Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეზერვისტები თავდაცვის სამინისტროთი არიან უკმაყოფილო, თავდაცვის მინისტრი კი - ჟურნალისტებით


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ 1 სექტემბერს სპეციალური პრესკონფერენცია მიუძღვნა შეიარაღებული ძალების უზრუნველსაყოფად

გამოცხადებული ტენდერების შედეგებს. საწვავ-საპოხი მასალით, ორცხობილათი, პურითა და ხელყუმბარებით მომარაგებაში აღმოჩენილი წვრილმანი დარღვევების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტიკაში სამხედრო პატრიოტული სულისკვეთებისთვისაც მოიცალა. ბარამიძე ქართულ პრესაში რუსული სამხედრო ჟურნალისტიკის სტანდარტების დამკვიდრებას ნატრობს.

საქართველოს ხელისუფლება დიდ იმედებს ამყარებს რეზერვისტების მობილიზაციისა და მომზადების კამპანიაზე, რომელიც ახლახან პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით დაიწყო. საქართველოს თავდაცვის უწყებამ რეზერვისტების პირველ ნაკადს სოფელ ოსიაურში მოუყარა თავი და იქ ყოფილ სამხედროებს ერთთვიანი წვრთნა და სწავლება ჩაუტარა. მოხალისე რეზერვისტების უმეტესობა დროებით სამხედრო სამსახურს ჯამაგირის მიღების პერსპექტივით დასთანხმდა. თუმცა კი, როგორც სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2-ის” კორესპონდენტმა ნანა ინწიკრველმა აღმოაჩინა, რეზერვისტების იმედები არ გამართლდა. ფრაგმენტი ინწკირველის მიერ მოპოვებული მასალიდან:

[რეზერვისტების ხმა] ”- რას შეგპირდნენ და რა არ შეგისრულეს? – 150 ლარი და დღეს არის გამოკლება და გამოქვითვა, არ ვიცი... - საიდანა ხარ? - გლდანიდან. მე არავისი არ მეშინია და მე აღარ ვაპირებ ჯარში სამსახურს ამის შემდეგ იმის გამო, რომ არ აპირებენ დანაპირებს არანაირად. ერთი პაჭკა ასტრა ენანებათ, რომ მოგვიტანონ და მოგვაწევინონ. სამი დღეა ჯარში ”გალიაკი” აქვთ, ასე წოდებული...”(სტილი დაცულია)

ეს სიტყვები რეზერვისტმა სამხედრო ხელმძღვანელობის კითხვის პასუხად თქვა და მას მხარი სხვებმაც აუბეს. სწორედ ამ კადრების ტელეეკრანზე ხილვის გამო განაწყენდა თავდაცვის მინისტრი გია ბარამიძე და პირველ სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთება დაუწუნა:

[ბარამიძის ხმა] ”თუ სადღაც რაღაცას კრიტიკულს იტყვი, იქ პოზიტივიც უნდა დაინახო და ის პოზიტივი უნდა აჩვენო. მით უმეტეს, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი პროცესია, ომის მდგომარეობაში ვართ. აბა, ერთი რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გააკეთონ ასეთი ქილიკური და პრაქტიკულად არაპატრიოტული სიუჟეტი არაფრის გამო, თითიდან გამოწოვილი მიზეზის გამო. რომ იყოს რაიმე მიზეზი, ნამდვილად არ არის ამ სამინისტროს ხელმძღვანელობაში არავინ, ვინც ვინმეს ხელს დააფარებს.”

ამ სიტყვების დასადასტურებლად გიორგი ბარამიძემ გვარდიის საფინანსო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა რეზერვისტთა ხელფასის 1 დღიანი დაგვიანების გამო. ოსიაურში შეკრებილი რეზერვისტები კი ირწმუნებოდნენ, რომ სამხედრო სამსახურის ვადის ამოწურვის შემდეგ, დაგვიანებული ხელფასების მოლოდინში, 3 დღიანი შიმშილის ატანაც მოუხდათ.

ამ მოვლენების პარალელურად ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი ბარამიძე თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაჰყავთ, თუმცა თავად ბარამიძე ამას ჭორსა და დაინტერესებული ძალების გამიზნულ დეზინფორმაციას უწოდებს. თავდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ ამ პროვოკაციებით მტერს შეიარაღებულ ძალებში დესტაბილიზაციის შეტანა სურს.
XS
SM
MD
LG