Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტარები და ადამიანის უფლებების დამცველები აპროტესტებენ ბათუმის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელებულ ძალისმიერ ოპერაციას


საქართველოს პარლამენტის რამდენიმე წევრი ადამიანის უფლებათა დამცველებთან ერთად აქტიურად აპროტესტებს ბათუმის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელებულ ძალისმიერ აქციას.

როგორც მოგეხსენებათ, ამ ტერიტორიიდან მოვაჭრეების გასაძევებლად ადგილობრივმა ადმინისტრაციამ სპეცრაზმი გამოიყენა. მოვაჭრეებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირებისას ადამიანები ორივე მხარეს დაშავდნენ. ამის გამო პასუხი მოვაჭრეებს მოსთხოვეს და 10-ზე მეტი მოვაჭრე დააპატიმრეს. კვლავ ბათუმში არიან პარლამენტის წევრები კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური, რომლებიც მოვაჭრეების უფლებებს იცავენ. ისინი და მათთან ერთად ადამიანის უფლებების დამცველები მიიჩნევენ, რომ მოვაჭრეების წინააღმდეგ აჭარის ხელმძღვანელობამ უკანონო ქმედება ჩაიდინა. ამასთან დაკავშირებით სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა თბილისში, პარლამენტის შენობაში.

სერიოზული ხელჩართული ბრძოლების შემდეგ ბათუმის ცენტრალური ბაზრის ტერიტორია მოვაჭრეებისგან დაცარიელდა. ვაჭრობა მათ ქალაქის გარეუბანში გამოყოფილ ტერიტორიაზე შესთავაზეს, თუმცა, როგორც დეპუტატი ზვიად ძიძიგური აღნიშნავს, შეაღწევენ თუ არა ცენტრალური ბაზრის ტერიტორიიდან გამოძევებული მოვაჭრეები ახალ ბაზარში, ეს მათ შნოსა და მარიფათზეა დამოკიდებული. ზვიად ძიძიგურის თქმით, იქაურობა სხვა მოვაჭრეებს უკავიათ:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] “ფაქტიურად, მიაგდეს ბედის ანაბარა ეს ხალხი, იქ გარანტირებული მათი შესვლა არ არის. ამას გარდა, იმ ბაზრობას აქვს ერთი სერიოზული პრობელმა: მომიჯნავე ტერიტორიაზე არის ნავთობტერმინალი და ვინც გასცა ამ ბაზრობის სერთიფიკატი, არის აშკარად ყალბი. “(სტილი დაცულია)

მთავარი, რაც ზვიად ძიძიგურს და მის თანამოაზრეებს აწუხებთ, მაინც ის არის, რომ წესრიგის დამყარების ლოზუნგით ხელისუფლება უკანონო ქმედებებს ახორციელებს და ამართლებს კიდეც ამას.

ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი მოვაჭრეების უფლებების დაცვას - მათ შორის, დაკავებული მოვაჭრეების უფლებების დაცვას - ბათუმში ცდილობენ, მათმა თანამოაზრე დეპუტატმა კახა კუკავამ კი თბილისში, პარლამენტის შენობაში, ადამიანის უფლებების დამცველები მიიწვია და მათთან ერთად სცადა ბათუმში განხორციელებული ძალისმიერი აქტის შეფასება. არგუმენტები ასეთია: ადმინისტრაციული კოდექსის 96 -ე მუხლით, ადმინისტრაციული აქტის განხორციელებასთან დაკავშირებიით მხარეებს წინასწარ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, - მოვაჭრეებისთვის წინასწარ არ უცნობებიათ, რომ ბაზრის ტერიტორიის გაწმენდას სპეცრაზმის მეშვეობით აპირებდნენ და მეორე - ადმინისტრაციული კოდექსის 29- ე მუხლით, ამა თუ იმ ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება სასამართლოში დროებით აჩერებს ამ აქტის მოქმედებას. ბათუმის მერიის განკარგულება ქალაქის ცენტრალური ბაზრის გაუქმების შესახებ გასაჩივრებულია. ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ უნდა მომხდარიყო ბაზრის ტერიტორიის გაწმენდის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. კახა კუკავას განცხადებით, აჭარის ადმინისტრაციას პარლამენტისგან აუცილებლად უნდა მოეთხოვოს პასუხი შეკითხვაზე, ვისი ბრძანებით განხორციელდა უკანონო ქმედება ბათუმის ყოფილი ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე. ბათუმში მომხდარს ასევე უკანონობის აღზევების მაგალითად განიხილავენ ცალკეული უფლებების დამცველები, მათ შორის, გელა ნიკოლეიშვილი. მისი თქმით, საქართველოში, თითქოსდა, ისტორიად ქცეული საბჭოთა ყაიდის მმართველობის გაცოცხლება ხდება.

“ასეთ სიტუაციაში, თუ არ ითქვა, რა სამართლებრივი ნორმის საფუძველზე შევიდა სპეცრაზმი მოვაჭრეების დასარბევად, უნდა მივიჩნიოთ, რომ ასეთი რაზმები შევლენ ყველგან, სადაც მოისურვებენო,” - ითქვა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბათუმში სპეცრაზმთან დაპირისპირების შემდეგ დაკავებული მოვაჭრეებისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. იქ ჩასული დეპუტატები აცხადებენ, რომ ისინი უკანონოდ არიან დაპატიმრებულნი.
XS
SM
MD
LG