Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში საქართველოს სამართლიან ბრალდებებს უარყოფენ, საქართველო კი მაინც ცდილობს რუსეთთან დაკავშირებული პრობლემები ურთიერთპატივისცემის პრინციპებით გადაჭრას


9 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა უცხოური საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლების თანდასწრებით განიხილა ფაქტები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ,

საქართველოს მიმართ რუსეთის არაკეთილმეზობლობაზე მეტყველებს - მათ შორის, საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების შემოჭრის ბოლოდროინდელი ფაქტები. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველოს აქვს საშუალება შესაბამისად უპასუხოს დიდი მეზობლის აგრესიულ ქმედებებს, მაგრამ ამაზე შეგნებულად არ მიდის. პრეზიდენტ სააკაშვილთან 9 აგვისტოს გამართულ თათბირზე წამოყენებულ ბარლდებებსა და განცხადებებს რუსეთის სახელისუფლებო წრეებში უმალ გამოეხმაურნენ და ერთმანეთის მიყოლებით უარყვეს საქართველოს ხელისუფლების ბრალდებები. მოკლედ, რუსეთი საქართველოს მიმართ თავს დამნაშავედ არ ცნობს, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია მას დანაშაული დაუმტკიცოს.

6 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 12 საათსა და 45 წუთზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცე ზღვის დონიდან 5400 მეტრ სიმაღლეზე მფრინავმა სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია. ის საქართველოს საჰაერო სივრცეში 25 კილომეტრის სიღრმეზე შემოიჭრა და იქ დაახლოებით 20 წუთს დაყო. აღნიშნულთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 6 აგვისტოსვე გაიგზავნა, რასაც არავითარი პასუხი, არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცე 7 აგვისტოსაც დაირღვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტსაც საპროტესტო განცხადების გავრცელებით უპასუხა და ეს განცხადებაც უპასუხოდ დარჩა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს ხელისუფლების საპროტეტსო განცხადებებს მოგვიანებით, 10 აგვისტოს, პასუხობს და მთელი კატეგორიულობით აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები ცხინვალის თავზე საქართველოს საჰაერო სივრცეში არ შეჭრილან. 9 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილთან გამართულ თათბირზე კი ითქვა, რომ 6 და 7 აგვისტოს ფაქტების დადასტურება თავისუფლად შეიძლება:

[ჩართვა თათბირიდან] “რადარებზე დაფიქსირებულია, გვაქვს ზუსტი კოორდინატები. “

უარყოფილია საქართველოს კიდევ ერთი ბრალდება, რაც რუსული ფიჭური კომპანიის ცხინვალის რეგიონში უნებართვოდ მუშაობას შეეხება, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ ეს ასეა. რუსეთში კატეგორიულად უარყვეს რუსეთის სამხედრო ბაზაზე ცხინვალის რეგიონის მოხალისეების მომზადების გამო წაყენებული ბრალდებაც. მოკლედ, საქართველოს მიმართ რუსეთი თავს დამნაშავედ არ ცნობს, საქართველოს ხელისუფლება კი ყველანაირად ცდილობს რუსეთი ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე აგებულ თანამშრომლობაზე დაიყოლიოს. ასეთი პრინციპებით თანამშრომლობისკენ მოუწოდა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებას 9 აგვისტოს თბილისიდან, 10 აგვისტოს კი უკრაინის პრეზიდენტისთვის დაბადების დღის მისალოცად უკრაინაში გაემგზავრა. უკრაინა დიდი ხანია გამოხატავს მზადყოფნას აქტიური მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოში. ამ იდეის პერსპექტივა ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოდგენილი რუსეთის სამშვიდობო მისიის როლით უკმაყოფილოა და არ აპირებს კონფლიქტის ზონებში რუსეთის სამშვიდობო ძალების ისეთ ქმედებებთან შეგუებას, რომელიც სამშვიდობო მისიას არ შეესაბამება:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ჩვენ გვსურს ამ საკითხების გარკვევა რუსეთის ხელისუფლებასთან, მასთან მოლაპარაკება სამშვიდობო მისიის როლის გაუმჯობესებასა ან ფორმატის შეცვლაზე, მაგრამ ჩვენ არ შევეგუებით იმას, რაც კონფლიქტის ზონებში ხდება. გვსურს სამშვიდობოებთან დაკავშირებული საკითხის რუსეთთან გარკვევა და, ამავდროულად, გვსურს კონფლიქტის ზონებში საერთაშორისო ორგანიზაციების როლის გაფართოება. “

საქართველოს პრეზიდენტმა ეს განცხადებაც 9 აგვისტოს გააკეთა. ოდნავ მოგვიანებით ცხინვალის რეგიონის ქარულ სოფლებზე მიტანილ იქნა იერიში, რაც, გავრცელებული ინფორმაციით, ოსებმა და რუსმა სამშვიდობოებმა ერთობლივად განახორციელეს.
XS
SM
MD
LG