Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერი ნარკოტიკების მომხმარებლებს სამსახურიდან ათავისუფლებს


თბილისის მერის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინიციატივით, მერიის თანამშრომლებს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, 16 თებერვლის საღამოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარდათ.

მოულოდნელად დაწყებული შემოწმება კიდევ უფრე მოულოდნელი შედეგებით დასრულდა: დედაქალაქის მთავრობაში მოღვაწე მაღალი თანამდებობის ექვსი სახელმწიფო მოხელე ნარკოტიკების მოხმარებაშია ეჭვმიტანილი. მე დავინტერესდი იმით, თუ რასთან გვაქვს საქმე: უღირსი სახელმწიფო მოხელეების მხილებასა თუ მერიის შიგნით მიმდინარე ფარულ ბრძოლასთან.

თბილისის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ნარკოლოგიურ შემოწმებას ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში საზოგადოების ფართო ჩართვასა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებას უკავშირებს. თუმცა ასეც რომ არ იყოს, კანონი სახელმწიფო სამსახურის შესახებ დამწყებ და სტაჟიან მოხელეებს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების გავლას ავალდებულებს. კერძოდ, კანონის 26-ე მუხლში წერია: “სახელმწიფო სამსახურში შემსვლელ პირს უწესდება სავალდებულო სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმება. ასევე შემოწმება პერიოდულად უნდა გაიაროს ყველა სახელმწიფო მოსამსახურემ. სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმებისაგან თავის არიდება განიხილება როგორც სახელმწიფო სამსახურში მიღებაზე უარის თქმისა და თამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.”

ცხადია, თანამდებობიდან უპირობოდ გათავისუფლებას მერიის თანამშრომლებმა ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარება ამჯობინეს. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ექვსი მათგანის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] “იმის მიუხედავად რომ ჩემთვის პირველი შემოწმების შედეგებიც აბსოლუტურად სანდო იყო, ჩატარდა მეორე, რომელმაც ასევე პოზიტიური შედეგი აჩვენა იმ ექვს პიროვნებაზე, რომელთა დაკავშირებითაც მე უკვე გუშინ 10 საათზე გავაკეთე განცხადება.”

მიუხედავად იმისა, რომ ექვსიდან ხუთმა თანამშრომელმა თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება უკვე დაწერა, ნარკოტიკების მოხმარებაში ეჭვმიტანილთა ერთი ნაწილი შემოწმების შედეგებს აპროტესტებს:

[ლევან ურუშაძის ხმა] “ეს არის სრული აბსურდი! მე ბავშვობიდან, ასე ვთქვათ, ვსვამ ღვინოს, სუფთა ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი, დაბადებული და დღესაც ვაპირებ, აქედან რომ გავალ, ვაპირებ ზუსტად ასე გაგრძელებას ცხოვრებისას…”

ეს იყო მერიის აპარატის უფროსი ლევან ურუშაძე, რომელიც, მისი სიტყვებით, ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მეტის თქმას არ აპირებს. ურუშაძისაგან განსხვავებით, ქონების მართვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი გუგუნავა სასამართლოში ჩივილს არ გამორიცხავს:

[გიორგი გუგუნავას ხმა] “კატეგორიულად უარვყოფ! 40 პროცენტი აქვს თურმე ამ ტესტს ცდომილება. შესაძლებელია, რომ ეს იყოს შეცდომა. მოვითხოვ კომპლექსურ რევიზიას. განცხადება დავწერე, რომ დროებით, სანამ კომპლექსური რევიზია დასრულდება, გადამაყენონ თანამდებობიდან, მაგრამ აუცილებლად ავიყვან ადვოკატს და მივმართავ სასამართლოს…”

როგორ ტარდება ტესტები და რამდენად სანდოა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შედეგები? მე ამ კითხვით თბილისის ნარკოლოგიური ცენტრის ლაბორატორიის გამგეს ეკა წულაიას მივმართე. იმის გამო, რომ ნარკოლოგიური ცენტრის თანამშრომლებმა მერიაში მთელი ღამის განმავლობაში იშრომეს, ქალბატონმა ეკამ ვრცელი განმარტების გაკეთება ვერ შეძლო, თუმცა შემოწმების შედეგებზე საუბრისას განაცხადა:

[მაია წულაიას ხმა] “ერთჯერად მიღებაზეა ლაპარაკი - ერთჯერადი ნარკოლოგიური შემოწმება არის ეს, მის ორგანიზმში იყო თუ არა. აქ რაიმე დიაგნოსტიკაზე საუბარი - ნარკომანი იყო თუ არა, მომხმარებელია თუ ვინ არის, ამაზე არ შეიძლება ლაპარაკი.”(სტიი დაცულია)

სამაგიეროდ, თბილისის მერიაში უკვე ლაპარაკობენ იმ ფარული დაპირისპირების შესახებ, რომელიც თითქოსდა მერსა და ქალაქის პრემიერ ბიძინა ბრეგაძეს შორის არსებობს. გარკვეულ ეჭვს ის გარემოებაც ბადებს, რომ ნარკოტიკების მოხმარებაში მხილებული ყველა მოხელე პრემიერის საკადრო პოლიტიკის პირმშოა. ამ საკითხთან დაკავშირებით მე კომენტარი ლევან ურუშაძეს ვთხოვე:

[ლევან ურუშაძის ხმა] “მე ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, არ გავაკეთებ, უფრო სწორად, იმიტომ რომ არ ვარ დარწმუნებული.”

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ნარკოლოგიური შემოწმების სპეციფიკასა და შედეგების არაერთმნიშვნელოვნებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ნარკოლოგიური შემოწმება საქართველოში დიდი ხანია პოლიტიკური ანგარიშსწორების საშუალებად იქცა:

[მაია ნიკოლეიშვილის ხმა] “საჯარო სამსახურში ეს გახდა იარაღი პარტიული ნიშნით გარჩევისა, არასასურველი პირების მოშორებისა… დადებითი პასუხი ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს კვლევა - მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ რომ დადებითი პასუხი სხვადასხვა ჯგუფებში მოგვცეს სულ სხვადასხვა პრეპარატებმა, მაგალითად, პრეპარატებმა, რომლებიც ჩვეულებრივი ხველების წამლებია… სხვადასხვა გასახდომმა საშუალებებმა და ასე შემდეგ.”

თუმცა, ნიკოლეიშვილის თქმით, ყველაზე ცუდი მაინც ის არის, რომ ნარკოლოგიური შემოწმების შედეგის გასაჩივრების შემთხვევაშიც კი საქართველოში ალტერნატული ექსპერტიზის დანიშვნის საშუალება არ არსებობს. არადა, სულ რაღაც ერთი წლის წინ, ჯანდაცვის სამინისტროს ნარკოლოგიური სამსახურის გარდა, კლინიკო-ტოქსიკოლოგიურ კვლევებს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახურიც აწარმოებდა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG