Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომელ რადიოსადგურს აირჩევს “ოქროს ბუ”?


“ოქროს ბუ” - ასე ჰქვია ულტრამოკლე, ანუ “ეფ-ემ”, დიაპაზონზე მაუწყებელი რადიოსადგურების ფესტივალს, რომელიც საქართველოში წელს პირველად ეწყობა.

ფესტივალის ორგანიზატორების - მედია ბიზნეს ჯგუფ “სითიზენის” წარმომადგენელთა - თქმით, ნომინანტების გამოსავლენად 7 წევრისაგან დაკომპლექტებული კომპეტენტური ჟიური სამი თვის განმავლობაში იმუშავებს. გრან-პრის გარდა, დაწესებულია 15 პრიზი, მათ შორის - პოპულარული წამყვანის, პოპულარული რადიოსადგურისა და საუკეთესო ხმებისათვის. ფესტივალი, რომელიც ოფიციალურად 27 სექტემბერს გაიხსნა, 29 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტითა და გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალით დაიხურება. გესაუბრებით დედაქალაქის “ეფ-ემ” სივრცეში შემოჭრილი “ოქროს ბუს” მიზნებისა და ამოცანების შესახებ.

საქართველოს დედაქალაქში ეფ-ემ დიაპაზონზე 15 რადიოსადგური მაუწყებლობს. განსხვავებულია მათი როგორც საინფორმაციო პოლიტიკა, ასევე მუსიკალური გემოვნებაც. არადა, მსმენელები საყვარელ რადიოსადგურს, ძირითადად, სწორედ რომ ამ ორი კომპონენტის მიხედვით ირჩევენ.

-რომელ რადიოს უსმენთ?

[ისმის მოქალაქეთა ხმები] ”106-სა და 9-ს - ფორტუნას, “მწვანე ტალღას”, იმიტომ რომ მომწონს ძალიან და მიყვარს. ყველაფერი მომწონს, მუსიკა და ასე შემდეგ”. “არ დაიდარდოს” ვუსმენთ - 104 და 3-ზე. რატომ? კარგ ხასიათზე მაყენებს ხოლმე.”

თუმცა როგორც ირკვევა, ასევე მნიშვნელოვანია სხვა დეტალებიც:

[ისმის მამაკაცის ხმა] “ვუსმენ “არ დაიდარდოს”, “ფორტუნა პლუსს“. ყველაფერი მომწონს - გადაცემები, გათამაშებები, სიმღერის შეკვეთები და ათასი რამე…”

ეს ადამიანები არჩევანს დღემდე მხოლოდ საკუთარ რადიომიმღებებთან აკეთებენ, 27 სექტემბრიდან, ინტერაქტიური გამოკითხვის ნომრებზე დარეკვითა და ეს-ემ-ეს გზავნილების საშუალებით, ისინი დედაქალაქის მასშტაბით საუკეთესო ეფ-ემ რადიოს გამოვლენაშიც დაიდებენ წილს. ლაპარაკია ფესტივალ “ოქროს ბუ”-ზე, ანუ იმ ფესტივალზე, რომლის უპირველესი მიზანი “ეფ-ემ” რადიოების პოპულარობის გაზრდაა.

[ეკა ლემონჯავას ხმა] “მიუხედავად იმისა, რომ რადიო ცოცხალი ორგანიზმია და უშუალოდ მსმენელსა და წამყვანს შორის ხდება კონტაქტი, მაინც რადიო რაღაცნაირად ჩრდილშია მოქცეული, მსმენელს არა აქვს საშუალება ასე
ღიად ხმა მისცეს თავის რჩეულ წამყვანს, რადიოსადგურს.”

ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მედია ბიზნეს ჯგუფ სითიზენის არტდირექტორი ეკა ლემონჯავა აცხადებს, რომ, გრან-პრის გარდა, დაწესებულია პრიზები თხუთმეტ სხვადასხვა ნომინაციაში. ყველა გამარჯვებული ოქროს ბუს მფლობელი გახდება. რატომ “ოქროს ბუ”? ამ კითხვას “სითიზენის” ხელმძღვანელი გიორგი ბედოშვილი ასე უპასუხებს:

[გიორგი ბედოშვილის ხმა] “ნუ, ოქრო, გასაგებია, იმდენად, რამდენადაც ძვირფასი ლითონია და მისდამი მიდრეკილება ადამიანური მომენტია. რაც შეეხება ბუს, იგი არის ფრინველი, რომელიც, მხედველობის თვალსაზრისით, მაინცდამაინც კარგი მონაცემებით ვერ გამოირჩევა, მაგრამ მისი სმენადობა არის შესანიშნავი.”

სწორედ ამ კარგი სმენის წყალობით, რომლის შესახებაც გიორგი ბედოშვილი ლაპარაკობს, ფესტივალის გახსნის ცნობამ რადიოსადგურების თანამშრომლებამდეც მიაღწია. მართალია, ბევრი მათგანი ენთუზიაზმით არ იწვის, მაგრამ ოქროს - თუნდაც ბუს ფორმის მქონე ოქროს - მიღების წინააღმდეგნი არ არიან:

[რატი გარსევანიშვილის ხმა] “მაგათ, ეტყობა, ავტომატურ რეჟიმში შეიყვანეს ყველა… არა, წინააღმდეგი არ ვიქნებით, მაგრამ მაგის დრო და საშუალება არა გვაქვს, რომ ფესტივალში მივიღოთ მონაწილეობა, თორემ თუ გავიმარჯვეთ და რაღაცა ავტომატურ რეჟიმში, მაგას რა სჯობს.”

ეს რადიო “მწვანე ტალღის” თანამშრომელი რატი გარსევანიშვილი იყო. “მწვანე ტალღის” გარდა, ოქროს ბუების მოპოვებაში ერთმანეთს დედაქალაქში მოქმედი 14 რადიოსადგური შეეცილება. ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, ფესტივალი ყოველწლიური იქნება და სულ მალე იგი დედაქალაქის საზღვრებსაც გასცდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG