Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მეშვიდე კონფერენცია ორ დღეს გასტანს


დღეს თბილისში მუშაობას შეუდგა საქართველო-ამერიკის ბიზნესსაბჭოს მეშვიდე კონფერენცია, რომელშიც 35-მდე საინვესტიციო ორგანიზაციის წარმომადგენელი ღებულობს მონაწილეობას.

ამერიკელი ბიზნესმენების ძირითად ინტერესს, პირველ რიგში, ბათუმისა და ფოთის პორტები, “ელექტროკავშირი” და “ტელეკომი” იმსახურებენ. არ არის გამორიცხული კონფერენციის დახურვის შემდეგ პოტენციურმა ინვესტორებმა აღნიშნული ობიექტები მოინახულონ კიდეც. ინვესტორთა ერთი ჯგუფი პარასკევს ბათუმში გამგზავრებას გეგმავს.

ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ყოველწლიური კონფერენცია თბილისსა და ვაშინგტონში, მორიგეობით, უკვე მეშვიდედ იმართება. თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული რევოლუციური პროცესების ფონზე ამ კონფერენციამ როგორღაც მაინც წარმოშვა რუსეთ-საქართველოს ბიზნესფორუმის ალტერნატიული ფორუმის ასოციაცია. ამასთან დაკავშირებით კონფერენციის ერთ-ერთმა სტუმარმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, სპეციალური განმარტებაც კი გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყანაში ამერიკისა და რუსეთის ბიზნესინტერესების ხელოვნურად დარეგულირებას არ აპირებს, ანუ ამას თავად ბაზარი მოახერხებს. პრემიერ-მინისტრის ამ მოსაზრებას დეკლარირებულად ეთანხმება მისი კაბინეტის წევრი, ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე. იგი კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო. მისი თქმით, ამგვარი ფორუმები პოტენციურ ინვესტორთა რიცხვს საგრძნობლად ზრდის:

[კახა ბენდუქიძის ხმა]” ამნაირი ფორუმი ბევრი უნდა ჩატარდეს და შეიძლება აქედან ერთი-ორი კაცი ახლა დაინტერესდეს, შეიძლება ზოგი კიდევ ერთხელ ჩამოვიდეს, მაგრამ ერთ-ერთი - ჩემი აზრით, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი - სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლობამ გამოაცხადა: ჩვენ როგორც კი... ახლა რაღაც ცვლილებები შეგვაქვს კანონმდებლობაში... თუ ეგ ცვლილებები მართლა მოხდებაო, იმდენად კარგი ცვლილებებიაო, რომ ჩვენ ეგრევე საქართველოში გავხსნით ჩვენს ბიზნესსო.”(სტილი დაცულია)

მინისტრი ბენდუქიძე გულისხმობს ცნობილ სადაზღვევო კომპანიას “ეაიჯის”, რომელმაც რამდენიმე წლის წინ საქართველოში ბიზნესის წამოწყება ვერ გაბედა.

[მამუკა წერეთლის ხმა]” ეს ჯგუფი ეაიჯი, ამერიკენ ინტერნეშენალ გრუპ, - არის ასეთი, რომელიც იწყებს ახლა საქმიანობას საქართველოში, - ჩვენი მეშვეობით ჩამოვიდა პირველად 99 წელს. მაშინ აპირებდა საქართველოში საქმიანობის დაწყებას. მაშინ გარკვეული მიზეზების გამო, მაღალი რისკების გამო, თავი შეიკავეს და ახლა ხელახლა, უკვე შეცვლილი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ოპტიმიზმი მეტია გაცილებით.”(სტილი დაცულია)

საქართველო-ამერიკის ბიზნესსაბჭოს აღმასრულებელი დირექტორი მამუკა წერეთელი ამბობს, რომ ამერიკელ ინვესტორთა ინტერესი ზოგადად საქართველოს მიმართ უკანასკნელ ხანებში საგრძნობლად გაიზარდა.

[ელიან ბაიროტსის ხმა]” ჩემი სახელია ელიან ბაიროტსი. მე ვარ “ალგიროსის” პრეზიდენტი. საქართველოში ჩემი ვიზიტის მთავარი მიზეზებია: საზღვაო ინფრასტრუქტურა, თქვენი ტერმინალები და პორტები, ისევე როგორც ტურიზმი. წარმოშობით მე ხორვატიელი ვარ. ჩვენ უკვე შევძელით იქ ტურიზმის მაღალ დონეზე განვითარება. ასე რომ, მე ახლა ვცდილობ ჩემი კომპანიის სამომავლო გეგმები საქართველოსთანაც დავაკავშირო.”

ელიან ბაიროტსი ერთ-ერთია იმ ბიზნესმენთა შორის, რომლებიც 8 ოქტომბერს ბათუმში გამგზავრებასა და საპრივატიზაციო ობიექტებისა და პორტის მონახულებას გეგმავენ.

[რიჩარდ მაილსის ხმა]” ჩემი აზრით, ეს ძალზე მნიშვნელოვანი კონფერენციაა. იგი საშუალებას აძლევს ქართულ ამერიკულ ბიზნესწრეებს საქართველოში შექმნილი ეკონომიკური ატმოსფეროს შესახებ უშუალოდ მოუსმინონ მთავრობის წევრებს, საელჩოების წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს. ასე რომ, ამისათვის ეს კონფერენცია შესანიშნავი საშუალებაა.”

ეს საქართველოში ამერიკის ელჩის რიჩარდ მაილსის შეფასებაა.
საქართველო-ამერიკის ბიზნესსაბჭოს რიგით მეშვიდე კონფერენციის მეორე სამუშაო დღე, 8 ოქტომბერი, ენერგეტიკის თემას მიეძღვნება.
XS
SM
MD
LG