Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბენდუქიძე სავალუტო ფონდს სულელურ პოლიტიკაში ადანაშაულებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი თავისი არცთუ დიპლომატიური გამოსვლებით ცნობილი საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრი კახა ბენდუქიძე ახალ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და

საერთაშორისო სავალუტო ფონდს ერთ სულელურ ორგანიზაციად მიიჩნევს, რომელსაც საქართველოსათვის სასიკეთო არაფერი მოუტანია. ბენდუქიძის ამ განცხადების საფუძვლად ხდება ფონდის წერილი, რომელიც პრემიერ-მინისტრის სახელზეა გამოგზავნილი და რომელშიც ეს ორგანიზაცია საგადასახადო განაკვეთების მკვეთრი შემცირების წინააღმდეგ გამოდის. მინდა გესაუბროთ სავალუტო ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის ამ დღეებში გამოკვეთილი აზრთა სხვადასხვაობის შესახებ.

მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრთან ახალი საგადასახადო კოდექსის შესახებ მსჯელობდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან ზურაბ ჟვანიას სახელზე მოვიდა უჩვეულო წერილი, რომელიც საქართველოს მთავრობას საგადასახადო ლიბერალიზაციის ეტაპობრივ გატარებას ურჩევს და საგადასახადო განაკვეთების ერთბაშად შემცირებას ეჭვის თვალით უყურებს.

ფონდის ამ წერილზე განცხადებას აკეთებს ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე, რომელიც ამ საფინანსო ინტიტუტის მიმართ მაინცდამაინც დიდი კეთილგანწყობით არც აქამდე გამოირჩეოდა. სპეციალურ პრესკონფერენციაზე ბენდუქიძის მიერ გაკეთებული შეფასებები ტრადიციული ”მაგარი” გამოთქმებით აღინიშნა:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”სავალუტო ფონდი არის აბსოლუტურად იდიოტური ორგანიზაცია, სოციალისტებისაგან შემდგარი, - მაგის ეჭვი არც არასდროს მქონია. სავალუტო ფონდის მოქმედებები საქართველოში, ჯამში, არის უარყოფითი. უარყოფითი არის არა იმის გამო, რომ ცუდ რაღაცეებს გვეუბნებიან, უარყოფითი, ძირითადად, არის იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვეჩვევით და ვერ ვსწავლობთ დამოუკიდებლად არსებობას და აზროვნებას. ჩვენ ვკარგავთ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ძირითად ნიშნებს. ”

ბენდუქიძის აზრით, სავალუტო ფონდის მიზანია, ჩვენი იმ მდგომარეობაში დატოვება, როგორშიც ვართ და, საერთო ჯამში, ეს სულელური პოლიტიკაა. ამ ეტაპზე ეკონომიკის მინისტრს ღია ოპონენტები არ გამოსჩენია, თუმცა ეს განცხადება კეთდება იმ ფონზე, როდესაც ფონდმა საქართველოს, 2 წლიანი შესვენების შემდეგ, პროგრამა აღუდგინა, შემდგომ კი დაეხმარა ”პარიზის კლუბში” საგარეო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციაში, რაც ხელისუფლებამ, თავის მხრივ, საქართველოს წარმატებად შეაფასა. თუმცა ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ამ ორგანიზაციის პარტნიორობა მართლაც სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო ქვეყნისთვის და რის გარეშეც საქართველოს ბიუჯეტს დამატებით ასეულ მილიონობით ხარჯი დააწვებოდა, ვალების მომსახურების სახით. დღეს ვალები რესტრუქტურიზებულია და, როგორც ჩანს, ქვეყნის მაღალ ჩინებს თამამად შეუძლიათ ფონდის მნიშვნელობის ნიველირება.
ამ შემთხვევაში განცხადებების მკვახე ტონი იმდენად არსებითი არ არის, რამდენადაც ბრალდების ობიექტურობა. ახალი საგადასახადო კოდექსი ქვეყნისთვის, უდავოდ, მნიშვნელოვანია და ხელისუფალთა მიერ საჯაროდ გაცხადებული ლიბერალიზაციის დასაცავად, მართლაც, ღირს ნებისმიერი კონფრონტაცია; ამასთან, არც ისაა უმნიშვნელო, რომ საქართველოს მთავრობაში გამოჩნდა პერსონა, რომელიც თავისი, თუნდაც საკამათო, პოზიციის დასაცავად არავის ეპუება, მაგრამ, არა მგონია, იმავე ხელისუფლებას დიდი სურვილი ჰქონდეს ანტიგლობალისტებისა და იმავე რადიკალი მემარცხენეების იარლიყი მიიწებოს. ბედის ირონიაა, მაგრამ სავალუტო ფონდის ძაგებაში დღეს სწორედ ამგვარი ძალები არიან ”შემჩნეულნი” და ისიც გასათვალისწინებელია, რომ დღეს ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია საერთაშორისო საფინანსო წრეების კეთილგანწყობა, ვიდრე სავალუტო ფონდისათვის - მისი ერთ-ერთი უმნიშვნელო წევრი ქვეყნის მთავრობასთან პარტნიორობა.
XS
SM
MD
LG