Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო რუსეთისთვის პანკისში მცხოვრებ ჩეჩენ დევნილთა მონაცემების გადაცემას გეგმავს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო მზად არის რუსეთს ინფორმაცია გადასცეს პანკისის ხეობის ყველა მცხოვრების შესახებ.

კიევში ვიზიტით მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი ასეთი ჟესტით ცდილობს რუსეთის მხარის დარწმუნებას, რომ პანკისის ხეობას თავს არ აფარებენ ჩეჩენი ტერორისტები, კონკრეტულად კი, აჩემეზ გოჩიაევი. - როგორც იცით, გოჩიაევი რუსეთის მხარის მიერ მოსკოვში საცხოვრებელი სახლების აფეთქების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. რატომ გაჩნდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში კვლავ პანკისის ხეობის თემა?

პანკისის ხეობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, 2 წელიწადზე მეტია, თავისებური დეტონატორის როლს ასრულებს. რუსეთი პერმანენტულად აცხადებს, რომ პანკისის ხეობა საერთაშორისო ტერორისტების ბუდედ არის ქცეული. ამ ბრალდებების საპასუხოდ, ქართული მხარე პანკისში სპეცოპერაციებს ატარებს, რომლის შემდეგაც აცხადებს, რომ პანკისში ტერორისტები თუ ოდესმე იყვნენ, ამჟამად აღარ არიან.
როგორც ჩანს, ქართული მხარე ინფორმირებული იყო პანკისთან დაკავშირებული მორიგი ბრალდებების შესაძლებლობის თაობაზე. ბოლო ერთი თვის მანძილზე პანკისში უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტროების სპეცსამსახურებმა ორჯერ მოაწყვეს ლტოლვილთა ოჯახების ჩხრეკა და საპასპორტო შემოწმება. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას, რომ იგი მზად არის რუსეთის მხარეს გადასცეს პანკისის ყველა მცხოვრების მონაცემები, თავად პანკისელებში ეჭვს იწვევს. პანკისელი ჯოყოლა აჭიშვილი ამბობს, რომ გოჩიაევი პანკისში ნამდვილად არ არის:
[ ჯოყოლა აჭიშვილის ხმა] „ გოჩიაევს რომ ვერ იპოვიან, მაგაში დარწმუნებული ვარ, როგორც ირაკლი ოქრუაშვილი და მთელი პანკისის ხეობა, მაგრამ სხვა ჩეჩენი ლტოლვილი შეიძლება რუსეთისთვის კრიმინალი აღმოჩნდეს ან ომში ნაბრძოლი და გადაცემა მოითხოვოს. რაც შეეხება სიებს - დარწმუნებული ვარ, მათ ექნებათ სიები. აქ ვინ არის და ვინ არ არის - რუსეთს ძალიან კარგად ეცოდინება.“
ამ ეჭვს იზიარებს დუისის გამგებელი ჯარაბ ხანგოშვილიც:
[ ჯარაბ ხანგოშვილის ხმა] „ თუ ლტოლვილის სტატუსით არიან, საფრთხე არ არსებობს, მაგრამ რუსების ნდობა არ შეიძლება.“
სხვა ეჭვს გამოთქვამს ორგანიზაცია „ კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია, რომლის ცნობითაც, უახლოეს ხანში სტრასბურგის სასამართლო იწყებს ჩეჩენი დევნილების სარჩელის განხილვას რუსეთისა და საქართველოს წინააღმდეგ:
[ ლია მუხაშავრიას ხმა] „ ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს სტრასბურგის სასამართლოში რამდენიმე შემთხვევა, როცა ჩეჩნები თბილისში მიიყვანეს პოლიციის განყოფილებებში, ასე ვთქვათ, პიროვნების დადგენის მიზნით და ჩაუტარეს ისეთი საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც კანონით აკრძალულია სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე, იქნება ეს ფოტოგრაფირება, ამოცნობა, თითების ანაბეჭდების აღება და ა.შ. ეს არის ჩვენი კანონმდებლობის დარღვევა, რომ არაფერი ვთქვათ საერთაშორისო სამართალზე. და ახლა ამის გაკეთება არის უხეში დარღვევა - ანუ მონაცემების გადაცემა იმ სახელმწიფოსთვის, საიდანაც ეს ხალხი არის დევნილი სხვადასხვა მოტივით.“
ლია მუხაშავრია ფიქრობს, რომ თბილისი-მოსკოვის გააქტიურება ჩეჩენ დევნილებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში პროცესის დაწყებამ გამოიწვია. - პროცესის მოგების შემთხვევაში, რუსეთსა და საქართველოს არა მხოლოდ საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ, არამედ მიეთითებათ, როგორ აღარ უნდა მოიქცნენ მომავალში.
XS
SM
MD
LG