Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2005 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის ნაცვლად, მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ ურთიერთობები გაარკვიეს


2005 წლის ბიუჯეტის პროექტი მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის განხეთქილების ვაშლად ვერ იქცევა,

მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა ერთიანი პოლიტიკური გუნდია - ამის სათქმელად შეხვდნენ ერთმანეთს სახელმწიფო კანცელარიაში საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წარმომადგენლები. ბიუჯეტის პროექტის ირგვლივ დებატების გამართვის ნაცვლად, იქ ერთმანეთს შორის ურთიერთობები გაარკვიეს. შედეგად, ცნობილი ხდება, რომ ბიუჯეტის პროექტს პარლამენტში პრობლემები აღარ უნდა შეექმნას.

“როცა ცოლსა და ქმარს ბევრი სამუშაო აქვთ და ერთმანეთისთვის ვერ იცლიან, ექიმები მათ ურთიერთობის დეფიციტის დიაგნოზს უდგენენ,”- გვითხრა კანცელარიაში გამართული შეხვედრიდან გამოსულმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ და დასძინა: “ როგორც გაირკვა, საპარლამენტო უმარვლესობასაც და მთავრობასაც ურთიერთობის დეფიციტის პრობლემა შეგვექმნა, თორემ 2005 წლის ბიუჯეტის პროექტი პრობლემა არ ყოფილაო. “

სახელმწიფო კანცელარიაში ზურაბ ჟვანიასთან დაბარებამდე უმრავლესობის წევრები 2005 წლის ბიუჯეტის პროექტის ჩაგდებით იმუქრებოდნენ. დეპუტატების პრეტენზიები ბიუჯეტის პროექტის მიმართ ბევრნაირი იყო, დაწყებული იმით, რომ მას აქვს საკმაოდ არაგამჭვირვალე ხარჯვითი ნაწილი, არ გამოკვეთს პრიორიტეტს, დამთავრებული იმით, რომ ბიუჯეტის პროექტი არარსებულ კანონებზეა აგებული.

[ლადო პაპავას ხმა] “ბიუჯეტი არ არის აგებული მოქმედ საკანონმდებლო ბაზაზე. არ ვგულისხმობ საგადასახადო კოდექსს, ამასთან დაკავშირებით არსებობს პოლიტიკური შეთანხმება. ისეთი არარსებული კანონებია ასახული ბიუჯეტში, რომელთა პროექტებსაც კი არ იცნობს პარლამენტი.”

ბიუჯეტის პროექტის მიმართ ეს სერიოზული შენიშვნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო პაპავამ პრემიერთან შეხვედრის წინ გამოთქვა. იყო სხვა შენიშვნებიც, მაგალითად, ისეთი, როგორიც პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ელენე თევდორაძეს ჰქონდა:

[ელენე თევდორაძის ხმა] “გვიხარია, რომ ხარჯი გაიზარდა, მაგრამ ხარჯის გადანაწილება არ არის სამართლიანი. მე ვერ დავინახე, რომ სახელმწიფოსთვის ადამიანის უფლებები უპირველესია. “

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის წინ ელენე თევდორაძე ძალიან პრინციპული იყო - აცხადებდა, რომ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ის და მისი კომიტეტის წევრები პრეტენზიებს უკან არ წაიღებდნენ. მაგრამ მსჯელობა სულ სხვა მიმართულებით წარიმართა. გაირკვა, რომ პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობა კანცელარიაში ურთიერთობების გასარკვევად დაიბარა და არა იმისთვის, რომ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით დეპუტატების შენიშვნები მოესმინა.

სახელმწიფო კანცელარიაში გამართული შეხვედრიდან გამოსულ დეპუტატებს მკვეთრი განცხადებები აღარ გაუკეთებიათ. ისინიც და მთავრობის წევრებიც ამ შეხვედრის შემდეგ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ მას პარლამენტში პრობლემები არ შეექმნება. რატომ მოხდა პოზიციის ასეთი მკვეთრი შეცვლა, სულ ახლახან ხომ უმრავლესობა ბიუჯეტის პროექტის ჩაგდებით იმუქრებოდა, გაითვალისწინა თუ არა მთავრობამ დეპუტატების შენიშვნები? შეხვედრის შემდეგ ამ შეკითხვაზე საპასუხოდ ამბობდნენ, რომ შეხვედრაზე ბიუჯეტის პროექტი არ განხილულა, რომ შეხვედრა ურთიერთობების გარკვევას დაეთმო და არა ბიუჯეტის პროექტს. მოკლედ, 2005 წლის ბიუჯეტის პროექტის ავკარგიანობის ნაცვლად, მთავრობის წევრებმა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა გაარკვიეს, რომ ურთიერთობების დეფიციტს განიცდიან და სამომავლო პრობლემების თავიდან ასაცილებლად ერთმანეთს უფრო ხშირად უნდა შეხვდნენ.
XS
SM
MD
LG