Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს მისია ერაყში დასაბრუნებლად ემზადება


სულ მალე ბაღდადში დაბრუნდება გაეროს მცირერიცხოვანი მისია, რომლის ამოცანაა, დახმარება გაუწიოს ერაყს პოლიტიკური სისტემის რეაბილიტაციაში.

თავდაპირველი გეგმით, მისიის თანამშრომელთა უსაფრთხოებაზე უნდა ეზრუნა ამ მიზნით შექმნილ საგანგებო შენაერთს, მაგრამ, როგორც ახლა ირკვევა, მისი ჩამოყალიბება ვერ ხერხდება. შესაბამისად, გაერო იძულებული ხდება, თავის მუშაკთა უსაფრთხოება შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას მიანდოს, ეს კი, ექსპერტთა აზრით, ზიანს აყენებს მის რეპუტაციას, როგორც მიუკერძოებელი ორგანიზაციისა.

ოთხშაბათს გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა დაადასტურა მანამდე გავრცელებული ცნობა, რომ უახლოესი ორი კვირის მანძილზე ბაღდადში ამ ორგანიზაციის მისია გაემგზავრება. მისიას სათავეში ჩაუდგება ერაყში გაეროს ახალი საგანგებო წარმომადგენელი, პაკისტანელი აშრაფ ჯეჰანგირ ყაზი. გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებს ისიც აცნობა, რომ მისიის თანამშრომელთა უსაფრთხოებაზე ჯერჯერობით ერაყში მოქმედ კოალიცია იზრუნებს და არა დაცვის საგანგებო შენაერთი, რომლიც ჩამოყალიბების აუცილებლობაზე საუბარი იყო უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში.

[კოფი ანანის ხმა] "მთავრობები ფეხს ითრევენ და არ სურთ მონაწილეობა ერაყში გაეროს თანამშრომლებისა და ქონების დაცვაში. ასე რომ, ჯერჯერობით იძულებული ვართ, პრაქტიკული მოსაზრებებით, მრავალეროვანი ძალების იმედად ვიყოთ - სხვა გამოსავალი არ გვაქვს."

არადა, საგანგებო შენაერთის შექმნის იმედი არსებობდა. ეს იმედი კიდევ უფრო განმტკიცდა მას შემდეგ, რაც პაკისტანმა პროექტში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა, ხოლო კოფი ანანმა ერაყში გაეროს საგანგებო წარმომადგენლად სწორედ პაკისტანელი დიპლომატი დანიშნა. მაგრამ ერაყში მდგომარეობის მკვეთრმა გაუარესებამ, გაუთავებელმა აფეთქებებმა და ადამიანთა გატაცებებმა პაკისტანს, როგორც ჩანს, ხელი ააღებინა თავდაპირველ განზრახვაზე. ამას დაემატა მოუგვარებელი უთანხმოება უშიშროების საბჭოს წევრებს შორის და გაეროს ეგიდით საგანგებო შენაერთის შექმნაც გაურკვეველი ვადით გადაიდო.

რადიო "თავისუფლების" ვაშინგტონელი კორესპონდენტი ბობ მაკმეჰონი ამ თემაზე ესაუბრა პოლიტოლოგ ლი ფაინსტინს, საგარეო ურთიერთობათა საბჭოს მკვლევარს. იმას, რომ დაცვის საგანგებო შენაერთის ჩამოყალიბება ვერ ხერხდება, ფაინსტინი აშშ-ის დიპლომატიისა და გაეროს უშიშროების საბჭოს უხეირო პოლიტიკით ხსნის. მისივე თქმით, წარუმატებლობის საფუძველი უწინარესად ერაყის ომის საკითხში ბუშის ადმინისტრაციის ერთპიროვნულ პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ.

[ლი ფაინსტინის ხმა] "ბევრი ქვეყანა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ელოდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს ერაყის საკითხში. ჩემი აზრით, ეს ძალიან სამწუხაროა და ვფიქრობ, ეს სანანებლად ექნებათ ამერიკელებსაც, ევროპელებსაც და სხვებსაც."

ბევრი შიშობს, რომ შეიძლება განმეორდეს ის, რაც შარშან, ზაფხულში მოხდა. შეგახსენებთ: ბაღდადში, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ გაეროს მისიის შტაბ-ბინასთან მოწყობილ აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მისიის ხელმძღვანელი სერჟიუ ვიეირა დი მელუ. შარშანდელი თავდასხმის უმთავრეს მიზეზად ექსპერტები იმას მიიჩნევენ, რომ გაეროს ბევრი ერაყელი ამერიკელთა მოკავშირედ აღიქვამდა. ახლა, როცა ეს ორგანიზაცია ერაყში დასაბრუნებლად ემზადება, მდგომარეობა არანაკლებ რთულია. აი, რას ფიქრობს ყოველივე ამაზე ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ედვარდ ლაკი:

[ედვარდ ლაკის ხმა] "როგორც წესი, გაერო მაშინ არის წარმატებული, როცა წევრი ქვეყნების ფართო მხარდაჭერით სარგებლობს, როცა რიგებში ერთგვარი კონსენსუსი შეინიშნება. თუ ასე არ არის, გაერო, უმეტეს შემთხვევაში, მარგინალურ ორგანიზაციად იქცევა. ამ შემთხვევაში იგი განსაკუთრებით სახიფათო, განსაკუთრებით გამოსაჩენ პოზიციაში აღმოჩნდა და დასაკარგიც ნამდვილად ბევრი აქვს. ბევრი თვალსაზრისით, ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომლიდან წარმატებით გამოსვლა გაეროს ძალიან გაუჭირდება."

ასეა თუ ისე, ერაყის ლიდერები დიდ იმედს ამყარებენ გაეროს დახმარებაზე. განსაკუთრებით ახლა, როცა სულ რამდენიმე თვე რჩება დროებითი მთავრობის არჩევნებამდე.
XS
SM
MD
LG