Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი კრიმინოგენური ვითარებაა თბილისში - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეზე თავდასხმა განხორციელდა


13 ოქტომბერს, გამთენიისას, იმერეთში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულსა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით მუმლაძეს ორი შეიარაღებული პიროვნება დაესხა თავს.

დაზარალებულის თქმით, თავდასხმის დროს იგი ცოლის ძმასთან, დავით შარაშენიძესთან, იმყოფებოდა სტუმრად. მუმლაძის მტკიცებით, თავდამსხმელებმა ბინაში აივნიდან შეაღწიეს და ისინი ძარცვის მიზნით არ მოქმედებდნენ.

თავდასხმის დროს მძიმედ დაიჭრა დავით შარაშენიძე, ხოლო დავით მუმლაძემ ტრავმა თავში ავტომატის კონდახის ჩარტყმის შედეგად მიიღო. ბედად, ამუშავდა სიგნალიზაცია, რომლის ჩართვის შემდეგაც ბოროტმოქმედები მიიმალნენ. დავით მუმლაძეს მომხდარი რიგით ყაჩაღურ თავდასხმად არ მიაჩნია:

[დავით მუმლაძის ხმა] “რა თქმა უნდა, ისინი არ იყვნენ სამოყვროდ მოსულები და, კიდევ ერთხელ ვამბობ, როცა მომმართეს მათ რუსულად, როგორც გუბერნატორს, თავისთავად ცხადია, ეს რითაც აიხსნება. მაგრამ არავის ეგონოს, განსაკუთრებით ამ ადამიანებს, ამ კრიმინალებს, რომ ვინმეს რამე შერჩება. …გუშინ მე უკვე სამსახურში ვიყავი როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.”

ცხადია, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს თავს ესხმიან, დაცულად თავს ვერც რიგითი მოქალაქეები გრძნობენ. მომხდარის ფონზე ლოგიკურად დაისმის კითხვა: როგორ ებრძვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა და მისი პირმშო, საპატრულო პოლიცია, კრიმინალურ სამყაროს? ირაკლი ოქრუაშვილს ამ და სხვა ბევრ შეკითხვაზე მოუწევდა პასუხის გაცემა, დედაქალაქის საკრებულოში დანიშნულ შეხვედრაზე რომ მისულიყო. მაგრამ მინისტრმა, გაურკვეველი მიზეზების გამო, საკრებულოს წევრებს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მოლოდინი უკვე მეორედ გაუცრუა.

[ზაზა ბეგაშვილის ხმა] “მისმა სამდივნომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი უახლოეს პერიოდში საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთებს ინფორმაციას.”

ეს საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ბეგაშვილი იყო. მისგან განსხვავებით, საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მინისტრის საქციელით გამოწვეული უკმაყოფილების დამალვას არ ცდილან. “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელს, გიორგი მოსიძეს, მიაჩნია, რომ

[გიორგი მოსიძის ხმა] “ძალიან სერიოზულ უმსგავსობას აქვს ადგილი, რადგანაც საკრებულო არ უნდა ერგებოდეს კონკრეტული ჩინოვნიკების მოცლა-არმოცლის საკითხს. როდესაც გადაწყვეტს საკრებულო, მაშინ უნდა დავიბაროთ მინისტრი. ეს არის დანიშნული ჩინოვნიკი, ჩვენგან განსხვავებით, რომლებიც ვართ ხალხის მიერ არჩეული.” (სტილი დაცულია)

ლეიბორისტული პარტიის წევრი იოსებ შატბერაშვილი კი კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესების შესახებ საუბრობს:

[იოსებ შატბერაშვილის ხმა] “თუნდაც დღევანდელი ინფორმაცია ავიღოთ. როცა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ესხმიან თავს, რაღა უნდა ვილაპარაკოთ რიგით მოქალაქეზე…ანუ ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები აბსოლუტურად დაუცველები ვართ და კრიმინალების ასეთი პარპაში, როგორიც დღეს არის, იმ ავადსახსენებელი 92-93 წლების შემდეგ არ ყოფილა.”

საინტრესოა, რას ფიქრობს ყოველივე ამის შესახებ ხალხი, ანუ რიგითი თბილისელები. როგორც ირკვევა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიციის - განსაკუთრებით კი საპატრულო პოლიციის - მუშაობით კმაყოფილია.

[მამაკაცის ხმა] “პატარა შეცდომები ხდება, რა თქმა უნდა, მაგრამ პირადად მინისტრი მე მომწონს. ძალიან ენერგიული და პატიოსანი ადამიანია.”

[მამაკაცის ხმა] “პატრულს არა უშავს, კარგია. რაც შეეხება დანაშაულის კლებას, ვერაფერს გეტყვი, ჯერ არაფერი ემჩნევა, მაგრამ გზებზე იკლო, რაც მთავარია.”

[ქალბატონის ხმა] “არა, გაუარესება ნამდვილად არ არის. ძალიან მომწონს ოქრუაშვილიც და სააკაშვილიც.”

საპატრულო პოლიციისადმი სიმპათიას ვერ მალავენ მძღოლები, რომელთა თქმითაც, უმიზეზოდ ან ფულის გამოძალვის მიზნით მათ, ფაქტობრივად. აღარ აჩერებენ.

[მძღოლის ხმა] “რაც საპატრულო გამოვიდა, ისე აღარ გვაწუხებდნენ, როგორც ადრე იყო, ყოველ პატარა დარღვევაზე … სერიოზულზე - კი, მაგრამ ხაზი გადაკვეთე და ასეთ რაღაცეებზე აღარა. ძაან შეღავათია, რა…”(სტილი დაცულია)

სავარაუდოდ, საპატრულო პოლიციის მარგი ქმედების კოეფიციენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთი კვირის წინ გახსნილი ოპერატიულ-სადისპეჩერო ცენტრის მთელი დატვირთვით ამოქმედების შემდეგ გაიზრდება. გარდა იმისა, რომ სადისპეჩეროს ნომერზე, ანუ ნული-ორი-ორზე, დარეკვა მობილური ტელეფონითაც უფასოა, პატრულისათვის ინფორმაციის მყისიერი გადაცემა დანაშაულთან ბრძოლის საუკეთესო წინაპირობას შექმნის. საპატრულო ჯგუფის საკონტროლო ტერიტორია ხომ სულ რაღაც 2 კილომეტრით შემოიფარგლება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG