Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა საგადასახადო კოდექსის კანონპრექტის გამომზეურებას არ ჩქარობს


როგორი იქნება ახალი საგადასახადო კოდექსი? რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ამ კითხვაზე კომპეტენტური

პასუხის გაცემას შეძლებდა. მთავრობის წევრები რატომღაც დუმილს ამჯობინებენ, დამოუკიდებელი ექსპერტები კი კომენტარისაგან თავს ერთადერთი მიზეზის გამო იკავებენ: მათ საგადასახადო კოდექსის კანონპროექტი თვალით არ უნახავთ და ეს მაშინ, როცა სულ რაღაც ერთ თვეში აღნიშნული დოკუმენტი მთავრობამ პარლამენტს უნდა გადაუგზავნოს.


9 აგვისტოს მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წევრებს, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან ერთად, სახელმწიფო კანცელარიაში ახალი საგადასახადო კოდექსის კანონპროექტის ავკარგიანობაზე უნდა ემსჯელათ, თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, განხილვა დროებით გადაიდო. არადა, დაინტერესებული ადამიანები ზურაბ ჟვანიასთან დაბარებული მინისტრებისაგან კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიღებას ელოდნენ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სულ ამაოდ და ამის მიზეზი მხოლოდ ჩაშლილი შეხვედრა როდია. ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობა ახალ საგადასახადო კოდექსზე საუბრისას შესაშურ სიტყვაძუნწობას ამჟღავნებს:

[ზურაბ ანთელიძის ხმა] “რომ გამოქვეყნდება, მერე ვისაუბროთ დეტალებზე. მალე, უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება და იქნება განსხვავებული პირვანდელი ვარიანტისაგან.”

ეს იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ზურაბ ანთელიძე, რომელიც ორიოდე კვირის წინ დაბა გუდაურში ექსპერტთა ჯგუფთან ერთად საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებეზე მუშაობდა. როგორც ჩემთან საუბარში ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, საგადასახადო კოდექსის პროექტზე მუშაობა ისე დასრულდა, რომ ვერც ერთ პრინციპულ საკითხზე ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმება ვერ მოხერხდა. ხარატიშვილის თქმით, ხელისუფლება რატომღაც ჩქარობს და გადაწყვეტილების მიღებისას ეკონომიკურზე მეტად პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობს:

[ზურაბ ხარატიშვილის ხმა] “ის ვერსია, რაც თავიდან გამოქვეყნდა, იყო ყოვლად საზიზღარი და მიუღებელი. იქიდან რას გააკეთილშობილებენ და გააკეთილშობილებენ თუ არა რამეს, მე არ ვიცი. ჩემი აზრით, მთავრობა ძაანაც ჩქარობს, უფრო პოლიტიკურ ჭრილში გადადის, ვიდრე რეალურ პოლიტიკურ გარემოში, ისე ჩქარობს და ჰაიჰარად გააქვს. ასე კოდექსი ახლაც კი გვაქვს და კიდევ ერთი ეგეთი კოდექსის დაწერა რა საჭიროა.”(სტილი დაცულია)

დღეის მდგომარეობით, საზოგადოებისთვის საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მცირდება გადასახადების რაოდენობა, ისევე როგორც ცალკეულ გადასახადთა პროცენტული განაკვეთი. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, ახალი საგადასახადო კოდექსი არა მარტო დესეთეს სივრცეში, არამედ ევროპაშიც ყველაზე ლიბერალური იქნება:


[რომან გოცირიძის ხმა] “არსად არ არის 12 პროცენტი საშემოსავლო გადასახადი, ძალიან დაბალია, ისევე როგორც მოგების გადასახადი 20 პროცენტი არის ძალიან დაბალი, ისევე როგორც სოციალური გადასახადი 20 პროცენტი ეს არის ყველაზე დაბალი. 2 პროცენტით მცირდება დამატებული ღირებულების გადასახადი.. მთლიანად კომბინირებულად თუ ავიღებთ ყველა სახის გადასახადს, განსაკუთრებით იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მცირდება უამრავი სახის გადასახადი და სადღაც 9-10 გადასახადი იქნება მხოლოდ, გამარტივების თვალსაზრისით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საგადასახადო კოდექსი და განაკვეთების მიხედვითაც იქნება ერთ-ერთი ყველაზე დაბალგანაკვეთიანი.”(სტილი დაცულია)

გოცირიძის თქმით, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი სწორედ რომ განაკვეთების ოდენობაა, დეტალებზე მსჯელობა კი დაიწყება სექტემბერში, ანუ მას შემდეგ, რაც მთავრობა კანონპროექტს განსახილველად პარლამენტს წარუდგენს. თუმცა, დამკვირვებელთა შეფასებით, განხილვა ცხარე კამათის გარეშე ვერ ჩაივლის. ექსპერტებს ყველაზე მეტად ახალი საგადასახადო კოდექსის ის მუხლი არ მოსწონთ, რომლის თანახმადაც, გარკვეული შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, მაკონტროლებელმა კი არ უნდა ამტკიცოს გადამხდელის ბრალეულობა სასამართლოს საშუალებით, არამედ პირიქით - მეწარმემ უნდა დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა.

და კიდევ: ფინანსთა სამინისტროს პროექტის თანახმად, საგადასახადო სამსახურს, დაყადაღებული ქონების ფასის დადგენით, გარკვეულწილად, აუდიტის ჩატარების უფლებაც ენიჭება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG