Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონელი კაზაკები მოსკოვში საქართველოს საელჩოს პიკეტირებას აპირებენ


ბოლო დროს გავრცელებულ ცნობებში სულ უფრო ხშირად ფიგურირებს ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე კონფლიქტის ზონებში კაზაკთა სამხედრო

შენაერთების გამოჩენის თაობაზე. თავის მხრივ, არც კაზაკები მალავენ, რომ არ აპირებენ შორიდან უცქირონ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და საკუთარი იურისდიქციის ქვეშ მოაქციოს თვითგამოცხადებული რესპუბლიკები. თუმცა, როგორც ჩანს, კაზაკთა ატამანები მარტო მუქარით არ კმაყოფილდებიან დ ათასკაციანი რაზმით ამჯერად უკვე საკუთარ ტერიტორიაზე, მოსკოვში, საქართველოს საელჩოს პიკეტირებას გეგმავენ. რას ითხოვენ კაზაკები და როგორი მოლოდინი აქვთ მოსკოვში მოღვაწე ქართველ დიპლომატებს ხალხმრავალი საპროტესტო აქცის წინ?


კაზაკთა გულისწყრომა, როგორც ამას დონელ კაზაკთა ყოვლად უდიდესი ჯარების ატამანი ვიქტორ ვოდოლაცკი აცხადებს, საქართველოს ხელისუფლების იმ განცხადებამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც კაზაკები ცხინვალის რეგიონში ოსი სეპარატისტების მხარეს იბრძვიან.
“ქართულ-ოსურ კონფლიქტში რუსი კაზაკები არ მონაწილეობენ. პირიქით, ატამანები და კაზაკთა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი გენადი ტროშევი ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ თავიდან იქნეს აცილებული საბრძოლო მოქმედებები”..

ატამან ვოდოლაცკის ამ განცხადების საწინააღმდეგოდ, 2004 წლის 18 აგვისტოს “ნეზავისიმაია გაზეტაში” გამოქვეყნებულ სტატიაში კაზაკთა კიდევ ერთი ატამანი, გვარად კოზიცინი, დაუფარავად საუბრობს კაზაკების უშუალო მონაწილეობაზე ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში. შეიძლება გახსოვდეთ, რომ ამ სტატიის გამო რუსეთის ფედერაციის საელჩოს დესპანი ვიქტორ რინზა ახსნა-განმარტების მისაღებად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

დიპლომატებისგან განსხვავებით, ის ქართველი სამხედროები, რომლებიც კონფლიქტის ზონაში ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდნენ, საბრძოლო მოქმედებებში კაზაკთა მონაწილეობას ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე ადასტურებენ.

[მამაკაცის ხმა] “რაც მე მაქვს სადაზვერვო ინფორმაციები, რაც ჩვენებმა მოიპოვეს, სოფელ დამპალთეთში, მონასტერთან, ოსებთან ერთად არის კაზაკების ქვედანაყოფი.”

მოსკოვში მოღვაწე სამხედრო ექსპერტს პაველ ფელგენჰაუერს მიაჩნია, რომ რუსეთში დაქირავებულ მებრძოლთა ორგანიზებული ქსელი არ არსებობს. ამის გამო ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მდებარე ცხელ წერტილებში ნახევრად კრიმინალური სეპარატისტული რეჟიმები გაურკვეველი წარმომავლობის მებრძოლებს ქირაობენ. მათ შორის არიან კაზაკებიც.




[პაველ ფელგენჰაუერის ხმა] “არ არსებობს ორგანიზებული ბაზარი, ამის გამო ქირაობენ იმათ, ვინც ხელთ მოხვდებათ. იქნებიან ეს გაურკვეველი წარმომავლობის კაზაკები თუ დნესტრისპირეთში მებრძოლი მამაკაცები. ასევე შეიძლება გარკვეული კონტინგენტის შეგროვება ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების რიგებიდან, მაგრამ მათი მომზადების ხარისხიც საკმაოდ დაბალია… ასე რომ, ორგანიზებული ბაზრის არ არსებობის გამო, ყველანაირი ნაყარ-ნუყარი გვხვდება.”

პაველ ფელგენჰაუერის თქმით, სეპარატისტულ მთავრობათა ავტორიტეტი საკუთარ ხალხშიც კი იმდენად დაბალია, რომ მათი დაცვისა და უსაფრთხოების უმთავრეს გარანტად დაქირავებული მებრძოლები გვევლინებიან. იმას, რომ საჭიროების შემხთვევაში კაზაკები თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დასაცავად იბრძოლებენ, არც ატამანი ვოდოლაცკი უარყოფს, თუმცა სანამ ეს დრო არ დამდგარა, დონელი კაზაკები, პროტესტის ნიშნად, საქართველოს საელჩოს პიკეტირებას სჯერდებიან. რუსი კოლეგებისაგან განსხვავებით, როგორც ამას ჩემთან საუბარში საქართველოს საქმეების დროებითი რწმუნებული რუსეთის ფედერაციაში თემურ გამცემლიძე აცხადებს, ქართველი დიპლომატები, საელჩოსთან გახშირებული საპროტესტო აქციების მიუხედავად, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას:

[თემურ გამცემლიძის ხმა] “რომ გითხრათ სერიოზულ დისკომფორტს გვიქმნის-მეთქი ეს პიკეტი, ნამდვილად არ იქნება სწორი, იმიტომ რომ საელჩო მუშაობს ჩვეული რიტმით, ჩვეული რეჟიმით. საქმეები ძალიან ბევრია. აი, ეს თავყრილობები, ჩემი აზრით, უფრო მოსკოველებს უშლის ხელს, იმიტომ რომ აქ იკეტება მოძრაობა და რაღაც-რაღაც არეულობა იქმნება ქუჩაში, თორემ ჩვენ როგორც ვმუშაობდით, ისევე ვმუშაობთ.”
გამცემლიძის თქმით, აქციის ჩატარების შესახებ ცნობა მან რუსული საინფორმაციო საშუალებებიდან მიიღო. დონელი კაზაკები კი პიკეტირების დასაწყებად მოსკოვის მერიის თანხმობას ელიან.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG