Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვნებათაღელვა აფხაზეთის სასამართლოს შენობასთან


საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თვითგამოცხადებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დაწყებული მასობრივი გამოსვლების ეპიცენტრად უზენაესი სასამართლოს შენობის

მიმდებარე ტერიტორია იქცა. სწორედ სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა, თუ რამდენად კანონიერად მოიქცა ცენტრალური საარჩევნო კომისია, როდესაც არჩევნებში გამარჯვებულად ოპოზიციის ლიდერი სერგეი ბაღაფში გამოაცხადა. თუმცა, ვიდრე სასამართლო თავის ვერდიქტს გამოიტანდა, “აფხაზთა სახალხო კრებამ” აფხაზეთის პრეზიდენტად სერგეი ბაღაფში დაასახელა.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებული ოპოზიციის ლიდერის სერგეი ბაღაფშის მომხრეები 14 ოქტომბერს სოხუმის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, შეიკრიბნენ, ხოლო ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაულ ხაჯიმბას ბევრად უფრო მცირერიცხოვანი მხარდამჭერები - სახელმწიფო ფილარმონიის წინ. ერთნიც და მეორენიც ელოდნენ, თუ როგორ დასრულდებოდა უზენაესი სასამართლოს სხდომა, რომელსაც რაულ ხაჯიმბას სარჩელი უნდა განეხილა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. მაგრამ, როგორც გვითხრა აფხაზური საინფორმაციო სააგენტო “აფსნი პრესის” დირექტორმა მანანა გურგულიამ, რომელსაც ჩვენ სოხუმში დავუკავშირდით, სასამართლოს პირველი სხდომა უშედეგოდ დასრულდა:


[მანანა გურგულიას ხმა] “დღეს ჩატარდა ერთი სხდომა, მაგრამ სასამართლო ელოდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებას, ვინაიდან კომისიის თავმჯდომარემ პოსტი დატოვა. ხოლო იმისათვის, რომ არჩევნების მასალებზე იმუშაოს, უმაღლეს სასამართლოს სჭირდება, სხდომას საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი ესწრებოდეს. მოსამართლეები მასალებზე კი მუშაობენ, მაგრამ, ამასთანავე, ელოდებიან საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნას. “

სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინმა კიდევ უფრო გააღრმავა აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისი. 14 ოქტომბერს დაპირისპირებაში, სიტყვიერი ფორმით, ე.წ. ძალისმიერი სტრუქტურები ჩაერთვნენ. კერძოდ, აფხაზეთის შეიარაღებული ძალების ოფიცრებმა გაავრცელეს მიმართვა, რომელშიც ტელევიზიის ხელმძღვანელობას ობიექტური ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდეს. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურორმა რაუფ კორუამ კი რაულ ხაჯიმბას საარჩევნო შტაბი გალის რაიონში ჩატარებულ არჩევნებზე დუკუმენტაციის გაყალბებაში დაადანაშაულა. სამოქალაქო ომის საშიშროება რომ თავიდან აეცილებინა, სოხუმში 14 ოქტომბერს სასწრაფოდ შეიკრიბა “აფხაზი ხალხის საერთო ეროვნული კრება”, რომელმაც ერთხმად მოსთხოვა სერგეი ბაღაფშს, დაუყოვნებლივ შეუდგეს უფლებამოსილების შესრულებას, როგორც პრეზიდენტი. მაგრამ ცნობენ კი სახალხო კრების გადაწყვეტილებას რაულ ხაჯიმბას მომხრეები? - ამ შეკითხვით მივმართე სოხუმში მყოფ ჩვენს კოლეგას რუსული სამსახურიდან, მუმინ შაკიროვს.

[მუმინ შაკიროვის ხმა] “ ახლახან ვესწრებოდი შეხვედრას რაულ ხაჯიმბასთან. ის და მისი მომხრეები კატეგორიულად უარყოფენ, რომ 14 ოქტომბერს უმაღლესი საბჭოს წინ, მოედანზე, იყო სახალხო შეკრება. ისინი ამბობენ, რომ იქ იყვნენ სერგეი ბაღაფშის მომხრეები, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს სახალხო კრებად. რადგან სახალხო შეკრებაზე სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებისა და ეროვნების ადამიანები, ანუ მოსახლეობის უფრო ფართო ფენების წარმომადგენლები, უნდა იკრიბებოდნენ. ეს არის რაულ ხაჯიმბას მომხრეების პრინციპული მოსაზრება.”

შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში 14 სექტემბერს აფხაზ ვეტერანთა კავშირ “ამცახარას” წევრებმა თბილისის სცენარის გავლენა ამოიკითხეს და სამოქალაქო ომის პროვოცირებაში დაადანაშაულეს მოქმედი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა, რომელსაც არ სურს ოპოზიციის ლიდერის გამარჯვების აღიარება. მე მუმინ შაკიროვს ვთხოვე დაეხასიათებინა ვითარება სოხუმში და გამოეთქვა აზრი, თუ რამდენად შესაძლებელია განმეორდეს იქ თბილისის “ვარდების რევოლუციის” სცენარი.

[მამინ შაკიროვის ხმა] “მე ასე ვიტყოდი, რომ პოლიტიკური დაძაბულობა ძალაში რჩება, მაგრამ არ არის არავითარი მოწოდებები, გარდა პოლიტიკურისა, გამოყენებულ იქნეს რაიმე სხვა სახის მეთოდი. მე მიჭირს ვითარება სოხუმში შევადარო იმას, რაც იყო თბილისში ან ბათუმში. მაგრამ ვფიქრობ, რომ აქ პოლიტიკოსები აკონტროლებენ სიტუაციას და არავინ არავის მოუწოდებს დაიწყონ უფრო აქტიური მოქმედებები. “

თუმცა, რამდენად დიდხანს დარჩება ვითარება კონტროლის ქვეშ, ძნელი სათქმელია, მით უფრო, რომ რაულ ხაჯიმბას მომხრეები არც იმ შემთხვევაში აპირებენ ფარ-ხმლის დაყრას, თუ უზენაესი სასამართლო ცნობს სერგეი ბაღაფშის გამარჯვებას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG