Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი და აფხაზი მშობლები თავიანთი დაღუპული შვილების ცხედრებს 12 წელია ამაოდ დაეძებენ


პრეზიდენტ სააკაშვილის ამასწინანდელი განცხადება,

პრეზიდენტ სააკაშვილის ამასწინანდელი განცხადება, რომ ქართველების სისხლით მორწყული აფხაზეთი არ უნდა იზიდავდეს რუს ტურისტებს,ნაწილობრივ არის მართალი. ქართულ-აფხაზური სამხედრო კონფლიქტის დასრულების შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების რაოდენობა აფხაზეთის ტერიტორიაზე რვაას კაცს აღემატება. მაგრამ ასზე მეტი უსაფლავო მეომარი ჰყავს აფხაზურ მხარესაც. ბევრი შვილდაღუპული მშობელი კი, ენგურის ორივე ნაპირზე, თავად უდგას სათავეში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებას. მაგრამ საქმე ძალიან ნელა მიიწევს წინ. მაშინაც კი, როცა ცნობილია მეომართა დაღუპვის თუ დახვრეტის ადგილი, უმრავლეს შემთხვევაში, უკიდურესად ჭირს სამარხის დადგენა.


თბილისელ ბელა ზალდასტანიშვილს ორი შვილი და ტყუპი ძმა ქართულ-აფხაზურის ომის დამთავრებამდე ოთხი დღით ადრე დაეღუპა. თვითმფრინავი, რომელშიც სხვა მებრძოლებთან ერთად ქალბატონ ბელას შვილები და ტყუპი ძმები იმყოფებოდნენ, სეპარატისტებმა ბაბუშერის აეროდრომზე დაშვების დროს ააფეთქეს.

[ბელა ზალდასტანიშვილის ხმა] "ოთხივე ერთად მუშაობდა და ოთხივე 22-ში ერთად ისხდნენ და მერე არაფერი აღარ ვიცი. ვიცი, რომ აფეთქდა თვითმფრინავი და გადმოსვენებულიც არც ერთი არ არის."

ბოლო დღეებში დაიღუპა სოხუმში ვლადიმერ დობორჯგინიძის ერთადერთი ვაჟი 25 წლის ზურაბ დობორჯგინიძე, რომელიც სპეცდანიშნულების ნაწილთან ერთად აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავას იცავდა. ვლადიმერ დობორჯგინიძემ შვილის დაღუპვის ამბავი მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს შეიტყო.

[ვლადიმერ დობორჯგინიძის ხმა] "ეს იყო გენადი ფიცხელაური, რომელიც ჩვენ ბიჭებთან ერთად იყო. მაგ გენადი ფიცხელაურმა გვითხრა, რომ ეს ბიჭები დახვრიტეს და მათ შორისო, ჩემი შვილიც დაასახელა ცამეტ კაცში, მე ვნახეო დახვრეტილი 9 აპრილის მემორიალტანო, სოხუმში."

სულ მალე, შვილმოკლულმა მშობლებმა დაარსეს უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების მოძიების არასამთავრობო ორგანიზიაცია "მოლოდინი", რომელსაც სათავეში სწორედ ვლადიმერ დობორჯგინიძე ჩაუდგა.

ნიშანადობლივია, რომ აფხაზურის მხრიდან ანალოგიურ არასამთავრობო ორგანიზაციას ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის დედა, გული კიჩბა ხელმძღვანელობს. ჩვენთან სატელეფონო საუბარში გული კიჩბამ განაცხადა, რომ ასეთი ორგანზაციები იმიტომ შეიქმნა, რომ გაუბედურებულ მშობლებს ერთმანეთისთვის ხვედრი შეემსუბუქებინათ და ხელისუფლება აეძულებინათ, დაინტერესებულიყო ამ პრობლემით.

[გული კიჩბას ხმა] "მეც დამეღუპა შვილი და ისიც უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. და მხოლოდ იმისთვის, რომ დავხმარებოდით ერთმანეთს, წმინდა ადამიანური თვალსაზრისით და კიდევ იმიტომ, რომ შემდეგშიც არ განმეორდეს ამის მსგავსი რამ, ჩვენ, უშუალოდ დაღუპული მებრძოლების მშობლებმა, გადავწყვიტეთ შევხვედროდით ანალოგიურ ქართულ კომიტეტს. და ასეთი შეხვედრა გაიმართა."


ქართული არასამთავრობო ორგანზიაცია "მოლოდინის" თავმჯდომარის ვლადიმერ დობორჯგინიძის ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 860-ზე მეტი მებრძოლი. ხოლო აფხაზურ მხარესთან მჭიდრო თნამშრომლობით, მათ რამდენიმე ათეული, როგორც ქართველი ისე აფხაზი მეომრის მოძიება და გადმოსვნება შეძლეს.

[ვლადიმერ დობორჯგინიძის ხმა] "დრემდე გადმოსვენებული გვყავს 164 მებრძოლი და მოქალაქე, მათ შორის პარტიზანიც. ასევე ცოცხლად გამოყვანილი გვყავს 231 ქართველი, აფხაზურ მხარე გადაუყვანეთ ჩვენ ცოცხლად 87 პირი და ცალკე 49 მიცვალებული."


ქართულმა და აფხაზურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საერთაშორისო წითელი ჯვრის დახმარებით დაღუპული მებრძოლების დედები რამდენჯერმე შეახვედრეს ერთმანეთს ოჩამჩირეში. როგორც ამ შეხვედრის მონაწილე ბელა ზალდასტანიშვილი იხსენებს, თავიდან ერთგვარი აგრესიულობა იგრძნობოდა, მაგრამ როცა ადამიანებმა ერთმანეთის გასაჭირი შეიტყვეს, გაბრაზება თანაგრძნობამ შეცვალა.

[ბელა ზალდასტანიშვილის ხმა] "ძალიან აგრესიულად შეგვხვდნენ ის დედები, მაგრამ მერე რომ გაიგეს ჩვენი ამბავი, სხვათა შორის, ძალიან შეწუხდნეენ თვითონაც."


მიუხედავად, ქართველ და აფხაზ მშობელთა ორგანიზაციების საერთო კეთილგანწყობისა, როგორც გული კიჩბა ამბობს, ქართული მხარემ, აქ კი აფახზეთში ომის დროს დისლოცირებული ქართული სამხედრო სარდლობა იგულისხმება, ჯერ-ჯერობით არ წარმოადგინა იმ 135 აფხაზი მეომრის სამარხის სქემა, რომლებიც დაღუპულად ითვლებიან. შესაბამისად, აფხაზურ არასამთავრობო ორგანზიაციას მხარეს ხელ-ფეხი აქვს შებორკილი, განაგრძოს ქართველი მებრძოლების გვამების მოძიება და პატრონებისათვის დაბრუნება, ამბობს გული კიჩბა და არც იმას გამორიცხავს, რომ ზოგიერთი ქართველი მეომრის ცხედარი საერთოდაც არ აღმოჩნდეს არც ერთ იმ სამარახში, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება.

[გული კიჩბას ხმა] "ბევრი ქართველი მეომრის გვამს, სამწუხაროდ, სამხედრო ხელმძღვანელობა ზღავში ისროდა –ეს ცნობილი ფაქტია. ამიტომ მე მირჩევნია ვთქვა მწარე სიმართლე, ვიდრე ლამაზი ტყუილი –ბევრი ქართველი დედა სამწუხაროდ ვერ იპოვის თავისი შვილების ცხედარს, სწორედ ამ მიზეზის გამო."

ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ სამთავრობო წრეები, რომელთა ინფორმაციასაც იყენებენ უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა სამარხების მოძიების დროს არასამთავრობო ორგანიზაციები, დიდ დაინტერესებას არ იჩენენ დაღუპულტა ცხედრების ბედით. თბილისსა და სოხუმს შორის პოლიტიკური დაპირისპირების ყოველ ახალ ტალღაზე კი დაღუპულთა ძიების გაგრძელება კი საერთოდ შეუძლებელი ხდება. აფხაზი გული კიჩბა არც იმას გამორიცხავს, რომ ამ საქმეში გარკვეული კრიმინალური ჯგუფების დაინტერესებაც იდგეს.
[გული კიჩბას ხმა] "ეს ძალიან მტკივნეულია. იმიტომ, რომ ზოგჯერ ჭორების დონეზე ჩვენ ხალხში გავრცელებულია მოსაზრება, რომ რაღაც კრიმინალური სტრუქტურები ასევე ვაჭრობენ ცხედრებით. ეს დაუდასტურებელია, მაგრამ ასეთი შთაბეჭდილდება იქმნება."

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ის ვერც ქართველმა ვლადიმერ დობორჯგინიძემ და ვერც აფხაზმა გული კიჩბამ, რომლებიც 12 წელია თავად უდგანან სათავეში უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილების მოძებნას, ჯერ-ჯერობით ვერც თავად მიაკვლიეს მათი შვილების საფლავებს. ისინიც, როგორც თბილისში ეულად დარჩენილი ორი უგზოუკვლოდ დაკარგული შვილის დედა ბელა ზალდასტანიშვილი, ყოველი დღის გატენებას იმ იმედით ხვდებიან, რომ მათი შვილების ცხედრებს იპოვნიან და ლოცულობენ, რათა სხვა მშობლებმა აღარ გამოსცადონ ასეთი სიმწარე.

[ბელა ზალდასტანიშვილის ხმა] "ეჰ, ჩემი პატარა ბიჭი რომ მიდიოდა, მეუბნებოდა – რამე რომ მომივიდეს, იქ ხომ არ დამტოვებო. და აი,ასე უძლური ვარ შვილო, ვერაფერს ვერ ვაკეთებ და იმიტომ ვბრაზდები /ქვითინებს/. ამ მთავრობის შვილები რომ იყვნენ იქ, აქამდე ხო გადმოასვენებდნენ და არ დატოვებდნენ? ვღას ახსოვს თემური და ზურიკო, შვილო, შენი ჭირიმე. ნეტა, მშვიდობა იყოს და კიდევ რაიმე არ ატყდებოდეს. ყველაზე ძალიან მე ვიცი რა არის სიმწარე შვილების და აღარაფერს დავეძებ. /ქვითინებს/
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG