Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოჯახური ცხოვრების სხვა სახე: ძალადობა ოჯახში


ალბათ, შესაძლებელია ითქვას, რომ ოჯახი ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი ცნებაა. საქართველოში ხშირად სიამაყით

საუბრობენ ‘ქართული ოჯახის’ ფენომენზე და მასში გამეფებულ ურთიერთპატივისცემაზე; ლაპარაკობენ ოჯახში ქალის და დედის დაფასებაზე. ოჯახი თითქმის ყველა საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ინსტიტუტს წარმოადგენს და, შესაბამისად, ოჯახის ცნებას, ალბათ, მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის არა აქვს გამორჩეული მნიშვნელობა. მაგრამ საქართველოს ბევრი სხვა ქვეყნისგან ის განასხვავებს, რომ აქ ოჯახის შესახებ საზოგადოება, ძირითადად, აღმატებულ ხარისხში საუბრობს და რეალურად არსებულ ბევრ პრობლემას ყურადღების მიღმა ტოვებს. დღეს მინდა სწორედ ერთ-ერთ ასეთ პრობლემაზე – ოჯახურ ძალადობაზე – გესაუბროთ.

[ელისო ამირეჯიბის ხმა] “თავიდან ყველა ფიქრობდა, რომ ის, რაც ხდება საზღვარგარეთ, ანუ ოჯახური ძალადობა, არანაირად არ ეხება საქართველოს, ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, ქალის მიმართ, დედის მიმართ, ქალიშვილის მიმართ დამოკიდებულებიდან გამომდინარე. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ბოლო წლების მოვლენებმა წინ წამოსწია ეს პრობლემა. როდესაც უამრავ ქალს აყენებენ შეურაცხოფას ოჯახში, როდესაც არის უამრავი ქალის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა, – ფიზიკურზე აღარ ვლაპარაკობ, – შეუძლებელია თქვა, რომ ეს პრობლემა საქართველოში არ არსებობს. “

ეს იყო ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის რეგიონალური კოორდინატორი ელისო ამირეჯიბი, რომელსაც ოჯახური ძალადობის აღმოფხვრისკენ მიმართულ ტრენინგზე შევხვდი. “ღია საზოგადოება-საქართველოს” ქალთა პროგრამის მიერ ორგანიზებული ეს ტრენინგი, რომელსაც ‘ცვლილებები მოძალადე მამაკაცების ქცევაში’ ერქვა, ივლისის ბოლოს გაიმართა თბილისში. ტრენინგზე საქართველოს რეგიონებიდან და პოსტსაბჭოთა ქყეყნებიდან ჩამოსულ აუდიტორიას შეერთებული შტატებიდან ჩამოსული ორი ინსტრუქტორი ასწავლიდა მოძალადე მამაკაცებთან მუშაობის მეთოდებს, მათი აგრესიის შემცირების მიზნით.
ალბათ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ოჯახი თითქმის ყველა საზოგადოებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტიტუტს წარმოადგენს. ამ ინსტიტუტში თაობები კულტურის ფასეულობებსა და ღირებულებებს სწავლობენ; ოჯახის მთავარ ფუნქციებში სოციალური წესრიგის შენარჩუნება და საზოგადოებრივი ნორმების დაცვა შედის. მაგრამ ოჯახის ცნება, ამავდროულად, გამიჯნულია საზოგადოებრივი სფეროსგან. ოჯახური კერა იმ პირად, კერძო სივრცეს გვიქმნის, სადაც ‘შინ’ ვართ და სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმებს ‘შინაურული’ ცვლის. ალბათ, ამიტომაც არის, რომ ოჯახურ კერაში შემხვედრ უსამართლობაზე ღიად და მასობრივად მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის წინ ალაპარაკდნენ და, ისიც, მხოლოდ რიგ ქვეყნებში. გვიანდელი 60-იანი და 70-იანი წლების დასავლეთის ქვეყნების ფემინისტების ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი – პირადი პოლიტიკურია – სწორედ ოჯახსა და პირად ცხოვრებაში განცდილი ჩაგვრის საზოგადოებრივ სფეროში გამოტანას და მისი აღმოფხვრის გზების ძიებას ემსახურებოდა. ქალის წინააღმდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ჩაგვრის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმა იყო და, სამწუხაროდ, დღემდე ასეთად რჩება. როგორც თბილისში ჩამოსულმა ერთ-ერთმა ინსტრუქტორმა, როუზ თელერმა, მითხრა, ქალზე ძალადობას მსოფლიოს უმეტეს კულტურებში მძლავრი და ღრმა ფესვები აქვს:

[როუზ თელერის ხმა] “ჩემი აზრით, ქალის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა მთელი მსოფლიოს კულტურებსა და ტრადიციებშია გავრცელებული. სადაც უნდა წახვიდეთ, ყველგან შეხვდებით მამაკაცებს, რომლებიც თავიანთ ცოლებს ან პარტნიორებს სცემენ. ეს პრობლემა ხშირად ტაბუირებულია ან სათანადო ყურადღება არ ექცევა. რიგ შემთხვევებში ამაში ისევ ქალს ადანაშაულებენ ხოლმე. ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალური სამართლის დამყარების თვალსაზრისით, ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიება ძალიან მნიშვნელოვანია.”

ცხადია, რომ ოჯახური ძალადობის ცნება მხოლოდ მამაკაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას არ გულისხმობს და, ზოგ შემთხვევაში, აგრესორად ქალიც შეიძლება მოგვევლინოს. მაგრამ, უმეტესი ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებით, ქალი ბევრად უფრო ხშირად არის ძალადობის მსხვერპლი, ვიდრე მოძალადე. მაგალითად, შეერთებულ შტატებში ქალი წლიურად დაფიქსირებული შემთხვევების 95%-ში გვევლინება მსხვერპლად; გამოთვლილია, რომ ყოველ 15 წამში ერთი ქალი მაინც განიცდის ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ აგრესიას მამაკაცის მხრიდან და ყოველდღიურად ამ აგრესიას ოთხი ქალი ეწირება. საქართველოში, ცხადია, ასეთი სტატისტიკა არ არსებობს. მეტიც, ‘ქართული ოჯახის ფენომენზე’ სიამაყით მოსაუბრე ჩვენს საზოგადოებაში ოჯახური ძალადობის თემა, დიდწილად, ტაბუდადებულის სტატუსს ინარჩუნებს. მაგრამ ძალადობა ქართულ ოჯახებშიც ხშირია; პრობლემის იგნორირება კი საზოგადოებრივ და იურიდიულ გულგრილობას იწვევს უამრავი ადამიანის ტკივილის მიმართ. ელისო ამირეჯიბის აზრით, ძალადობის მსხვერპლ ქალს საკუთარი უფლებების დაცვისთვის თითქმის არანაირი მექანიზმი არ გააჩნია:

[ელისო ამირეჯიბის ხმა] “როდესაც ქალს აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ან როდესაც ის დაჭრილია თავისი მეუღლის მიერ და მიდის პოლიციაში და აცხადებს, რომ ის ოჯახური კონფლიქტის შედეგად მივიდა ამ მდგომარეობამდე, პოლიცია ხშირ შემთხვევაში არანაირ ყურადღებას არ აქცევს. პირიქით – მიდის ზეწოლა ამ ქალზე, რომ გამოიტანოს თავისი საჩივარი უკან. ამბობენ, რომ ეს ქალები ოჯახს ზიანს აყენებენ, სახელს უტეხენ თავიანთი ასეთი საქციელით.”

თუმცა, როგორც ელისომ მითხრა, ბოლო პერიოდში ოჯახური ძალადობის თემამ პოლიციის ყურადღებაც მიიქცია. ამის მაგალითად მან შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი ალეკო მიქაბერიძე გამაცნო, რომელიც ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ ჩატარებულ ტრენინგს ესწრებოდა. ოჯახური ძალადობის პრობლემისადმი პოლიციის დამოკიდებულების შეცვლასთან დაკავშირებით ბატონმა ალეკომ შემდეგი რამ მითხრა:

[ალეკო მიქაბერიძის ხმა] “იყო ადრე ასეთი მომენტები, როდესაც ოჯახური ძალადობა პოლიციის მიერ სერიოზულად არ აღიქმებოდა – ყოველ შემთხვევაში, ქართული მენტალიტეტით: დღეს იჩხუბებენ, ხვალ შერიგდებიან. მაგრამ დღეს უკვე დამოკიდებულება შეიცვალა და ჩვენ პირველივე გამოვლინებაზე ვერთვებით.”

ოჯახური ძალადობის თემაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა საკანონმდებლო ბაზის შექმნაა. დღეს უკვე მუშავდება შესაბამისი კანონპროექტი. კანონის ამოქმედებამდე კი ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს ელისო ამირეჯიბი, უკიდურესად მძიმე შემთხვევებში, დროებით თავშესაფარს და, ყველა შემთხვევაში, ცხელი ხაზის ნომერს სთავაზობს:

[ელისო ამირეჯიბის ხმა] “ჩვენი ცხელი ხაზია 26 16 27. მე მივმართავ იმ ქალბატონებს, რომლებსაც პრობლემები აქვთ ოჯახში, ვისზეც ახორციელებენ ძალადობას და ვთხოვთ დაგვირეკონ. ჩვენ მათ შეძლებისდაგვარად დავეხმარებით.”

ოჯახური ძალადობის შემთხვევაში აუცილებელია დახმარება. თუ თქვენ იცით ადამიანი, ვისაც მსგავსი პრობლემები აქვს, გადაეცით ცხელი ხაზის ნომერი – 26 16 27 – და სთხოვეთ დარეკოს. ძალადობასთან შეგუება უფრო მეტ ძალადობას გამოიწვევს; მის შესახებ ღია საუბრის დაწყება კი, ძალადობის საბოლოო აღმოფხვრის თუ არა, მისი შესუსტების საწინდარი ნამდვილად გახდება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG