Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება ცდილობს დაამტკიცოს, რომ მისთვის პრიორიტეტულია განათლების სისტემა


გასულ წლებში საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი განათლების სისტემის მიმართ ათობით მილიონი ლარის ვალი დააგროვა.

მისი ძირითადი ნაწილი მასწავლებელთა სახელფასო ვალია, რომლის გასტუმრებაც გაურკვეველი დროით იყო გადადებული. თუმცა პროფიციტმა ფინანსთა სამინისტროს საშუალება მისცა განათლების სისტემის მიმართ არსებული დავალიანების დაფინანსება დაეწყო. დავალიანების გარდა, ქვეყნის ხაზინამ შეძლო თანხა გამოეყო საპრეზიდენტო საჩუქრის პროგრამისთვისაც, რომელიც ყველა მოსწავლის 10-10 ლარით დასაჩუქრებას ითვალისწინებს.

პროფიციტული ბიუჯეტის სიკეთეს ყველაზე პირველად განათლების სისტემის თანამშრომლები იგრძნობენ. ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაფაროს პედაგოგების ვალი, რომელიც მას 1999 წლიდან 2003 წლის ჩათვლით დაუგროვდა, და დავალიანების პირველი ნაწილი, 13 მილიონი, უკვე გადარიცხა განათლების სამინისტროს ცენტრალურ თუ რეგიონულ უწყებათა ანგარიშებზე. კიდევ ერთი ტრანსფერი 16 სექტემბერს განხორციელდება და განათლების სისტემა 17 მილიონ ლარამდე თანხას მიიღებს.

[ალექსანდრე ლომაიას ხმა] ”მე, უბრალოდ, მინდა ვთქვა, რომ, აი, ამ ნაბიჯით მთავრობამ, პრეზიდენტმა, გამოუცხადეს პედაგოგებს, რომ მათ ფინანსურ ვალს ვისტუმრებთ.”

ეს სიტყვები განათლების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ ფინანსთა მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოთქვა. მისი პათეტიკა არცთუ უსაფუძვლოა, რადგან სიძუნწით ცნობილი ფინანსთა მინისტრის მიერ ვალების ერთბაშად გასტუმრება, მართლაც, იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლებისთვის განათლება პრიორიტეტულია. თუმცა სხვაგვარად ფიქრობს საქართველოს მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირების ლიდერი მანანა ღურჭუმელიძე:

[მანანა ღურჭუმელიძის ხმა] ”მასწავლებლების ხელფასი, საშუალოდ, არის 45 ლარი. დღეს როგორ უნდა იარსებოს ადამიანმა 45 ლარით, ეს კითხვა ყველაზე პატარა ბავშვსაც რომ დაუსვათ, ისიც გიპასუხებთ, რომ ვერ იარსებებს. ასე რომ, სანამ მასწავლებლების ხელფასი საარსებო მინიმუმს მაინც არ გაუტოლდება, ხელისუფლება ვერ იქნება პირნათელი.”

მასწავლებელთა პროფკავშირებს ხელისუფლებისეული განათლების პოლიტიკის მიმართ ბევრი სხვა კრიტიკული შენიშვნაც აქვთ, თუმცა ამჯერად მხოლოდ ფინანსებზე შევჩერდებით. ხელისუფლება რომ განათლებაზე ფინანსურად ზრუნავს, ამის დემონსტრირება ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის საჩუქრითაც ხდება:

[ლომაიას და ნოღაიდელის ხმა] ”მილიონ 70 ათასი - ეს არის ჩანთები და სახელმძღვანელოები პირველ კლასელთათვის. ამის გარდა, არის 6,5 მილიონი ლარი მეორიდან მეთერთმეტე კლასელთათვის, რომლებიც მიიღებენ 10-10 ლარს.”

მასწავლებელთა პროფკავშირების წარმომადგენლები ხელისუფლების ამ ინიციატივასაც მიესალმებიან, თუმცა არ ერიდებიან არც მედლის მეორე მხარეზე საუბარს:

[მანანა ღურჭუმელიძის ხმა] ”პირველი კლასელებისათვის წიგნის გადაცემა კარგია, მაგრამ ის 10 ლარი ვერ შეცვლის სურათს, რადგან ამ თანხით 1 ან 2 წიგნს იყიდიან, ანუ ბავშვები ისევ წიგნის გარეშე რჩებიან.”

მანანა ღურჭუმელიძის მიერ ნახსენები ეს და სხვა პრობლემები განათლების სისტემის რეფორმამ უნდა გადაჭრას, თუმცა თავად რეფორმის პროექტიც წინააღმდეგობებით არის სავსე.
XS
SM
MD
LG