Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“თბილგაზი” თბილისელებს თბილ ზამთარს ვერ ჰპირდება


“თბილგაზის” ხელმძღვანელობა თადარიგს იჭერს და, საკუთარი აბონენტების პარალელურად, ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებასაც აფრთხილებს: თუ საქართველოს

მთავრობა დანაპირებს არ შეასრულებს და რუსულ “გაზექსპორტს” “თბილგაზის” ვალს, ანუ 12 მილიონ დოლარს, არ გადაუხდის, დედაქალაქს მძიმე და ცივი ზამთარი ელის. ამ განცხადებას “თბილგაზის” ახალი გენერალური დირექტორი, რუსეთიდან საგანგებოდ მოწვეული ბიზნესმენი დავით მორჩილაძე აკეთებს. თუმცა იგი იქვე დასძენს, რომ “გაზექსპორტის” ვალის გასტუმრება არ ნიშნავს იმას, რომ ბუნებრივი აირი ყველა თბილისელს უპირობოდ მიეწოდება. ვის და რატომ არ უნდა ჰქონდეს გაზმომარაგების იმედი?

როგორი იქნება მომავალი ზამთარი? - ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ოპერატიული პროგნოზირების სამსახურსაც კი უჭირს. “სტატისტიკის მიხედვით, თბილისში იანვრის საშუალო ტემპერატურა პლუს ერთი გრადუსია. თუმცა ნოემბრამდე შესაძლო ცდომილების განსაზღვრა, ობიექტური მიზეზების გამო, თეორიულადაც კი შეუძლებელია”, - ამბობს ირაკლი ჩოგოვაძე, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თანამშრომელი.

[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] “ახლა, ჯერჯერობით, ჩვენთან როგორი ზამთარი იქნება 2005 წელს, ამაზე საუბარი ძალიან ნაადრევია. ამის შესახებ ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ სადღაც ნოემბრის თვეში. არ არის მყარი მეთოდები პროგნოზის გამოთვლისა და მისი დადგენის.”

მეცნიერებისგან განსხვავებით, “თბილგაზის” ხელმძღვანელობას აქვს პასუხი კითხვაზე - როგორი იქნება ზამთარი. “ძალიან მძიმე და ძალიან ცივი. თუკი ბუნებრივი აირის მომწოდებელ კომპანია “გაზექსპორტს” საქართველოს მთავრობა დავალიანებას, 12 მილიონ დოლარს, არ გაუსტუმრებს”, ამბობს თბილგაზის გენერალური დირექტორი დავით მორჩილაძე:

[დავით მორჩილაძის ხმა] “ცხადია, რომ მოლაპარაკება უნდა დამთავრდეს ზამთრამდე, სექტემბერში უნდა გადაწყდეს ყველა საკითხი. თუკი ეს არ მოხერხდა, ეს იქნება კატასტროფა. თუ ვერ მოვახერხეთ გაზის შემოტანა საქართველოში … ცხადია, თუ არ გვექნება გაზი, გვექნება ცივი ზამთარი. ეს ბუნებრივია.”

დავალიანება, რომლის შესახებაც მორჩილაძე საუბრობს, მისი დირექტორობის დროს არ წარმოქმნილა და აღნიშნული თანხის გადახდაზე პასუხისმგებლობაც თავის დროზე ხელისუფლებამ აიღო. ჯერ კიდევ შარშან გადაწყდა ვალის გასასტუმრებლად 15-15 მილიონი ლარი დედაქალაქისა და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოეყოთ. თუმცა თბილისის ბიუჯეტში, 15-ის ნაცვლად, მხოლოდ 10 მილიონი იქნა გათვალისწინებული, ცენტრალურმა ბიუჯეტმა კი ერთი თეთრიც არ გაიღო. თუ რატომ, ამის თაობაზე განმარტებას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან გოცირიძე იძლევა:

[რომან გოცირიძის ხმა] “იმიტომ რომ “თბილგაზში რაც არ უნდა გადაიხადო, მაინც იპარავენ და აბსოლუტურად უგუნური მენეჯმენტი არსებობს, რომელსაც არაფრის უნარი არ აქვს და თანხის ამოღება არ შეუძლიათ და, არათუ ამოღება არ შეუძლიათ, ისევ გრძელდება ეს კორუფცია, როგორც ჩანს. ამიტომ რეალურად ბიუჯეტიდან ფულის გადახდა ნიშნავს ადგილიდან მოპარული ფულის გადახდას.”

მორჩილაძე იმედოვნებს, რომ ქვეყნის მთავრობა “გაზექსპორტთან” პრობლემის მოგვარებას, თანხის გადახდით თუ არა, მოლაპარაკებითა და ვალის რესტრუქტურიზაციით მაინც შეძლებს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამის შემდეგ ბუნებრივ აირს ყველა აბონენტს უპრობლემოდ მიაწვდიან. საქმე ის არის, რომ თბილისელები, საშუალოდ, მოხმარებული აირის საფასურის მხოლოდ მესამედს იხდიან. არადა, როგორც “თბილგაზში” განმარტავენ, სემეკის ლიცენზიით, გადახდის მაჩვენებელი, 12 პროცენტიანი დაშვებული დანაკარგის გამოკლებით, არც მეტი არც ნაკლები, 100 პროცენტი უნდა იყოს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG