Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი ავტოკატასტროფაში დაიღუპა


საქართველოს თავდაცვისა და სახელმწიფო მინისტრების მოსკოვში სტუმრობის მიუხედავად, მდგომარეობა უკიდურესად დაძაბული რჩება ყოფილი სამხრეთ ოსეთის

ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, თუმცა, როგორც ამას ოსური მხარეც ადასტურებს, კონფლიქტის ზონაში ვითარების მორიგი გამწვავება დე ფაქტო ხელისუფლების ეკონომიკის მინისტრის რუსლან პლიევის გაუჩინარებას არ უკავშირდება. პლიევი, რომელიც უკანასკნელად 9 აგვისტოს ღამით ნახეს, სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.



რუსლან პლიევის გაუჩინარების ამბავი რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტზე დაყრდნობით გაავრცელეს. თავდაპირველად, სანამ სოფელ კეხვთან დაკარგული მინისტრის ვაზ-2107-ის მარკის დამტვრეულ ავტომანქანას იპოვიდნენ, ოსი სამართალდამცავები, უბედური შემთხვევის პარალელურად, დივერსიის ვერსიასაც ამუშავდებდნენ, თუმცა მოგვიანებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, დივერსიის ვერსია საბოლოოდ გამოირიცხა. ამ ინფორმაციას ჩემთან საუბარში ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენელი ვაჟა ხაჭაპურიძეც ადასტურებს. მისი თქმით, რუსლან პლიევი უკანასკნელად 9 აგვისტოს, ღამის 12 საათზე, კეხვის ერთობლივ საგუშაგოზე ნახეს, როცა ჯავის მიმართულებით გამგზავრებამდე შერეული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებს გამოელაპარაკა:

[ვაჟა ხაჭაპურიძის ხმა] “წავიდა და უცბად, 10-15 წუთში, მოხდა ეს შემთხვევა. დილით მე მანქანა შევნიშნე, რომელიც ლიახვის პირას აყირავებულ მდგომარეობაში იყო. ადგილზე არის მისი სამუშაო პაპკა, მობილური ტელეფონი, მაგრამ თვითონ მანქანა იმდენად არის დაზიანებული, რომ ვვარაუდობთ, რომ ის წყალმა გაიტანა მანქანიდან, იმიტომ რომ წინა საქარე მინა აღარ აქვს მანქანას… თეთრი ფერის ჟიგული იყო.”

-ნატყვიარი ხომ არ ემჩნევა მანქანას?

“არა,არა, არაფერი მსგავსი, უბრალოდ, ეს არის თვითონ გადავარდნილი, მოუვიდა ავარიული შემთხვევა… “ სტილი დაცულია)


ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლები რუსლან პლიევის გვამს მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. თუმცა უნდა ითქვას, რომ მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ მხარეებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა დროებითაც კი ვერ განმუხტა. ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის გურამ ვახტანგაშვილის თქმით, გასულ ღამეს რუსმა სამშვიდობო ძალებმა და ოსმა სეპარატისტებმა სოფელ ერედვის ზეგანი დაიკავეს და რამდენიმე საათის განმავლობაში ქართულ სოფლებს ბომბავდნენ. სროლის ფაქტს კონფლიქტის ზონაში მყოფ ჩვენს კორესპონდენტ გოგა აფციაურთან საუბარში თავად სოფლის მოსახლეობაც ადასტურებს:

[ქალბატონის ხმა] “ხშირია… ადრე ისე იყო ხოლმე სროლები, ახლა მოსახლეობას დაუწყეს სროლა… “

[მამაკაცის ხმა] “არიან შეიარაღებულები - კარგად აიარაღებს, ალბათ, მათ რუსის ჯარი - და ღამღამობით მოპარვით მოდიან და მშვიდობიან მოსახლეობას ესვრიან.”

იმას, რომ კონფლიქტის ზონაში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის ყოველ ღამე ისვრიან, არც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი ვაჟა ხაჭაპურიძე უარყოფს. მისი თქმით, ჯერჯერობით მხარეები აქტიური საბრძოლო მოქმედებებისაგან თავს იკავებენ და სროლებიც, ძირითადად, ერთმანეთის დაშინების მიზნით წარმოებს, თუმცა, ამის მიუხედავად, ხაჭაპურიძე თავს ვალდებულად მიიჩნევს მხარეები გააფრთხილოს:

[ვაჟა ხაჭაპურიძის ხმა] “მე რომ ვუყურებ ახლა ამ შეიარაღებას, ღმერთმა დაგვიფაროს, აქ აფხაზეთი იქნება “ენ” ხარისხში, ისეთი იარაღი და ისეთი მომზადებული ბოევიკები არიან. ვერ წარმომიდგენია, მე ახლა აქა ვარ და ვუყურებ ყველაფერს, ჩვენ ვერც ერთი ვერ გავიმარჯვებთ, გავჟუჟავთ ერთმანეთს!”(სტილი დაცულია)

ის, რომ სეპარატისტებთან შეიარაღებული დაპირისპირება იოლი გამარჯვებით არ დასრულდება, როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტშიც კარგად ესმით. ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ სამხედრო მუქარაზე მეტად სეპარატისტებზე კრემლის კედლებში ნათქვამი სიტყვები ჭრის. ხოლო იმას, თუ რას ფიქრობს რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტი კონფლიქტის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ შეიტყობს.

[გურამ ვახტანგაშვილის ხმა] “სახელმწიფო მინისტრი ბატონი გოგა ხაინდრავა, თუ მოასწრებს დღეს და ჩამობრძანდება მოსკოვიდან, თუ მოესწრება დღეს ან ხვალ, მობრძანდეს პარლამენტში და მოგვახსენოს, რა მდგომარეობაა ქართულ-ოსური კონფლიქტის თაობაზე მოლაპარაკების საკითხში.”(სტილი დაცულია)

გიორგი ხაინდრავას პარლამენტში მისვლა დეპუტატმა გურამ ვახტანგაშვილმა მოითხოვა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG