Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სპეცსამსახურები ,,რუსთავი 2”-ის გადამღები ჯგუფის წინააღმდეგ


სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2”-ის გადამღები ჯგუფი მესამე დღეა პატიმრობაში იმყოფება. ნანა ლეჟავა და ლევან თეთვაძე რუსეთის სპეცსამსახურებმა 4 სექტემბერს დააკავეს

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მოტივით, თუმცა “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ყაზბეგში ჩაწერილ ჟურნალისტებს ბესლანში გადაადგილებისათვის ვიზა არ სჭირდებოდათ. წინასწარი დაკავების ორდღიანი ვადა 6 სექტემბერს 1 სთ-ზე ამოიწურა. ამ დღესვე პროკურატურამ მათ ბრალი წაუყენა და 10 დღიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. ლეჟავა და თეთვაძე ვლადიკავკაზის ფედერალური უშიშროების ადგილობრივ განყოფილებაში ამ დრომდე იმყოფებიან. მათ ჩამორთმეული აქვთ დოკუმენტაცია და მობილური ტელეფონები. რას აცხადებს ქართული მხარე და რა ბრალს სდებენ რუსული სპეცსამსახურები ნანა ლეჟავას?


რუსეთის სპეცსამსახურები თავისუფალი მედიის წინააღმდეგ საბრძოლველად სხვადასხვაგვარ ხერხს მიმართავენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ისინი ,,რუსთავი 2”-ის გადამღებ ჯგუფს ტერორისტებთან ურთიერთობაში სდებენ ბრალს და, სავარაუდოდ, ნანა ლეჟავასა და ლევან თეთვაძის დაკავების მიზეზიც ეს გახდა. სამაუწყებლო კომპანიისათვის ეს ფაქტი სკანდალურია. მიუხედავად ამისა, ნანა ლეჟავა და ლევან თეთვაძე უკვე 50 საათია დაკავებულნი არიან ვლადიკავკაზის ფედერალური უშიშროების ადგილობრივ განყოფილებაში. სამი დღეა უშედეგოდ ელიან ინფორმაციას ტელეკომპანიაშიც. “რუსთავი 2”-ის წამყვანი ნინო შუბლაძე ამ სკანდალურ ინფორმაციას მთელი დღის განმავლობაში აწვდიდა მაყურებელს.

[ნინო შუბლაძის ხმა] ,,რუსთავი 2”-ისთვის ცნობილი ხდება, რომ რუსული სპეცსამსახურები უცხოური და ადგილობრივი პრესის წარმომადგენლებში ჩვენი გადამღები ჯგუფის შესახებ აბსურდულ და სკანდალურ ინფორმაციებს ავრცელებენ. რუსეთის სპეცსამსახურებს საეჭვოდ მიაჩნიათ ნანა ლეჟავასა და ლევან თეთვაძის ბესლანში მძევლების აყვანის დღესვე ჩასვლა და ავრცელებენ ხმებს, თითქოს ჟურნალისტები ტერორისტებისგან იყვნენ ინფორმირებულნი მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ.”

ობიექტური ინფორმაციისა და აქტიურობისათვის დაისაჯა ნანა ლეჟავა, მიაჩნიათ მის კოლეგებს და რუსეთის ხელისუფლების ამ ნაბიჯის გამო საპროტესტო აქციას თბილისში რუსეთის საელჩოს წინ მართავენ. ქართველი ჟურნალისტები დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებას მოითხოვენ. მიმდინარე მოვლენებით გაოგნებულია ლეჟავას ოჯახი. მისი მეუღლე ზაზა კახიანი ხელისუფლებას უმოქმედობასა და უყურადღებობაში სდებს ბრალს:

[ზაზა კახიანის ხმა] ",გაუგრძელეს ის და 10 დღე იქნება კიდევ. რა ვიცი, რა უნდა დავადგინოთო, - კავშირი ხომ არ ჰქონდაო იმათთან... სიმართლე გითხრა, ჯერჯერობით არავის დაურეკავს, რა. ისე, რომ ვიღაცას დაერეკოს, რომ ნანა ლეჟავას ჰყავს დედა, მამა, ქმარი, ეგეთი რაღაცა არ ყოფილა. მე რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე, ეგეთი რაღაცა, არ ვიცი, რა... რა თქმა უნდა, მინდა, რომ წავიდე და ვნახო." (სტილი დაცულია)

ამ დრომდე პასუხი არც საქართველოს ხელისუფლებას აქვს. რუსეთის პროკურატურამ დაკავებულ ჟურნალისტებს 10 დღიანი პატიმრობის ვადა შეუფარდა. დარღვეულია ადვოკატის აყვანის წესებიც. მათთან შეხვედრას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი. ყაზბეგში ჩაწერილ ჟურნალისტებს სავიზო რეჟიმი არ დაურღვევიათ, საზღვრისპირა რაიონში ჩაწერილ ლეჟავასა და თეთვაძეს რუსეთში გადაადგილებისათვის ვიზა არ სჭირდებოდათ-აცხადებენ ,,რუსთავი 2-ში”. დღესვე ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპროტესტო წერილი გაუგზავნა ვლადიმირ პუტინს და დაკავებული ჟურნალისტების დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოსთხოვა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩუბინიშვილი საუბრობს:

[ირაკლი ჩუბინიშვილის ხმა] "პრეზიდენტმა გაუგზავნა პრეზიდენტ პუტინს წერილი, სადაც ჩვენ ვითხოვთ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა პირადად გასცეს განკარგულება და რაც შეიძლება მალე მოხდეს "რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფის დაბრუნება სამშობლოში. ცხადია, რომ ჩვენთვის ეს თემა ახლა ერთ-ერთი პრიორიტეტია და ნებისმიერი კონტაქტი საქართველოს ხელისუფლების წაარმომადგენლებისა თავიანთ რუს კოლეგებთან არის დაკავშირებული დღესდღეობით ამ საკითხთან. ჩვენ ყველანი ვმუშაობთ და ამ მომენტისთვის, ცხადია, მე ვერაფერს დამაიმედებელს ვერ ვიტყვი."

საპროტესტო აქცია რუსეთის საელჩოს წინ ამ წუთებშიც გრძელდება.
XS
SM
MD
LG