Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


561-ე გამოშვება.


ახლა დროა, “მეათე სტუდიაში” მიგიწვიოთ და ამას სიამოვნებით ვაკეთებთ... ჩვენი ყოველკვირეული რადიოჟურნალის დღევანდელ, 561-ე გამოშვებას ვიწყებთ საუბრით საკითხზე, რომელიც ქართულ-ამერიკულ ბიზნესკონფერენციაზე განიხილეს, გაგაცნობთ ქართველი ექსპერტების დამოკიდებულებას ხელისუფლების საკადრო პოლიტიკისადმი. შემდეგ კი გიამბობთ, როგორ გაიცნო ერთმანეთი თბილისში ორმა დიდმა კინოხელოვანმა და გამოვეხმაურებით ფრანგი მოაზროვნის, ჟაკ დერიდას გარდაცვალებას .”მეათე სტუდიის” ბოლო 10 წუთი კი დირიჟორ ვახტანგ კახიძესთან ინტერვიუს დაეთმობა. პრაღიდან გადაცემას მარიამ ჭიაურელი უძღვება.
[მუსიკა]

რა უშლის ხელს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მჭიდრო პარტნიორობას?

წამყვანი: რამდენიმე დღის წინ თბილისში გაიმართა ქართულ-ამერიკული ბიზნეს-კონფერენცია, რომელიც, რატომღაც, ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდა ქართული მედიისთვის იგივე რუსეთ-საქართველოს ბიზნეს კონფერენციასთან შედარებით, რომელსაც თბილისი ამ ორიოდე თვის წინ მასპინძლობდა. არადა, ქართულ-ამერიკულ ბიზნეს-კონფერენციაზე საკმაოდ საინტერესო საკითხებზე იყო მსჯელობა - იქნება ეს საქართველოს ეკონომიკური სტრატეგია, თუ საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის გარემოს შექმნის პრობლემები. თამარ ჩიქოვანი კონფერენციაზე წარმოდგენილი ერთი საკითხით დაინტერესდა - კერძოდ, როგორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ?

თამარ ჩიქოვანი:
საქართველოში იზრდება მათი რაოდენობა, ვინც ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას უპირობოდ უჭერს მხარს. თუ ასეთთა რაოდენობა 2000 წელს მხოლოდ 41 პროცენტი იყო, 2001 წელს - 56, 2003 წელს კი - 46, 2004 წელს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების იდეას უკვე გამოკითხულთა 76 პროცენტი ემხრობა.
ეს გამოკითხვა ამერიკულმა კვლევითმა ცენტრმა „ინტერმედიამ“ ჩაატარა. ქართულ-ამერიკულ ბიზნესკონფერენციაზე სწორედ ამ სამსახურის ხელმძღვანელმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ქართველმა ნინო ჯაფარიძემ გააკეთა მოხსენება თემაზე, თუ რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა ნატოში გაწევრიანების თაობაზე.
ასეთი ოპტიმისტური შედეგის მიუხედავად, ნინო ჯაფარიძეს აეჭვებს, უახლოესი 5 წლის მანძილზე საქართველო ნატოს წევრი-სახელმწიფო გახდეს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ საქართველოს დიდი ძალისხმევა დასჭირდება ნატოს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. და მეორე - დასავლური სამყარო საქართველოს სამხრეთ კავკასიის შემადგენელ ნაწილად აღიქვამს. შესაბამისად, ნატოში გაწევრიანების საკითხის განხილვისას დღის წესრიგში იდგება არა კონკრეტულად საქართველოს, არამედ სამხეთ კავკასიის რეგიონის გაწევრიანების საკითხი. ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში კი ნატოს მიმართ დამოკიდებულება დიამეტრულად განსხვავებულია - თუ აზერბაიჯანში ამ იდეას გამოკითხულთა 53 პროცენტი უჭერს მხარს, სომხეთში ნატოში გაწევრიანების მომხრე გამოკითხულთა მხოლოდ 32 პროცენტია. გარდა ამისა, გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, ნინო ჯაფარიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე წარმოუდგენლად გამოიყურება სამხრეთ კავკასიის მჭიდრო პარტნიორობის შესაძლებლობაც:

[ნინო ჯაფარიძის ხმა] „შეიძლება თუ არა, სამხრეთი კავკასია ერთიანად მოქმედებდეს? პასუხი ამ კითხვაზე არის “არა”, რადგან სასომხეთში მოსახლეობის მხოლოდ 25 პროცენტი უყურებს დადებითად საქართველოს. რა თქმა უნდა, ძალიან უარყოფითად უყურებენ აზერბაიჯანს და საოცრად უარყოფითად უყურებენ თურქეთს. როცა იმავე კითხვას სვამ აზერბაიჯანში, ორჯერ უფრო სიმპათიით არიან განწყობილნი საქართველოს მიმართ, ვიდრე სასომხეთში და ისევე ნეგატიურად არიან განწყობილები სომხების მიმართ, როგორც სომხები აზერბაიჯანელების მიმართ. თურქეთს რაც შეეხება - ძალიან დადებითად არიან გამსჭვალულნი თურქების მიმართ.“
ბუნებრივია, ურთიერთნდობის გარეშე პარტნიორობის შესაძლებლობა ილუზორულად გამოიყურება. ამავე გამოკითხვით, საქართველოს დამოკიდებულება მეზობელი სახელმწიფოებისადმი ასეთია:
[ნინო ჯაფარიძის ხმა] „ვისაც გავუზიარე ჩემი კვლევების შედეგი, გაკვირვებულები დარჩნენ, რამდენად დადებითია ხედვა ყველა მეზობლის მიმართ - აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის...პირველ ადგილზე უკრაინაა. მაგრამ პრობლემაა თურქეთთან დამოკიდებულებაში. მოსახლეობის 40 პროცენტი უარყოფითად უყურებს თურქეთს.“

მეზობელი თურქეთისადმი საქართველოს საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულების ახსნა, ალბათ, სერიოზული გამოკვლევის საგნად უნდა იქცეს. ნინო ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ამ პრობლემის მოგვარება აუცილებელია, რადგან: [ნინო ჯაფარიძის ხმა] „ უახლოესი მეზობელი ქვეყანა, რომელიც ნატოს წევრია, არის თურქეთი. ბევრი პროექტი, რომელიც ნატოს ეგიდით ხორციელდება - წვრთნა, ტრეინინგი - ხშირ შემთხვევაში თურქეთის მეშვეობით ტარდება. არადა, 4 ადამიანი ათიდან უარყოფითად უყურებს თურქეთს.“
დასკვნა ასეთია: აუცილებელია მეტი სხვადასხვა სახის კონტაქტი, როგორც სამთავრობო, ისე საზოგადოებრივ დონეზე. ნინო ჯაფარიძე ამბობს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ნატოში გასაწევრიანებლად საჭიროა არა მხოლოდ ამ ქვეყნების მონდომება, არამედ ნატოს აქტიურობაც. კერძოდ:
[ ნინო ჯაფარიძის ხმა] „ნატოს სამუშაო აქვს აქ ჩასატარებელი. უნდა გააცნობიეროს სამხრეთ კავკასიის მოსახლეობამ, რომ ნატო არ არის მხოლოდ თავდაცვის ორგანიზაცია, რომ ნატოს საფუძველში უდევს დემოკრატიული ფასეულობები, თავისუფლება და ამ ფასეულობების დაცვა.“

წამყვანი:
შეგვახსენებს ნინო ჯაფარიძე, ამერიკულ კვლევით ცენტრ “ინტერმედიის” წარმომადგენელი, რომელსაც თბილისში ესაუბრა ჩვენი კოლეგა თამარ ჩიქოვანი. საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს თავის გამოსვლებში უკვე არაერთხელ დაუდასტურებია მისწრაფება საქართველოს ნატოში გაწევრიანებისაკენ. მაგრამ დღეს გვინდა, მსმენელის ყურადღება სააკაშვილის სხვა განცხადებას მივაპყრობთ. ერთი კვირის წინ, 8 ოქტომბერს, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა აღნიშნა (ციტატა): “შეიცვალა პრაქტიკულად ყველაფერი - ჩვენი მიდგომა საკადრო პოლიტიკისადმი და სახელმწიფო სამსახურისადმი, დამოკიდებულება ჩვენს ხალხთან და უკვე რეალური შედეგები გვაქვს” (ციტატის დასასრული).

ჩვენი კოლეგა გიორგი კაკაბაძე დაინტერესდა, რას ფიქრობენ
ქართველი ექსპერტები საკადრო პოლიტიკისადმი ახალ მიდგომაზე, რომელიც ქვეყანაში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ტარდება?

გიორგი კაკაბაძე:
[საყვარელიძის ხმა]“ის, რომ საკადრო პოლიტიკა, დავუშვათ, აღარ არის აგებული კორუფციაზე და ა.შ., ეს არის ერთი ასპექტი საკადრო პოლიტიკისა,მაგრამ არის მეორე ასპექტიც, რომ არის კვალიფიციური კადრების დეფიციტი”, გვითხრა პოლიტოლოგმა და ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.

ეკონომიკის ექსპერტი ალექსანდე თვალჭრელიძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა, თავისი წინამორბედების მსგავსად, ძალიან მოკლე პერსპექტივით მუშაობს:[თვალჭრელიძის ხმა] “აი, ივნისში შესრულდა ბიუჯეტი, - კარგია, აგვისტოში არ შესრულდა -ცუდია. არავითარი მაკროეკონომიკური გათვლები მათ არა აქვთ. ეს ჩვენი მთავრობის, - პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, და ამას მე ვუსვამ ხაზს,- ჩვენი მთავრობის ავადმყოფობა არის პროფესიონალების ნაკლებობა, უფრო სწორად, არარსებობა.”

ექსპერტის თქმით, საქართველოში თითოეულ დარგში თითო-ოროლა კარგი პროფესიონალია “და არც ერთი, ვიმეორებ, ხაზგასმით ვიმეორებ, არც ერთი მათგანი მთავრობის მიერ არ არის მოთხოვნილი.”

განსხვავებულად ფიქრობს საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გოჩა ცქიტიშვილი:
[ცქიტიშვილი ხმა] “სად არიან ეს პროფესიონალები? თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ საქართველოში არის იმდენი პროფესიონალი, რამდენიც გვჭირდება? მე გეტყვით, რომ არ არიან ამდენი პროფესიონალები საქართველოში. კერძო სექტორშიც კი, რომელსაც არ შეიძლება ჩვენ პარტიულობაში ცილი დავწამოთ, შეგიძლიათ მიხვიდეთ და იკითხოთ, არიან კადრები ბაზარზე, რომელთანაც შეიძლება მიხვიდე, პარასკევ საღამოს წაიყვანო და ორშაბათ დილით ჩააბარო რაიმე სამუშაო? არ არსებობენ ასეთი კადრები. არ არსებობენ საბანკო სისტემაში, ზოგადად, საფინანსო ინსტიტუტებში.”

დავუბრუნდეთ საუბარს რამაზ საყვარელიძესთან. მისი აზრით, საკადრო პოლიტიკის უკეთესად განხორციელებისთვის საჭიროა ახალი და ძველი კადრების კოოპერირება, როცა ხელმძღვანელ თანამდებობზე ახალი პოლიტიკის გამტარებლები იქნებიან, მათ ხელქვეითებად კი ძველი კადრების წარმომადგენლები, გამოცდილი პროფესიონალები იმუშავებენ.
საერთოდ, ბატონ რამაზს არასწორად მიაჩნია ის, რომ რიგ სფეროებში რეფორმა მხოლოდ საკადრო ცვლილებების საშუალებით მიმდინარეობს, - მხოლოდ ადამიანებს ცვლიან, რაც, მისი თქმით, ნამდვილად არ უნდა შეადგენდეს რეფორმის არსს, ვინაიდან თვით სისტემაა შესაცვლელი[საყვარელიძის ხმა] “და ზოგან ისე რადიკალურად ხდება სისტემის შეცვლა - აი, მაგალითად, განათლების სისტემაში ძალიან რადიკალურ ცვლილებებს ამზადებს ლომაია. მისასალმებელია ცვლილებებში ასეთი რადიკალიზმი, გაბედულება, მაგრამ, მეორე მხრივ, აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ, რამდენად გამართლებულია თითოეული ეს ცვლილება. მე მგონი, ცოტა ჩქარობს განათლების სამინისტრო, იმდენად, რამდენადაც შეიძლება უეცარმა ცვლილებამ დაამსხვრიოს სისტემა და არა შეცვალოს.”

რაც შეეხება ალექსანდრე თვალჭრელიძის მოსაზრებას:

[თვალჭრელიძის ხმა] “მე, საერთოდ, დიდი ხანია ვიძახი, რომ საქართველოს სჭირდება სამი წლით ტექნოკრატიული მთავრობა ადამიანებისა, პროფესიონალებისა, რომლებსაც არა აქვთ პოლიტიკური ამბიციები და რომლებიც თავიანთ ნაბიჯებს არ უთანხმებენ პოლიტიკურ ნებას.”

გოჩა ცქტიშვილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოში სავსებით ბუნებრივი პროცესები მიმდინარეობს. “მაგალითად, ბუნებრივია ის, რომ პოსტრევოლუციურ პერიოდში ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით იწვევენ მმართველობით სტრუქტურებში სამუშაოდ”, - ამბობს იგი.

[ცქიტიშვილის ხმა] “მე ნორმალურად ვუყურებ იმ ფაქტს, რომ შეცდომებია დაშვებული და არა იმას, რაც ხდება დღეს. რაც დღეს ხდება, ეს არის მტკივნეული დროის პერიოდი, რომელიც, ჩემი აზრით და დიდი რწმენით, შეიძლება იმიტომ, რომ მე ასე მინდა, შეიძლება იმიტომ, რომ ამის ობიექტური დასაბუთების შესაძლებლობა არსებობს,- ეს პრობლემები უნდა გამოსწორდეს.” (სტილი დაცულია)

[მუსიკა]

იოს სტელინგი საქართველოში

წამყვანი:
12 ოქტომბერს ორმა დიდმა ხელოვანმა - მიხეილ კობახიძემ და იოს სტელინგმა - ერთმანეთი თბილისში, უამრავი მაყურებლის თვალწინ, კინოთეატრ “ამირანის” სცენაზე, გაიცნო. ჰოლანდიურ-ქართული კულტურის დღეების პროგრამის ცენტრალური ღონისძიება, სტელინგისა და კობახიძის ფილმების ერთობლივი რეტროსპექტივა, იშვიათი მოვლენაა კინოს ისტორიაში. აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია ორი რეჟისორი ერთსა და იმავე პრინციპებს ამკვიდრებდეს, მაგრამ ერთმანეთის ფილმები ნანახი არ ჰქონდეს. ჰოლანდიური კინოს ლიდერის იოს სტელინგის შემოქმედებას ქართველი მაყურებელიც ცუდად იცნობდა. თუმცა გიორგი გვახარია უფრო იმან გააკვირვა, რომ მიხეილ კობახიძის მოკლემეტრაჟიანი შედევრებიც უამრავმა მაყურებელმა პირველად ნახა.

გიორგი გვახარია:
კინოკვირეულის გახსნაზე საქართველოს პირველი ლედი, რომლის პატრონაჟითაც მოეწყო ქართულ-ჰოლანდიური კულტურის ფესტივალი, “ტრანსფერი”, ბალტიისპირეთში იმყოფებოდა. მაგრამ სანდრა რულოვსმა მაინც შეძლო მისასალმებელი ტექსტის წაკითხვა – იოს სტელინგის ფილმის, “ილუზიონისტის”, და მიხეილ კობახიძის “ქოლგის” დაწყებამდე ეკრანზე საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე გამოჩნდა, რომელმაც აღიარა, რომ არასდროს უნახავს კობახიძის “ქოლგა”:

[სანდრა როლოვსის ხმა] “ინგრიდმა დამპირდა, რომ შემინახავს ფილმებს, წიგნებს და მერე მიჩვენებს. გული მწყდება, რომ ვერ ვნახულობ მიხეილ კობახიძის “ქოლგას”. ძალიან დამაინტერესა როგორი კურმეტრაჟებია…გული მწყდება, რომ ვერ შევხვდები ფესტივალის სტუმრებს. მოგეხსენებათ, უცხოელები საქარათველოში ყოველთვის ეშხის ქვეშ არიან, მოეწონებათ ხოლმე ისე საქართველო, რომ ეს არასდროს არ არის ხოლმე ბოლო ვიზიტი.” [სტილი დაცულია]

საქართველო იოს სტელინგსაც მოეწონა. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს “ეშხი” განსაკუთრებული უნდა იყოს. საქმე ისაა, რომ დიდი ჰოლანდიელი კინორეჟისორის ფილმებში ბევრია ის, რასაც ქართული კინოს ტრადიციებს უწოდებენ – ბევრია სევდანარევი იუმორი, იგავისებური ფორმა... მისი ფილმების გმირები “შერეკილები” არიან, რომლებიც მყუდროდ ვერ გრძნობენ თავს ყოფით სამყაროში.

რეტროსპექტივის გახსნაზე შეიქმნა ოდნავ უხერხული სიტუაცია: ორ რეჟისორს არასდროს ენახა ერთმანეთის ფილმები, ორგანიზატორებმა კი ისინი “დააწყვილეს”, გააერთიანეს... ღელავდნენ კვირეულის ორგანიზატორებიც და თავად რეჟისორებიც. ჰოლანდიური კინოს მეტრმა მხოლოდ რამდენიმე სიტყვა თქვა სცენაზე.

[იოს სტელინგი საუბრობს ჰოლანდიურად, თარგმანი]:”მთავარი როლის შემსრულებელი თეატრის მსახიობია, თეატრის მსახიობები კი მიჩვეულები არიან პუბლიკის წინაშე თამაშს. ამიტომაც ჩვენს მსახიობს გაუჭირდა ახალ პირობებში მუშაობა.”

სტელინგმა თითქოს გააფრთხილა მაყურებელი: თქვენ ვერ ნახავთ პოლიტიკურ თუ, ეგრეთ წოდებულ, “სოციოლოგიურ კინოს”, ვერც ჰოლივუდის ბლოგბასტერის მსგავს სანახაობას, თქვენ გელით “სუფთა კინო”, ე.ი. ფილმი, რომელშიც ავტორი მხოლოდ კინოს ენაზე გესაუბრებათ, რომელშიც არ არის დიალოგები, სიტყვები, მაგრამ ეს არც “მუნჯი კინოა” – ეს ცოცხალი ხმის ნამდვილი სიმფონიააო, აი, ასეთი:

[ილუზიონისტის ფონოგრამა]

ეტყობა, იოს სტელინგს მაინც ეშინოდა, რომ მის “ილუზიონისტს” ქართველი მაყურებელი კარგად ვერ გაიგებდა. ეს შიში, ალბათ, მაშინ გაუქრა, როცა, მიხეილ კობახიძის “ქოლგის” შემდეგ, დარბაზმა ოვაციები გაუმართა საფრანგეთში გადახვეწილ ქართველ რეჟისორს. ფილმის დასრულების შემდეგ სულ რამდენიმე წამით აინთო შუქი – ჰოლანდიელმა მაესტრომ ქართველ მაესტროს ხელი ჩამოართვა... მერე კი “ილუზიონისტი” დაიწყო. დარბაზიდან არავინ გასულა. მაყურებელი ხარხარებდა ახლა უკვე ჰოლანდიელი შერეკილის ისტორიაზე, რომელიც სასაცილოა, მაგრამ ტრაგიკულად მთავრდება.

მათ მარტო სტილი როდი აქვთ საერთო. ორივე, სტელინგიც და კობახიძეც, თავიანთი ფილმების გმირების მსგავსად, რომანტიკოსები არიან და არ უნდათ ან ვერ ახერხებენ დაკვეთით მუშაობას; არ უნდათ ან ვერ ახერხებენ გადაიღონ ეგრეთ წოდებული “სალაროს კინო”... სტელინგმა გამოსავალს იმით მიაგნო, რომ მშობლიურ ქალაქ უტრეჰტში რესტორანი გახსნა, მერე კი ამ რესტორნიდან მოგებული თანხით თავისი მცირებიუჯეტიანი შედევრების - “ილუზიონისტის”, “მეისრის”, “მფრინავი ჰოლანდიელის” - გადაღება მოახერხა... მიხეილ კობახიძე საფრანგეთში წავიდა, თუმცა იქაც გაუჭირდა ფულის შოვნა ფილმის გადასაღებად. ჩვენს წინადადებას: “ჩამოვიყვანოთ მიხეილ კობახიძე საქართველოში, დავეხმაროთ გახსნას რესტორანი თბილისში, სადაც “სმა-ჭამა” მომგებიანი ბიზნესია, და მოგებული თანხით ფილმი გადავაღებინოთ”, უამრავი კინოს მოყვარული დაეთანხმა.
[მუსიკა]

გარდაიცვალა ფილოსოფოსი ჟაკ დერიდა

წამყვანი:
ჯერ-ჯერობით კი მიხეილ კობახიძე საფრანგეთში ცხოვრობს. გასული კვირის ბოლოს ამ ქვეყნიდან ერთი სამწუხარო ცნობა გავრცელდა- 74 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი - ე.წ. დეკონსტრუქციონიზმის დამფუძნებელი - ჟაკ დერიდა. 70-იანი წლების დამდეგიდან მოყოლებული დერიდა, რომლის ფილოსოფია ზიგმუნდ ფროიდის, ფრიდრიხ ნიცშესა და მარტინ ჰაიდეგერის ნააზრევის მემკვიდრეობად მიიჩნევა, ევროპისა და შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში ასწავლიდა და აქტიურად მონაწილეობდა თავისი დროის საზოგადოებრივ და ინეტელექტუალურ ცხოვრებაში. უკვე ორი ათეული წელია, მისი სახელი დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართულ ინტელექტუალურ წრეებშიც. თუმცა, როგორც ეს არცთუ იშვიათად ხდება ხოლმე პოპულარული სახელების შემთხვევაში, არც ისე იოლი აღმოჩნდა დერიდას ფილოსოფიის ქართველი მკვლევრის პოვნა. ამ შემთხვევაში ბედმა გაგვიღიმა. მოუსმინეთ ფილოსოფოს გიგა ზედანიას.

იხ. აუდიოვერსია.

წამყვანი:
ფილოსოფოსი გიგა ზედანია, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით პრაღიდან, საუბრობდა ამ დღეებში გარდაცვლილ გამოჩენილ ფრანგ ფილოსოფოსზე, ჟაკ დერიდაზე.

[მუსიკა]
ახლა საფრანგეთის სამხრეთით, იტალიას მივაშურებთ, სადაც ამჟამად თბილისის სიმფონიური ორკესტრის გასტროლები მიმდინარეობს. ამ ორკესტრს მოვლენებით დატვირთული ხანა უდგას. ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი "შემოდგომის თბილისი" (რომლის მთავარი მოქმედი პირი სწორედ ეს ორკესტრი გახლავთ) სულ რამდენიმე დღის დამთავრებული იყო, როცა თითქმის ასკაციანი ანსამბლი თავის ხელმძღვანელთან, ვახტანგ კახიძესთან ერთად, იტალიაში გაემგზავრა. ერთთვიანი საგასტროლო ტურნეს პირველივე კონცერტებმა ცხადყო, რომ ქართველი მუსიკოსები იტალიელმა მსმენელმა და, რაც არანაკლებ მთავარია, კრიტისოკებმა, მაღალი საერთაშორისო რანგის ორკესტრების რიცხვში "ჩარიცხა". შესაბამისია პრესის გამოძახილიც. "მეათე სტუდიამ" გადაწყვიტა, გასტროლების მიმდინარეობის ამბავი პირველწყაროდან შეეტყო. დავით კაკაბაძემ იტალიაში დაურეკა თბილისის სიმფონიურ ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და მთავარ დირიჟორს ვახტანგ კახიძეს.

იხ. აუდიოვერსია.

წამყვანი:
ერთმანეთს დაემშვიდობნენ დირიჟორი ვახტანგ კახიძე და ჩემი კოლეგა დავით კაკაბაძე. და ჩვენც, ძვირფასო მსმენელი, დამშვიდობების დრო დაგვიდგა... რადიოჟურნალი “მეათე სტუდია” პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ, ბიძინა რამიშვილმა და მარიამ ჭიაურელმა, თბილისის ბიუროში კი ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. დიდი მადლობა, რომ მოგვისმინეთ! გემშვიდობებით ვახტანგ კახიძის კომპოზიციით - საფორტეპიანო კონცერტით. სოლისტი თავად კომპოზიტორია. ლაპარაკობს რადიო თავისუფლება!
[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG