Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრადიციული თბილისობის არატრადიციული სახე


ტრადიციულად, ოქტომბრის ბოლოს საქართველოს დედაქალაქი თბილისობის დღესასწაულს აღნიშნავს. თბილისობის ღონისძიებები უკვე დაგეგმილია და მათი

ზერელე ჩამოთვლაც კი მიანიშნებს იმაზე, რომ ახალმა ხელისუფლებამ დღესასწაულს სახე უცვალა. ამ სახეცვლილების ძირითადი არსი ქეიფსა და დროსტარებაზე უარის თქმა და დღესასწაულისთვის საფესტივალო იერსახის მიცემაა. 22 ოქტომბრიდან სამი დღის განმავლობაში ძველი თბილისის კოლორიტული ქუჩები და საკონცერტო დარბაზები კულტურულ სანახაობებს დაეთმობა.

პირველი თბილისობა დედაქალაქმა, დაფა-ზურნის, ფაეტონებისა და ყარაჩოღელების თეატრალური წარმოდგენების თანხლებით, გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს აღნიშნა. დღესასწაულმა თავიდანვე მიიღო ჭეშმარიტად სახალხო დღესასწაულის - უფრო მოსავლის დღესასწაულის - დატვირთვა. ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირას თბილისი, ერთი მხრივ, დიდ ბაზრობას ემსგავსებოდა, მეორე მხრივ კი, მოსეირნე სუფრას.

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა]” ღირს კი შევინარჩუნოთ ტრადიცია, რომელიც კომუნისტების დროს დაარსდა და რომელიც უკავშირდება ედუარდ შევარდნაძის მმართველობას? რა თქმა უნდა, მე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდეს კრიტიკული დამოკიდებულება იმ ტიპის თბილისობების მიმართ, რომელიც ტარდებოდა. მაგრამ, ამავე დროს, ასევე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც არ სურდეს, არ ჰქონდეს სურვილი, რომ აღნიშნოს საკუთარი ქალაქის, საკუთარი დედაქალაქის დღე.”

დედაქალაქის მერისა და საკრებულოს ინიციატივით, “თბილისობა-2004”-ის ღონისძიებათა ნუსხამ, მთლიანობაში, 68 ღონისძიება მოიცვა - მათ შორის: გამოფენები, კონცერტები, ლიტერატურული პერფორმანსი, სპექტაკლები, ქუჩის მუსიკოსების წარმოდგენა, წარმოდგენა ცოცხალი ძეგლებით, საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიალი, ილია ჭავჭავაძის მუზეუმის გახსნა, აღმოსავლეთ ევროპის ხელოვნების ფესტივალი არტ-ექსპო და სხვა.

[ვანიკო თარხნიშვილის ხმა]” ორი სიტყვით, რაც შეეხება ფესტივალს, ეს არის აღმოსავლეთ ევროპის არტ-ექსპო. ეს არის პირველი მცდელობა აღმოსავლეთ ევროპის ხელოვნების კონსოლიდაციისა. აქედან არის ნაწილი გამოფენები, ნაწილი არის გარეთ პერფორმანსები. გუდიაშვილის ქუჩაზე იქნება ეს ყველაფერი, ტიპიური ფესტივალური რიტმით აწყობილი. 23 და 24 ოქტომბერს საათში ერთხელ შეენაცვლებიან ერთმანეთს სხვადასხვა ჯგუფები აღმოსავლეთ ევროპიდან..”

თბილისობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჯგუფის წარმომადგენლის, პრომოუტერ ვანიკო თარხნიშვილის თქმით, არტ-ექსპოში მონაწილეობს ლიტვიდან, სერბეთიდან, უნგრეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული 128 მსახიობი. არტ-ექსპოს დამაგვირგვინებელი ღონისძიება იქნება ცნობილი მევიოლინის დიმიტრი კოგანის კონცერტი, რომელიც 23 ოქტომბერს ოპერაში გაიმართება.
სახეცვლილი თბილისობა, ესთეტიკური და ელიტარული დღესასწაულის ელემენტებით, დახვეწილი გემოვნების ზეიმის ნიშნებს იძენს და, შესაბამისად, სახალხოობის ელფერის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგება.

[მოქალაქის ხმა]” ბავშვებსაც და დიდებსაც, მე მგონი, ეგ უხაროდათ, რომ ყველა ერთიანად იყო, ერთად იყო. ეხლა, მარტო ქიფი ხომ არ არის, ყველა ერთად ვიყავით. აი, ეხლა ეს მოდელების გამოსვლა და ჩვენებები და რაღაცა ყოველთვის შეიძლება გაკეთდეს. თბილისობა და ახალი წელი, მე მგონი ყველაზე უფრო გვიხაროდა თბილისელებს. ეხლა ეგ თბილისობა თბილისობა აღარ იქნება.”(სტილი დაცულია)

ქალბატონი თბილისელთა ერთი, სავარაუდოდ, უფრო დიდი ნაწილის აზრს გამოხატავს. თუმცა არის ალტერნატიული მოსაზრებაც:

[მოქალაქის ხმა]” ასეთმა, ყეენობის ტიპის ზეიმების, დრომ უკვე ჩაიარა, უკვე კარგა ხანია. არ არის ამდენი რამ საჭირო. გლეხი იყოს, სადაც არის, თუ უნდა რაიმე, ჩამოვიდეს ისედაც. ჩვენ კი, თბილისელები, ჩვენ თვითონ აღვნიშნავთ მაგას, როგორც გვინდა.”

თბილისობის არსის ცვლასთან ერთად, შეიცვალა ლოგო და დევიზიც, რომელიც მხოლოდ ერთი სიტყვისგან შედგება.”ჩაიფიქრე” - გვთავაზობს მერია და თბილისობაზე თანამოაზრეობის განწყობით გვეპატიჟება.
XS
SM
MD
LG