მთავრობამ ამ საწარმოების განკერძოება?

თბილისის საავიაციო, ყოფილი 31-ე, ქარხანა დაახლოებით ერთი წლის წინ 10 წლიანი მართვის უფლებით გადაეცა იმ დროისთვის თბილავიამშენის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პანტიკო თორდიას კერძო კომპანიას. თბილავიამშენი სწორედ თორდიას ხელმძღვანელობისას გამოვიდა კრიზისიდან და მომგებიან საწარმოდ იქცა. სამხედრო თვითმფრინავების მწარმოებელი ეს ქარხანა უკვე 4 წელია თურქმენეთის წინაშე საქართველოს საგარეო ვალის გასტუმრებაზე მუშაობს და 300 მილიონ დოლარზე მეტი ვალი 160 მილიონი დოლარით შეამცირა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის საავიაციო ქარხანა სწორედ პანტიკო თორდიას კომპანიას გადაეცემა პირდაპირი მიყიდვის წესით.
ეს იმიტომ, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია 10 წლიანი ხელშეკრულება დაარღვიოს აუქციონის გამოცხადებით:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”ფასი დგინდება ფინანსური მდგომარეობისა და პერსპექტივების გაანალიზების შემდეგ, ანუ ჩვენ გვესმის ფასის დაახლოებითი დიაპაზონი და შემდეგ იწყება ვაჭრობა.”

ეს განცხადება ეკონომიკური განვითარების მინისტრმა კახა ბენდუქიძემ ორიოდე კვირის წინ გააკეთა - მაშინ, როდესაც საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა გამოაქვეყნა. თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, ვაჭრობა არ გამართულა, ისე დადგინდა ქარხნის გასაყიდი ფასი. თბილავიამშენი პანტიკო თორდიას გასული 2 წლის მანძილზე თურქმენეთში გადატვირთული 65 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციის სანაცვლოდ გადაეცემა. ამის წინააღმდეგ გამოდიან ბენდუქიძის იდეოლოგიური მოკავშირეები - ”ახალი მემარჯვენეები”:

[ირაკლი იაშვილის ხმა] ”თორდიაა ერთ-ერთი სერიოზული მენეჯერი, ამ დარგში მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ურთიერთობა. დღეს რომ ქარხანა მუშაობს, მისი სუბიექტური ფაქტორის დამსახურებაა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქციის ღირებულების სანაცვლოდ ქარხანა გადავცეთ კერძო საკუთრებაში. ის იყოს კერძო მენეჯერი, მოვიდეს ინვესტორი, დაიქირაოს თორდია და გადაუხადოს 2 მილიონი წელიწადში. მაგრამ ფორმა არის აბსოლუტურად წინააღმდეგობრივი. ერთს ამბობს მთავრობა და მეორეს აკეთებს.”(სტილი დაცულია)

რაც შეეხება ბათუმის საზღვაო პორტს, იგი საპრივატიზაციოდ მხოლოდ 2 თვის შემდეგ იქნება მზად და ღია აუქციონზე გაიყიდება. მანამდე მინისტრთა კაბინეტმა ბათუმის პორტისა და ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის იურიდიული გამიჯვნა უნდა შეძლოს. ორივე საწარმო მომგებიანია, თუმცა, ეკონომიკური განვითარების მინისტრის კახა ბენდუქიძის აზრით, მაინც უმჯობესია სახელმწიფო ქონებას კერძო მესაკუთრე გამოუჩნდეს:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს მანდ საკუთრება, იმიტომ რომ ეს არის ბიზნესი!”

ასეთია კახა ბენდუქიძის მოკლე და კონკრეტული პასუხი იმაზე, თუ რატომ ყიდის სახელმწიფო მომგებიან კომპანიებს.
XS
SM
MD
LG