Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

24 ოქტომბერს ოთხ რაიონში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება


24 ოქტომბერს კრწანისის მე-4, დიდუბის მე-8, ზესტაფონის 51-ე და გორის 31-ე ოლქებში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება. საქმე ის არის,

რომ საქართველოს პარლამენტში ვაკანსიები მაჟორიტარი დეპუტატების გია გეწაძის, გიორგი ბარამიძის, დავით მუმლაძისა და ირაკლი ოქრუაშვილის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის შემდეგ გაჩნდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გამოთავისუფლებული ოთხი მანდატისათვის 24 ოქტომბერს რვა კანდიდატი იბრძოლებს.

კრწანისის რაიონში ერთმანეთთან ურთიერთობას “სახალხო ფრონტის” თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე, ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე და “ლეიბორისტული პარტიიდან” თბილისის საკრებულოს წევრი იოსებ შატბერაშვილი გაარკვევენ. დიდუბეში რაიონის ყოფილ გამგებელს თეიმურაზ ჭეიშვილს დეპუტატობაში ბათუმის საკოლმეურნეო ბაზრის შტურმის დროს დაპატიმრებული ჯუმბერ თავართქილაძე და ლეიბორისტი პაატა ჯიბლაძე შეეცილებიან. გორში საქართველოს ცენტრალური კომიტეტის ყოფილ პირველ მდივან ჯუმბერ პატიაშვილს კონკურენტად საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი გიორგი მჭედლიშვილი ჰყავს. რაც შეეხება ზესტაფონს, იქ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი თეიმურაზ ცერცვაძე საარჩევნო ბიულეტენში კენტად იქნება წარმოდგენილი. - ყოველივე ეს ჩემთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სტუმრობის შემდეგ გახდა ცნობილი. მაგრამ საინტერესოა, რამდენად არიან ინფორმირებული რიგითი ამომრჩევლები მოახლოებული შუალედური არჩევნების თაობაზე.

-უკაცრავად, ქალბატონო, ხომ არ იცით, 24 ოქტომბერს რა არჩევნები იმართება?

[ქალბატონის ხმა] “არა, არ ვიცი!”

-შუალედური არჩევნები რომ იმართება, არ იცით?

[ისმის ხმები] “არა, არ ვიცი, შვილო…”
“არა, არაფერი არ ვიცი!” “ახლა? მგონი, საგუბერნიო… გუბერნატორების და ასეთი რაღაცეების? არ ვიცი, არა! …გიორგი ასანიძეც რომ იყრის კენჭს? კი, ვიცი, მაგრამ ზუსტად ვერ ჩამოვყალიბდები!”

როგორც ამ მცირე გამოკითხვიდანაც ჩანს, მოსახლეობა შუალედური არჩევნებისადმი დიდ დაინტერესებას არ ავლენს. ნაწილმა საერთოდ არ იცის, რომ 24 ოქტომბერს არჩევნებია დანიშნული, ნაწილი კი იმის გამო არ მივა საარჩევნო უბანში, რომ “ერთი და ორი მანდატი არაფერს წყვეტს”. დაბალი აქტიურობის გამო ხომ არ ემუქრება 24 ოქტომბრის არჩევნებს ჩაშლის საფრთხე? ამგვარი კითხვა, როგორც ჩანს, ჩვენზე ადრე პარლამენტის კედლებში დაებადათ, სადაც 12 ოქტომბერს საარჩევნო კოდექსში სასწრაფოდ შეიტანეს ცვლილება, რომლითაც მოიხსნა ეგრეთ წოდებული “ერთი მესამედის ბარიერი”, ანუ კანონი აღარ ითხოვს კენჭისყრაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ერთი მესამედის მონაწილეობას. მაგრამ, ცესკოს იურისტის გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, ძალაში რჩება სხვა შეზღუდვა:

[გურამ ჩალაგაშვილის ხმა] “არსებობდა ორი ერთმესამედიანი ბარიერი. არჩევნები რომ ჩატარებულად გამოცხადებულიყო, საჭირო იყო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, რაც დაფიქსირებულია ოლქში, იმის მესამედი მოსულიყო და ეს ერთმესამედიანი ბარიერია მოხსნილი, მაგრამ ამ მოსული ამომრჩევლის, ანუ ვინც მონაწილეობას მიიღებს, იმათი ერთი მესამედის მოთხოვნა კანონში დარჩენილია, ხელი არავის არ უხლია, ანუ, თუ მოვიდა 1000 კაცი, ერთმა მაჟორიტარმა, რომელსაც ყველაზე მეტი ხმა ექნება, უნდა მიიღოს, სულ ცოტა, 333 ხმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაიმართება მეორე ტური.”(სტილი დაცულია)

თუმცა, შესაძლოა, მეორე ტურამდე საქმე არც მივიდეს. საქმე ის არის, რომ დეპუტატი დავით ბერძენიშვილი ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] “რეგლამენტში შავით თეთრზე წერია, რომ ორგანული კანონისთვის კენჭისყრა ერთ დღეს არ შეიძლება და იმ კვირაშიც არ შეიძლებოდა. არადა, სამ წუთში სამჯერ უყარეს კენჭი. ასე რომ, თავისთავად პროცედურულად ისეთი ღია დარღვევა არის, რომ სრული საფუძველი არის მისი გასაჩივრების.”

რაც შეეხება არჩევნების საორგანიზაციო მხარეს, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ნონიკაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების მაღალ დონეზე ჩასატარებლად ყველა წინაპირობაა შექმნილი:

[ზურაბ ნონიკაშვილის ხმა] “აბსოლუტურად ყველა უბანი და, შესაბამისად, ოთხივე ოლქი მზად არის 24-ში დილის 8 საათზე გასაღებად. რაც შეეხება ფინანსებს, აბსოლუტურად არავითარი შეფერხება ჩვენ არ გვქონია. რაც კი მოვითხოვეთ, თანხების გადარიცხვა იყო ეს თუ სხვა რამე, ფინანსთა სამინისტრომ თუ ცენტრალურმა ხაზინამ სრულად დააკმაყოფილა. ერთი სიტყვით, ნორმალურად მიდის ყველაფერი.”

ნონიკაშვილის თქმით, არჩევნებში მონაწილეობის მიღება საბჭოთა სიმბოლიკიანი პირადობის დამადასტურებელი საბუთებითაც არის შესაძლებელი, ოღნდ იმ პირობით, თუ საბუთში მითითებული იქნება საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ხოლო მოქალაქის გვარი შეტანილი იქნება საარჩევნო სიაში. 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები არჩევნების დასრულებიდან არა უგვიანეს ოთხ დღეში გახდება ცნობილი.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG