Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა პირობებში ელოდება ასობით ადამიანი რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გახსნას


1 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის პირველ საშუალო სკოლაში, ტერორისტების შეჭრიდან რამდენიმე საათში, რუსეთის ხელისუფლებამ რუსეთ-საქართველოს

სახელმწიფო საზღვრის ჩაკეტვის ბრძანება გასცა. დღემდე არაა ცნობილი, თუ როდის ამოქმედდება საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ რა პირობებში უწევს ლოდინი ასობით ადამიანს, რომლებიც საზღვრის გახსნას ყოველ წუთს მოელიან.

რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან ხუთამდე სამგზავრო ავტობუსი და 30-მდე სატვირთო მანქანა ელოდება რუსეთის მხრიდან საზღვრის გახსნას. საზღვრის ჩაკეტვის დროს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან გაცილებით მეტი ხალხი იყო თავმოყრილი, მაგრამ მათი უმრავლესობა უკან დაბრუნდა. ზემო ლარსში მხოლოდ ისინი დარჩნენ, ვისაც უკან დაბრუნება არ შეუძლია და ვერც გზის გაგძელებას ახერხებს. ასეთი ადამიანების უმრავლესობას სომხეთის მოქალაქენი შეადგენენ, თუმცა არიან რუსეთის მოქალაქე ოსებიც.

[რუსეთის მოქალაქის ხმა] ”მე ვლადიკავკაზიდან ვარ, რუსეთის მოქალაქე. საქართველოში ტვირთი ჩავიტანე და ახლა აქ ვდგავარ სამი დღეა, რატომ უნდა ვიდგე ახლა აქ? მე ახლა დასაფლავებაზე უნდა ვიყო. მე ბესლანში ნათესავები დამეღუპნენ, პატარა ბავშვები.”

ამ აღშფოთებული პიროვნების გარდა, საზღვრის გახსნას ელოდებიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. ბავშვების უმრავლესობა ცუდად გრძნობს თავს შიმშილისა და სიცივის გამო, ზემო ლარსში ამ დღეებში ჰაერის ტემპერატურა პლუს 10 გრადუსამდეა დასული, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე, არათუ წამალი, საკვები პროდუქტებიც კი არ იყიდება. აი, რას მეუბნება არმავირში მიმავალი სომეხი ქალბატონი, რომელსაც ხელში მცირეწლოვანი ბავშვი უჭირავს:

[ქალბატონის ხმა] ”ძალიან ცივა, გოგონა ოდნავ ავად გახდა, ახველებს, ავტობუსში ღამით გაჩერება შეუძლებელია, ისე ცივა, ჩვენ უკვე 10 დღეა გზაში ვართ.”

კიდევ ერთი ქალბატონი ბავშვებისთვის თბილ გადასაფარებლებს ითხოვს:

[ქალბატონის ხმა] ”მე ძალიან ბევრი ავადმყოფი მყავს ავტობუსში. ბავშვები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან თბილი სამოსის გარეშე. იქნებ მათთვის თბილი გადასაფარებლები მაინც მოგვცეთ. მე ექიმი ვარ და თან მქონდა ანტიბიოტიკების მთელი კომპლექტი, ახლა აღარაფერი დამრჩა. გთხოვთ დამეხმაროთ.”

ამ ქალბატონების, მათი ბავშვებისა და საზღვრის გახსნის მომლოდინე სხვა ადამიანებისთვის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სასწრაფო დახმარების ორი ჯგუფი გამოყო, რომლებიც დღედაღამ იმორიგევებენ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან. საზღვართან სასწრაფო დახმარების ავტომობილების გამოჩენისთანავე დახმარების მომლოდინე ადამიანების რიგი დადგა.

მიუხედავად ავდრისა, ხალხის გამოცოცხლება უფრო მეტად საკვები პროდუქტების გამოჩენამ გამოიწვია. ძეხვი, სულუგუნი, პური და ორცხობილა რუსეთის საზღვრის გახსნის მომლოდინე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს მმართველი პარტიის, ნაციონალური მოძრაობის, თბილისის ორგანიზაციის ლიდერებმა მიუტანეს.

[ისმის სამადლობელი სიტყვები]

აი, ასეთი სამადლობელი სიტყვებით დაემშვიდობნენ რუსეთის მხრიდან საზღვრის გახსნის მომლოდინე ადამიანები ჰუმანიტარული აქციის ორგანიზატორებს. თუმცა ეს სამადლობელი სიტყვები უკანასკნელი არ იქნება, ანუ ჰუმანიტარული დახმარება კვლავ გახდება საჭირო, თუ მოსკოვმა რუსეთ-საქართველოს საზღვრის გახსნა კიდევ დიდხანს ვერ გადაწყვიტა.
XS
SM
MD
LG