Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დეპუტაცია აღარ არსებობს


აფხაზეთის დეპუტაცია აღარ არსებობს - ეს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე მიიღეს.

აფხაზეთის დეპუტაცია 1992 წელს აფხაზეთიდან არჩეულ დეპუტატებს აერთიანებდა და რადგან მომდევნო წლებში აფხაზეთი საქართველოს იურისდიქციიდან გავიდა, 1995 წლის მოწვევის პარლამენტმა მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე უფლებამოსილება გაუგრძელა, რაც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას, აზრით, დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება. პარლამენტის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან ყოფილი დეპუტატები. მათი ნაწილი ამაში რუსეთის ნების გატარებას ხედავს.

საქართველოს პარლამენტს აფხაზეთის დეპუტაცია აღარ ეყოლება. ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა რიგგარეშე სესიის საღამოს სხდომაზე ისე მიიღო, რომ აფხაზეთის ყოფილი დეპუტაციის წარმომადგენლებს სხდომაზე საწინააღმდეგო არგუმენტების წარმოდგენის უფლება არ მისცა. მანამდე კი, რამდენიმე დღით ადრე, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა ერთობლივი სხდომა გამართეს და ახალი მოწვევის პარლამენტში აფხაზეთის დეპუტაციისათვის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილეს. 1992 წელს აფხაზეთიდან არჩეული დეპუტატები 12 წლის განმავლობაში უცვლელად ახორციელებდნენ საკუთარ უფლებამოსილებას. პარლამენტის ყოფილი წევრები მიღებული გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილებას ვერ მალავენ, თუმცა ცდილობენ სიმშვიდე შეინარჩუნონ. ,,ამ გადაწყვეტილების მიღებაში ტრაგედია არ უნდა ამოვიკითხოთ, რადგან უფრო დიდი ტრაგედიაა აფხაზეთის ტერიტორიის არარსებობა, ვიდრე თავად აფხაზეთის დეპუტაციისა,”- მიაჩნია საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს გერმანე ფაცაციას:

[გერმანე ფაცაციას ხმა. იხ. აუდიოვერსია]

[ადა მარშანიას ხმა. იხ. აუდიოვერსია]

ადა მარშანია გაოცებულია პოლიტიკური ანგარიშსწორებით. აფხაზეთის დეპუტაციას შევარდნაძის სტრუქტურად მოიხსენიებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია. მისი აზრით, დაკარგული ტერიტორიის წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ საკანონმდებლო ორგანოში. ბოკერია დემოკრატიის პრინციპებზე საუბრობს და მიღებული გადაწყვეტილება - როგორც პოლიტიკური, ასევე იურიდიული თვალსაზრისით - სამართლიანად მიაჩნია:

[გიგა ბოკერიას ხმა. იხ. აუდიოვერსია]

თუ გერმანე ფაცაცია ახალი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ,,ქართულ სინამდვილეში რუსული პოლიტიკის რეალიზაცია”-ს უწოდებს, შეფასებისას უფრო ზომიერია აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი. იგი კოლეგების აღშფოთებას იზიარებს, თუმცა აცხადებს, რომ საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა:

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა. იხ. აუდიოვერსია]

რევოლუციის გზით ქვეყნის სათავეში მოსული ხელისუფლება აფხაზეთის დეპუტაციის ცარიელ სკამებს სიმბოლოსავით იტოვებს იმის ნიშნად, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღსადგენია, - მიაჩნია ბოკერიას.
XS
SM
MD
LG