Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში, რუსეთის საელჩოსთან, ”რე-აქციონერთა” მატარებელი გაჩერდა


ჩვენს რადიომსმენელს, ალბათ, ახსოვს დაახლოებით 1 თვის წინ რუსეთის საელჩოსთან ქართული ინტერნეტსაზოგადოების მიერ გამართული საპროტესტო აქცია,

სახელწოდებით ”რე-აქცია”. მაშინ აქცია იმ პირობით დაიშალა, რომ რუსეთის პოლიტიკაზე ქართული ინტერნეტსაზოგადოების რეაქცია კვლავ განახლდებოდა 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს. ინტერნეტდისკუსიის ”ფორუმ-ჯი-ის” აქტიურმა მონაწილეებმა დანაპირები შეასრულეს და 27 სექტემბრის საღამოს რუსეთის საელჩოს ვლადიმირ პუტინის სურათით დამშვენებული მატარებლით ესტუმრნენ. მინდა გესაუბროთ ამ ორიგინალური აქციის შესახებ.

[ისმის მატარებლის ხმა]

ეს სოხუმი-მოსკოვის სამგზავრო მატარებლის კარიკატურაა, რომელიც 27 სექტემბერს, ”სოხუმის დაცემის” მეტერთმეტე წლისთავზე, მთელი დღის მანძილზე თბილისის ქუჩებში მოგზაურობდა და ბოლო სადგურად რუსეთის საელჩო შეარჩია. მატარებლის შექმნის იდეა ქართული ინტერნეტსაზოგადოების ერთ ნაწილს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მოსკოვმა თბილისის დაუკითხავად სოხუმსა და მოსკოვს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღადგინა.

[ზარაზას (ზაზა) ხმა] ”სოხუმი-მოსკოვის მატარებლის გაკეთების იდეა დაიბადა თბილისის ფორუმზე, - ინტერნეტსაიტია ასეთი. ამით გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი რუსეთის ხელისუფლების აშკარა და დაუფარავი მხარდაჭერის წინააღმდეგ სეპარატისტული აფხაზეთისადმი.”

ეს არის ზაზა, მეტსახელად ”ზარაზა”, ქართული ინტერნეტსაზოგადოების საპროტესტო აქციის - ”რე-აქციის” - ლიდერი.
მისმა ორგანიზებულმა აქციამ 1 თვის წინ ისე შეაწუხა რუსეთის საელჩო, რომ საკონსულომ ვიზების გაცემაც კი შეწყვიტა. თუ რა რეაქცია ექნება რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ”რე-აქციონერთა” მატარებლის გამოჩენაზე, ეს ჯერჯერობით უცნობი რჩება.

[ისმის მატარებლის ხმა]

ამ სარკინიგზო შემადგენლობისა და მისი მგზავრების შექმნაზე სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა და აკადემიის რექტორმა გია ბუღაძემ იზრუნეს.

[გია ბუღაძის ხმა] ”შეიკრიბნენ ჩვენი სტუდენტები, მონუმენტური მოხატვის სტუდენტები, თავიანთ ხელმძღვანელთან ერთად და, აი, სულ რაღაც 2 დღეში, მე მგონი, გაკეთდა საინტერესო ობიექტი, რომელშიც, მართლაც, არსაით მიმავალი მგზავრები სხედან და მიდიან, მართლაც, არსაით - ჯანდაბისკენ, თუ შეიძლება ასე ითქვას.”

”ჯანდაბაში არა, მაგრამ ამ სოხუმი-მოსკოვის მატარებლის ბუტაფორიით ვლადიმირ პუტინის, ედუარდ კოკოითის, ვლადიმირ ჟირინოვსკისა და სეპარატისტული აფხაზეთის სხვა გულშემატკივრების კარიკატურები თბილისში რუსეთის საელჩოსთან მივიდნენ.

მატარებლის გარდა, ”რე-აქციის” მონაწილენი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას კომპიუტერული პროექტორიდან რუსეთის საელჩოს საპროტესტო ლოზუნგებით დასხივებითაც შეეცდებიან. მათი მიზანი ხომ მხოლოდ საზოგადოების ყურადღების მიქცევაა.

[ზარაზას ხმა] ”აქციებისგან იმ შედეგს მოველით, რომ საზოგადოებამ გაამახვილოს ყურადღება...”

რუსეთის საელჩოსთან ქართული ინტერნეტსაზოგადოების ”რე-აქცია” ამჯერად 28 სექტემბრის გამთენიისას დასრულდა. ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ რუსეთის ნაბიჯებს არც მომავალში დატოვებენ რეაქციის გარეშე.
XS
SM
MD
LG