Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქეებს ურჩევენ თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან


საქართველოდან რუსეთის მიმართულებით მოძრაობა კვლავ შეზღუდულია. მოსკოვის აეროპორტებში ათეულობით საქართველოს მოქალაქის დაკავებისა და სამშობლოში მათი

გამობრუნების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან. თბილისში მოქმედ ტურისტულ სააგენტოებში აცხადებენ, რომ რუსეთის მიმართულებით ავიაბილეთებზე მოთხოვნა შემცირებულია. ორ ქვეყანას შორის რთული ურთიერთობა პრობლემებს, პირველ რიგში, ჩვეულებრივ მოქალაქეებს უქმნის, თორემ ხელისუფლების პირები მოლაპარაკების - გნებავთ, კონსულტაციების - საწარმოებლად მოსკოვის მიმართულებით უპრობლემოდ მოძრაობენ.

მოსკოვში მოლაპარაკებას, პარალელურ რეჟიმში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში გიორგი ხაინდრავა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი აწარმოებენ. გიორგი ხაინდრავა რუსეთის დედაქალაქში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე დასასწრებად ჩავიდა, გელა ბეჟუაშვილი კი - რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან იგორ ივანოვთან შესახვედრად. ვლადიმირ პუტინის დავალებით, რუსეთის უშიშროების საბჭო ქვეყნის ეროვნული უშიშროების კონცეფციას ამუშავებს. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გელა ბეჟუაშვილის შეხვედრა თავის რუს კოლეგასთან კი საქართველოსა და რუსეთის ორმხრივ ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხთა მთელი კომპლექსის განსახილველად დაიგეგმა - მათ შორის, ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის საკითხის განსახილველად. მოსკოვში 29 სექტემბერს დაწყებულ კონსულტაციებთან დაკავშირებით თბილისში საქართველოს პრეზიდენტმაც და პრემიერ-მინისიტრმაც ერთხელ კიდევ გაუსვეს ხაზი საქართველოს მზადყოფნას ითანამშრომლოს რუსეთთან ტერორიზმთან ბრძოლაში. ივანოვისა და ბეჟუაშვილის შეხვედრის წინ საგულისხმო განცხადება გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, როცა გამოეხმაურა იგორ ივანოვის პრეტენზიას - ქართული ტელეკომპანია “მზის” ეთერში იჩქერიის პრეზიდენტის ასლან მასხადოვის გამოჩენასთან დაკავშირებით და თქვა: “ ჩეჩენი საველე მეთაურების უმეტესობას აფხაზეთში ქართველების სისხლში აქვს ხელები გასვრილი და ღმერთმა დაგვიფაროს მათთან მეგობრობისგანო.” რუსეთის მაამებელი განცხადებები საქართველოს მიმართ რუსეთის მკაცრ პოლიტიკას ვერ ცვლის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან, თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის.

რუსეთის საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის გამკაცრებისა, რაც ბესლანის ტრაგედიას მოჰყვა, და მოსკოვის აეროპორტებიდან ათეულობით საქართველოს მოქალაქის უკან გამობრუნების შემდეგ საქართველოში შემცირდა მოთხოვნა რუსეთის მიმართულებით ავიაბილეთებზე. ეს ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოშიც დაგვიდასტურეს:

[ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლის ხმა] “მკვეთრად შემცირდა მოთხოვნა, მგზავრები შეშინებულები არიან, არ იციან მიიღებენ თუ უკან დააბრუნებენ. თუ ვინმე მოითხოვს ბილეთის უკან დაბრუნებას, ფულს უპრობლემოდ ვუბრუნებთ. “

მოსკოვის აეროპორტებში საქართველოს მოქალაქეების დაკავება და მათი უკან, სამშობლოში, გამობრუნება მოჰყვა მათთვის ვიზის სტატუსისა და სტუმრობის მიზნის შესაბამისობის შემოწმებას. ეს ფაქტი განხილულ იქნა ნიუ-იორკში, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ამ შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა მაინც მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან.
XS
SM
MD
LG