Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ შეწყვიტა ვიზების გაცემა რუსეთის ფედერაციის საკონსულომ საქართველოში


ერთ კვირაზე მეტია, რაც საქართველოში, რუსეთის ფედერაციის საელჩოს წინ, ქართული ინტერნეტსაზოგადოების ერთი ჯგუფის ორიგინალური

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ინტერნეტ დისკუსიის forum.ge-ის (ფორუმ ჯი-ის) მონაწილენი ღამღამობით რუსეთის საელჩოს ფასადზე თავიანთ მოთხოვნებს კომპიუტერული პროექტორით ”ასხივებენ”. დღისით კი რუსეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია ხმის გამაძლიერებლებით გადაცემული ქართული მუსიკითაა გაყრუებული. ამის გამო რუსეთის საელჩომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა გადასცა. ნოტის გადაცემის შემდეგ შეწყდა საქართველოში რუსეთის ვიზების გაცემაც.

თბილისში რუსეთის საელჩოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემულ საპროტესტო ნოტაში წერია, რომ საელჩოს მოპირდაპირე მხარეს მიმდინარე უჩვეულო აქცია უარყოფით გავლენას ახდენს საელჩოს თანამშრომელთა მუშაობის ნორმალურ რიტმზე. შესაბამისად, რუსეთის საელჩო თხოვნით მიმართავდა საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს შეეწყვიტათ ”ფორუმ ჯი-ის” მონაწილეთა საპროტესტო აქცია. რუსეთის საელჩოს პრესმდივანმა ევგენი ივანოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, მიუხედავად საპროტესტო ნოტისა, ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია აქციის აღსაკვეთად.

ყოველივე ამის შემდეგ, 20 აგვისტოს, რუსეთის საელჩოს შენობაში განთავსებულმა რუსეთის საკონსულომ ვიზების გაცემა შეწყვიტა. საკონსულოს ჭიშკარზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ვიზების გაცემა ტექნიკური მიზეზების გამოა შეწყვეტილი და არსადაა მითითებული, თუ როდის მოგვარდება იგი. რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში უფრო კონკრეტული კომენტარისაგან თავს იკავებენ.

[ტურისტული სააგენტოების ხმა] ”ჩვენ არაფერი ვიცით, გაჩერებული ვართ, საკონსულო ვიზებს არ გასცემს.”

ასეთი პასუხით გამომისტუმრეს რუსეთის საკონსულოს მოპირდაპირე მხარეს განლაგებულმა ტურისტულმა სააგენტოებმა. ამის შემდეგ საპროტესტო აქციის, ”რე-აქციის”, მონაწილეებსაც გავესაუბრე და ვკითხე, რუსეთის საელჩოს რეაქციის გამო ხომ არ აპირებენ აქციის შეწყვეტას. აღმოჩნდა, რომ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის მდგომარეობა რეაქციის მონაწილეებმა მხოლოდ ერთხელ გაითვალისწინეს: როდესაც რუსეთის ორი სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის ამბავი გახდა ცნობილი, აქცია 1 საათით შეწყდა.

[”ზარზას” ხმა] ”აქციის შეწყვეტა დაგეგმილი გვაქვს 27 აგვისტოს: მეათე დღე არის აქციის დაწყებიდან - მუსიკალური დეკადა გამოგვივა. 28-ში კიდევ მარიამობა არის და ამასთან დაკავშირებით ამ აქციას დავამთავრებთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს იდეა პროტესტისა გაქრება.”

როგორც ზაზა, მეტსახელად ”ზარზა”, ამბობს, - იგი ინტერნეტფორუმელთა აქციის ორგანიზატორია, - ”რე-აქცია” სექტემბრის შუა რიცხვებში უსათუოდ განახლდება, თუ რუსეთმა კვლავ გააგრძელა სამშვიდობო ძალების საქართველოს საწინააღმდეგოდ გამოყენება.

ამ აქციის თაობაზე რუსეთის საელჩოს 25 აგვისტოს სპეციალური პრესკონფერენციის გამართვა ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ ინტერნეტფორუმელთა “რე-აქციის” დასრულების თარიღის გარკვევის შემდეგ პრესკონფერენცია ახსნა-განმარტების გარეშე გადაიდო. იმოქმედებს თუ არა აქციის შეწყვეტა ვიზების გაცემის აღდგენაზეც, ეს 27 აგვისტოს შემდეგ გახდება ნათელი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG