Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო ცაიტნოტშია


22 ოქტომბერს აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ 3 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხებული პრეზიდენტობის კანდიდატის რაულ ხაჯიმბას სარჩელის განხილვა განაგრძო.

სარჩელი აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ გადაწყვეტილების უკანონობას შეეხება, რომლითაც არჩევნებში გამარჯვებულად სერგეი ბაღაფში გამოცხადდა. სეპარატისტული აფხაზეთის კანონმდებლობის შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ საქმის განხილვა 23 ოქტომბრამდე უნდა დაასრულოს. სასამართლომ, არსებული რეალობის თანახმად, ორიდან ერთ უნდა აირჩიოს - კანონიერად ან უკანონოდ ცნოს ცესკოს გადაწყვეტილება. პირველ შემთხვევაში იგი პრეზიდენტ ბაღაფშს აუნთებს მწვანე შუქს, მეორე შემთხვევაში კი - აფხაზეთში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას. თუმცა როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში აფხაზეთში სახალხო მღელვარების პროვოცირება გარდაუვალი ჩანს.

აფხაზეთის დევნილი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თემურ მჟავია სოხუმში სამართლებრივი დავის განვითარების არც მესამე გზას გამორიცხავს: იგი ფიქრობს, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო არც საარჩევნო კანონის, ანუ საჩივრების განხილვის ვადის, დარღვევას მოერიდება.

[თემურ მჟავიას ხმა]” დაეყრდნობა არა იმ ვადებს, რომელიც განსაზღვრულია გადაწყვეტილების მიღებისათვის, არამედ სასამართლო დაეყრდნობა იმ აუცილებლობას, რაც მდგომარეობს იმაში, რომ გაირკვეს უნდა ჭეშმარიტება. ეს განცხადება გაკეთდა, რაც, ალბათ, იმის მანიშნებელია, რომ, შესაძლებელია, დაუშვან მისი გადადება.” (სტილი დაცულია)

განცხადება, რომელზეც აფხაზეთის დევნილი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიუთითებს, რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს. ამ განცხადების ქვეტექსტი თავად მჟავიამ შემდეგნაირად გაშიფრა:

[თემურ მჟავიას ხმა]” მანამ, სანამ არ იქნება შეხვედრა, არ მოეწყობა შეხვედრა რუსეთის მაღალჩინოსნებსა და სერგეი ბაღაფშს შორის, არა მგონია, რომ მიიღოს გადაწყვეტილება - შესაბამისი გადაწყვეტილება - აფხაზეთის სასამართლომ.”

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დღეებში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დიმიტრი მედვედევი, ბაღაფშსა და ხაჯიმბასთან შეხვედრის მიზნით, სოჭში ჩასვლას აპირებს. დღეს კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოხუმის ხელისუფლების გაერთიანებული ოპოზიცია მიუღებლად მიიჩნევს კრემლის წინადადებას, არჩევნებში სერგეი ბაღაფშის აღიარების სანაცვლოდ, პრემიერ-მინისტრად მოსკოვის მიერ ხელდასხმული ნოდარ ხაჟბა დაინიშნოს. ოპოზიციის ძირითადი არგუმენტი ისაა, რომ ხაჟბა ბაღაფშის გუნდის წევრი არ არის და, შესაბამისად, ანქვაბის ადგილმონაცვლედ არ გამოდგება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო კი ინტენსიურად განაგრძობს მოწმეთა დაკითხვას. აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე სერგეი სმირბა 21 ოქტომბერს დაიკითხა, 22 ოქტომბერს კი სასამართლოზე სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარე მიხეილ თარბა და შინაგან საქმეთა მინისტრი ბესლან ბეია მიიწვიეს. მოწმეები ჯერჯერობით კრემლის ფავორიტის წისქვილზე ასხამენ წყალს. სმირბამ, მაგალითად, აღიარა, რომ 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცებისას მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

აფხაზეთის უმაღლეს სასამართლოს საარჩევნო საჩივრების განხილვის ვადა 23 ოქტომბერს ეწურება. აფხაზეთი გარდაუვალი მღელვარების ზღვარს უკვე მიუახლოვდა.
XS
SM
MD
LG