Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობაში ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად, მუშის, მძღოლის, მრეცხავისა და


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობაში ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად, მუშის, მძღოლის, მრეცხავისა და დამლაგებლის სტატუსით დასაქმდა,

თუმცა ხშირ შემთხვევაში ამ თანამდებობებზე მოხვედრაც კი ჭირს. ბრითიშ-პეტროლიუმში აცხადებენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას მისდამი დაქვემდებარებული კომპანია უწევს ხელმძღვანელობას. სპი-კაპაგ-პეტროფაკში ამ ფაქტს კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების სიმცირით ხსნიან. სამცხის მცხოვრებლები თავს მოტყუებულად მიიჩნევენ, რადგან საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ხელმძღვანელი გია ჭანტურია ჯერ კიდევ 2004 წლის დასაწყისში ადგილობრივი მოსახლეობის 80%-ის დასაქმებას აპირებდა საუკუნის პროექტში.

,,საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია მუშახელის დასაქმებაში არ ერევა. ამ საქმეს ბრითიშ-პეტროლიუმისადმი დაქვემდებარებული კომპანია სპი-კაპაგ-პეტროფაკი უწევს ხელმძღვანელობას.”- ამ განცხადებას კორპორაციის წარმომადგენელი ახალციხის რაიონში თემურ მაღრაძე აკეთებს. ადგილობრივი მოსახლეობა, კონკურსის წესით, ძირითადად, მუშად, მძღოლად, დამლაგებლად და მრეცხავად იწყებს მუშაობას. თუმცა ამ თანამდებობებზეც ხშირ შემთხვევაში მოხვედრა გართულებულია. ადგილობრივი მცხოვრებლების უმრავლესობა უკმაყოფილებას უკვე ხმამაღლა გამოთქვამს:

[ირმა პარუნაშვილის ხმა] ,,მე ვერ გეტყვი, რომ ის აქტიურად ხდება. ძალიან ნაკლები პროცენტია ჩვენს მხარეში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების. ძირითადად, მის მშენებლობაზე ჩამოყვანილი ჰყავთ ინდოელი მუშები და მუშები საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან და აცხადებენ, რომ ისინი არიან კვალიფიციური მუშები.”(სტილი დაცულია)


სპი-კაპაგ-პეტროფაკში აღნიშნულ ფაქტს პროფესიონალი კადრების სიმცირით ხსნიან. კვალიფიციური მუშები და ინჟინრები მათ არ სჭირდებათ, - აღნიშნავს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის წარმომადგენელი თემურ მაღრაძე და კომპანიის მიერ დაწესებულ კანონებზე საუბრობს. მისივე თქმით, დასაქმებული მუშახელის გათავისუფლება ეტაპობრივად მოხდება. სამშენებლო სამუშაოები კი, სავარაუდოდ, 2 წელიწადში დასრულდება.

[თემურ მაღრაძის ხმა] ,,2006 წელს, პრინციპში, უნდა დამთავრდეს, თუ რაიმე დამატებითი ღონისძიებები არ გამოჩნდა. ძირითადად, უნდათ ჩვენგან ტექნიკური პერსონალი, დამხმარე მუშების სახით.ინჟინერი და ისეთი სპეციალისტი მაგათ არ სჭირდებათ. ესეთი სპეციალისტები და ინჟინრები და მაღალი კვალიფიკაციის ხალხი სულ ყველა შემოყვანილი ჰყავთ.”(სტილი დაცულია)


13 საათი და, ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტი სამუშაო დრო - ასეთია კონკურსის წესით შერჩეულთა და დასაქმებულთა დღის რეჟიმი. კომპანიის წარმომადგენლები ასეთ დატვირთვას გართულებული და მოძალებული საქმით ხსნიან. გაღიზიანებული მოსახლეობა პროექტის მხოლოდ უარყოფით მხარეებზე საუბრობს და ბრითიშ-პეტროლიუმს ისედაც მოუწესრიგებელი გზების უფრო მეტად დაზიანებაში ადანაშაულებს. ბორჯომელი დავით ხაჩიძე არც სხვა ყოფით პრობლემებს ივიწყებს:

[დავით ხაჩიძის ხმა] ,,რა სარგებელი მოუტანა, რაც არ დაამტვერიანა მთელი გზები და ისინი... ხან ავარია უნდა მოხდეს, ხან რა.... როგორც ასეთი, მთელი გზები დაზიანდა და უამრავი პრობლემა შეიქმნა. ბაკურიანში ვეღარ გაივლი, არის ძალიან საშინელი მდგომარეობა...”(სტილი დაცულია)


დაცვის სამსახურში ახალგაზრდები დღეგამოშვებით მუშაობენ და შრომის საზღაურს თვეში 120 ლარის ოდენობით იღებენ. დასაქმებული პირები, კომპანიის მოთხოვნის გამო, ინტერვიუზე არ თანხმდებიან, თუმცა პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ მათ მიერ აღებული ხელფასით, რომელიც უწყისით გამოწერილი ხელფასისაგან საგრძნობლად განსხვავდება, მთლიანად დაცვის სამსახურია უზრუნველყოფილი. თუ რა და როგორი სახის ფინანსური ოპერაციები ხორციელდება, ამასთან დაკავშირებით რადიო ,,თავისუფლება” უფრო ვრცლად მომავალ გამოშვებაში ისაუბრებს. დღეს კი, შექმნილი პრობლემების მიუხედავად, მოსახლეობა მაინც ცდილობს მილსადენის მშენებლობაში დასაქმებას. ბორჯომის მკვიდრი აზა მახარაშვილი მძღოლისა და მუშის ხელფასს, რომელიც 700-დან 1000 ლარამდე მერყეობს, საკმაოდ მნიშვნელოვანს უწოდებს:

[აზა მახარაშვილის ხმა] ,,უმუშევარი კაცი რომ 700 ლარს მიიღებს და 750-ს, მე მგონი, კარგი შეღავათია დღევანდელ დღეს... დაცვაში მინდა ჩემი ბიჭი ვამუშაო, საბუთებს ვაგროვებ ახლა.”

სამცხის მოსახლეობა თვლის, რომ კომპანიამ დაპირება არ შეასრულა, რადგან თავის დროზე საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ხელმძღვანელი გია ჭანტურია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობაში ადგილობრივი მოსახლეობის 80%-ს ჰპირდებოდა დასაქმებას.
XS
SM
MD
LG