Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანკარა და ბრიუსელი შეთანხმდნენ – გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები იქნება


ხუთშაბათს ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა

რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში გიუნტერ ფერჰოიგენმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ თურქეთთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ხელს აღარაფერი შეუშლის. რა მოხდა 23 სექტემბერს და რა კომპრომისზე ლაპარაკობდნენ მოლაპარაკების მონაწილეები ბოლომდე ცხადი ჯერ კიდევ არ არის.

ცხადია ერთი, რომ ევროკავშირი-თურქეთის ურთიერთობა ამ უკანასკნელის გაწევრიანებამდე რთული იქნება და სირთულეები იქნება დასაძლევი იმ შემთხვევაშიც, თუკი თურქეთი ევროკავშირის ნაწილი გახდება. თურქეთს ბლოკში ბევრი სერიოზული ოპონენტი ჰყავს, იმავე ევროპარლამენტში საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკის პარტიის წარმომადგენელთა სახით, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის ოპოზიციის წარმომადგენლებზე. თუმცა, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკომისიის დამოკიდებულებაა, რომლის ერთი წარმომადგენელი – გიუნტერ ფერჰოიგენი თურქეთთან მოლაპარაკებების დაწყებას საეჭვოდ აღარ მიიჩნევს, ამ უწყების მომავალი პრეზიდენტი ჯოზე მანველ დორაო ბაროზო კი უფრო ფრთხილია და ამბობს:

[ბაროზოს ხმა]
“აშკარაა, რომ ევროკავშირის შესაძლო გაფართოება მასში თურქეთის გაწევრიანების გზით მნიშვნელოვანი გამოცდაა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის ყველა განზომილება გულდასმით უნდა შევისწავლოთ. მიმაჩნია, რომ თუკი თურქეთი შეძლებს შესაბამებას ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა კრიტერიუმთან, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მისი გაწევრიანების მცდელობას. მაგრამ ეს უნდა იყოს ჭეშმარიტი მოლაპარაკება და არა უბრალო ფორმალობა”.

აქვე გაგაცნობთ ჟაკ შირაკის პრატიის წარმომადგენელი ევროპარლამენტარის ჟაკ ტუბოს არგუმენტს, თუ რატომ არ თვლის ის საჭიროდ თურქეთის გაწევრიანებას ევროკავშირში:

[ტუბოს ხმა]
“ჩემის აზრით, სწორი იქნებოდა, თუკი ევროკავშირსა და თურქეთს შორის იქნებოდა ისეთი ურთიერთობა, რომლის პირობებშიც თურქეთს შეუნარჩუნდებოდა პოლიტიკური ავტონომია. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ თურქეთი იყოს შავი ზღვა-კავკასიის სტაბილურობის პაქტის ჭეშმარიტი ცენტრი და მამოძრავებელი ძალა. და ღმერთია მოწამე, რომ კავკასიასა და მის მიმდებარე რეგიონს სჭირდება სტაბილურობა. თურქეთი ვერ შეძლებს რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფას, თუკი ის ევროკავშირში შევა. არამედ ის უნდა დარჩეს შუამავლის პოზიციაში, რის საშუალებასაც მას ევროკავშირთან პრივილეგირებული პარტნიორობის ფორმატი მისცემდა”.

აი, ასეთი გახლავთ ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების მოწინააღმდეგე ფრანგი პარლამენტარის მოსაზრება. ახლა კი ისევ ძირითად პროცესს მივუბრუნდეთ: 23 სექტემბრის შეხვედრის შემდეგ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში გიუნტერ ფერჰოიგენმა განაცხადა, რომ აღარ არსებობს ბარიერი, რომელიც ხელს შეუშლიდა ევროკავშირსა და თურქეთს შორის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას:

[ფერჰოიგენის ხმა]
“ჩვენ შევძელით გვეპოვნა გამოსავალი დღემდე მოუგვარებელი პრობლემებიდან. ასე რომ, ჩემის აზრით, ყველა ბარიერი მოხსნილია. მიმაჩნია, რომ თურქეთს აღარ დარჩა შესასრულებელი არც ერთი პირობა იმისათვის, რომ ევროკომისიამ მასთან მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭიროს”.

ხუთშაბათის მოლაპარაკებებამდე ერთი დღით ადრე, ალბათ გახსოვთ, სწორედ იმ ჩიხურ ვითარებაზე მოგითხრობდით, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა ევროკომისიის კეთილგანწყობის მოპოვების შესაძლებლობას. ოთხშაბათს გავრცელდა ცნობა, რომ პრემიერ-მინისტრ ერდოანის პარტია და თავად ერდოანიც სწორედაც რომ არ აპირებდნენ სისხლის სამართლის კოდექსის პროექტიდან ცოლ-ქმრული ღალატის მუხლის ამოღებას. აქვე გთავაზობთ ერდოანის 22 სექტემბრის ანკარის განცხადებას:

[ერდოანის ხმა]
“ჩვენ უკვე იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ეს ევროკავშირის კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან შესაბამისობისთვის იყო აუცილებელი. ფაქტობრივად ის რეფორმები, რომლებიც ევროკავშირთან მიახლოებისთვის გატარდა სამოქალაქო რევოლუციის ტოლფასია”.

ამ სიტყვების წარმოთქმიდან ერთ დღეში, ბრიუსელში შეხვედრის წარმართვის შემდეგ ორივე მხარე კომპრომისზე ალაპარაკდა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმაც განაცხადა, რომ ამ კვირას, 26 სექტემბერს თურქეთის პარლამენტი საგანგებო სესიაზე მიიღებს სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმათა პაკეტს. როგორც 23 სექტემბრის მოლაპარაკებათა მონაწილე ევროკავშირის წარმომადგენელმა სააგენტო როიტერს განუცხადა, ერდოანმა დადო პირობა, რომ ახალ პაკეტში აღარ იქნება ცოლ-ქმრული ღალატის მუხლი. ასე დასრულდა ევროკავშირსა და თურქეთს შორის დაძაბული ურთიერთობის ეს ეტაპი. ვითარების ასეთი სწრაფი შემობრუნება ბევრ კითხვას უპასუხოდ ტოვებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG